"წინგი"
მიყვარს, როცა წიგნი ნახმარია.
როცა ეტყობა, რომ ვიღაცას წაკითხული აქვს, და არაერთხელ.
მიყვარს ძველი წიგნები. ბუკინისტებში ხშირად შევივლი ხოლმე, ვათვალიერებ - წარწერებს ვკითხულობ: ”ვიღაცის ბიბლიოთეკიდან”, ”მავანის წიგნებიდან”, ”ჩემს იმანს ავტორისაგან”...
ყველა ადამიანს თავისი ისტორია აქვს, ისევე როგორც მის წიგნებს.
ბუკინისტებს ამ ბოლო დროს ისინი მირჩევნია, მეტროსა და მიწისქვეშა ჩასასვლელების კიდეებზე რომ გადაშლიან ხოლმე ათასობით წიგნს - კვანტური ფიზიკა და ვეფხისტყაოსანი, ისტორიული მატერიალიზმი და დიეტების კრებული, ჰოროსკოპი და სკკპ-ს სხდომების კრებული...
ეს ყველაფერი კი იმიტომ გამახსენდა, რომ ვახუშტი კოტეტიშვილის კვირა წავიკითხე 2007-ის ”თავისუფლების დღიურებში” და ძალიან მომეწონა. დავათრევ ამ წიგნს ზევით-ქვევით, ცივ ოთახში მოსაწევად რომ გავდივარ - იქ ვკითხულობ, ტუალეტშიც შემაქვს და იქაც სიგარეტთან ერთად ვეცნობი :)
ბოლი თვალებს მწვავს, ამიტომ ცალი თვალი მოჭუტული მაქვს, თავი - ოდნავ დახრილი და ისე ვკითხულობ უცხო და ნაცნობი ხალხის დღიურებს.
საწყალი წიგნი - ხან სიგარეტის ფერფლი ეცემა, ხან წყლის წვეთი (ხელის დაბანისას იღლიაში რომ ამოვიჩრი ხოლმე), ფურცლების კუთხეებიც სულ დაკეცილი აქვს...
მიყვარს, როცა წიგნი ნახმარია.
როცა ეტყობა, რომ ვიღაცას წაკითხული აქვს, და არაერთხელ.

