Он - 13 (2)
ზამთრის სუსხის არ ეშინოდა. უკვე აღარ. ფეხის თითები და ცხვირი უკვე მოეყინა. მაინც მირბოდა, ბოლო ძალებს იკრებდა...
სად მირბოდა?
გარშემო - უკიდეგანო თოვლი. ასე ახლოს, თუ ასე შორსაა ცივილიზაცია - არ იცოდა. როდის დაიწყო - არ ახსოვდა. საიდან მოდიოდა - არც ეგ. უბრალოდ, ახსოვდა თავისი თავი - თითქოს უცბად გაჩნდა აქ შუაღამისას, უკვე მირბოდა თოვლიან ველზე, უკვე დაღლილი და გაყინული.
ფეხის ყოველი ნაბიჯი უფრო და უფრო უძნელდებოდა. ციოდა და ის კი მაინც ოფლიანი იყო. კისერში, წარბებზე, ყველგან - ოფლის წვეთები ეყინებოდა. ცხვირს უკვე ვეღარ გრძნობდა. ”ალბათ მომაჭრიან. და ფეხის თითებსაც?” უაზრო აზრები. მიზანიც არ ქონდა - მირბოდა, რომ სადღაც მიესწრო, რომ თავისი თავისთვის რაღაცა დაემტკიცებინა, რომ გაეგო - ვინაა, საიდან მოდის და სად მიდის...
- Where you're coming from?
- Dodge. And you?
- Tombstone. And how's Dodge?
- Okay. And how's Tombstone?
- Well...
აი, ორი ადამიანი, რომელმაც კარგად იცოდა, საიდან მოდიოდნენ (და ვინ იყვნენ), მაგრამ სად მიდიოდნენ, და რატომ - ეგ არც მათ არ იცოდნენ.
ალბათ აღარ ღირს სირბილი - ფიქრობდა. ფილტვები ვეღარ ასწრებდა ცივი ჰაერის გათბობას და სხეულიც ნელ-ნელა ეყინებოდა, ოღონდ გარედან კი არა - შიგნიდან. მართლა აღარ ღირს. თუ არსაიდან მოდიოდა, ესე იგი, არც არავინ არსად ელოდებოდა. თუ აქამდე არ არსებობდა და მხოლოდ აქ გაჩნდა - პირდაპირ ამ მინდორზე, გადათოვლილ, ღვთით დავიწყებულ ადგილას და დროს - ესე იგი, ახლა რომ გაჩერდეს, გაქრება.
არსად აღარ უნდოდა, ამ მინდვრისა და ზამთრის თოვლიანი ღამის გარდა არც არაფერი იცოდა - ნეტა მართლა თუ არსებბს სხვაგან სხვა რამე...
აი ეხლა გაჩერდება. არა, ეხლა. ორი ნაბიჯიც. სამიც. თუ მეტი, კიდევ, აი იქნებ იქამდე მიაღწიოს, და მერე? სადამდე? არაფერი ჩანდა, ”რამე” რომ დაერქვა და ”იქამდე” მისულიყო.
გაჩერდა. ხელები მუხლებზე, წელში მოხრილი. ქშინავდა. მორჩა. გავქრები ეხლა?
რაღაც ახალი გაჩნდა... არა, არც შუქი, არც სხვა რამ. ვერც ხედავდა, ვერც გრძნობდა, მაგრამ ახალი რაღაც დაიჭირა... მოესმა - შორეული სტვენა! გაბმული და ცივი სტვენა, მაგრამ მიზანმიმართული.
- მე? მეძებენ? მელოდებიან?
და გაიქცა. ისევ გაიქცა. უფრო სწრაფად, უფრო მაგრად, უფრო გაიქცა...

