რაღაცნაირად ჩამოკიდებული სიმარტოვე
ხანდახან სიმარტოვეც კარგია.
ზიხარ ნახევრად ბნელ ოთახში, სიგარეტით ხელში, და კითხულობ. ან წერ რამეს.
მუსიკა...
მთავარია, ნებისმიერ დროს შეგეძლოს გარე სამყაროსთან დაკავშირება. აიღო ტელეფონი და დაურეკო ვინმეს.
ან შეხვიდე ინტერნეტში და რამე ახალი ნახო.
ან ჩართო ტელევიზორი და დედის გინებით ეგრევე გამორთო.
ოღონდ ეგაა, ამ წუთას არავინ არ გინდა.
ორი დღეა, ცდილობ გაექცე სატელეფონო საუბარს ძველ მეგობართან, რომელიც ზუსტად იცი, რომ 2 საათი და 30 ლარი გადიჯდება.
აღლაჭუნო კევი, რომელიც დილიდან გამოგყვა და ყბები აგატკივა უკვე.
სახლში არავინაა.
სამსახურშიც ცალკე ოთახი მაქვს, კარს სულ ვხურავ, მაგრამ მაინც შემოდიან. საქმით, ან უსაქმოდ.
ისე ვერ განმარტოვდები, რაღაცნაირად, სხვანაირად.
ქუჩაშიც ვგრძნობ მარტოობას. საინტერესოა, ფეხით როცა მოსეირნობ და ხალხს ათვალიერებ. რამდენნაირი ადამიანი შეგხვდება, რამდენი გაგიღიმებს, რამდენი დაგიბღვერს. შენ კი გკიდია, და მიდიხარ, დინ მარტინივით ქურთუკის საყელოაწეული და ტუჩის კუთხეში სიგარეტგაჩრილი. არც ვარდება, არც გიჭირავს, რაღაცნაირად ჩამოკიდებულია. სიგარეტი.
და ტუჩის მეორე კუთხით იღიმები. უღიმი ძირითადად ახალგაზრდა გოგოებს - ზოგს უშნოს, ზოგს სიმპათიურს.
აბა, კაცებს ხომ არ გავუღიმებ? არც ბებერ ქალებს არ ვუღიმი, რა იცი, რა ეგონოთ. რასკოლნიკოვი, რამე...
მანქანით სეირნობაც მიყვარს. რამდენი წრე მაქვს ქალაქში დარტყმული, უაზროდ, ნელ-ნელა კატაობით. უმიზნოდ და აუჩქარებლად.
ათვალიერებ სხვა მანქანებს, მძღოლებს...
ისინიც მარტოები არიან. ხშირად, 5 კაცი ვისაც კი უზის, ისინიც ისე იხედებიან ფანჯარაში, რომ გგონია, მარტო ზის მანქანაში.
კაცობრიობა არ დაიღუპება. გადაშენების არანაირი საშიშროება არ გვემუქრება, ვერავინ ვერ მოგვერევა. ვერცერთი საშინელი უცხოპლანეტელი. იმიტომ, რომ ადამიანებს მშვენივრად შეუძლიათ, მარტოებმა იცხოვრონ. ყველანი რობინზონები ვართ. უცხოპლანეტელები კი ჯგუფურად ცხოვრობენ, დამოუკიდებლები არ არიან.
ვიდრე ერთი ადამიანი მაინც არის ცოცხალი, ჩვენ ყველანი ცოცხლები ვიქნებით. მასთან ერთად.
აი, უკვე თითქმის მგონია, რომ აბსოლუტურად მარტო ვარ ამ პლანეტაზე. არასასიამოვნო შეგრძნებაა, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ სიგარეტი მიმთავრდება და სადღა ვიყიდო, თუ აღარავინ დარჩა ცოცხალი...
გავალ, მოვწევ ...

