ხმამაღლა
ჯარეტს ვუსმენ ეხლა, სტანდარტებს... პირველ თემას. გლიჯავს, ნუ აი მე ვინ ვარ, რო ჯარეტზე ლაპარაკის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს... მარა მაინც...
ხოდა ხმამაღლა ვუსმენ. ძალიან ხმამაღლა! ასე უნდა უსმინო, ისე ხმამაღლა უნდა უსმინო, რო გაწუხებდეს... ხო იცი, მე როგორი ხმამაღალი ვარ... ხმამაღლა ვლაპარაკობ, ხმამაღლა ვიცინი, ხმამაღლა ვატარებ მანქანას... ხოდა აუწიე, აუწიე, აღრიალე, ისე, რომ ყველამ გაიგოს, ყველა შეწუხდეს!
რისთვის გვაქვს ეს ყურები, მარტო რომ ვიჩურჩულოთ? არა, ეგ სხვა დროისთვის გადავდოთ. ცოცხლები ვართ, და უნდა შევიგრძნოთ ჩვენი სხეულის თითოეული უჯრედით ის, რომ ცოცხლები ვართ. და უნდა ვისუნთქოთ, უნდა ვიყვიროთ, როგორც მაშინ, პირველად რომ ჩავისუნთქეთ!
და უნდა ვაყვიროთ, ყველა და ყველაფერი, ჩვენთვის უნდა იყოს ეს ხმაური! ამ ხმაურში პოულობ ერთ თემას, იჭერ, ნაზად ეფერები, და მისდევ, ასევე ნაზად, რომ არ გაწყდეს, რომ არ დაგეკარგოს, ის ხომ აბრეშუმის თხელი ძაფივითაა... მისდევ და უსმენ, როგორ ეჯახება კედლებს, როგორ ადის და ჩამოდის, როგორ უახლოვდებიან მას სხვები, სხვა თემები/ნოტები/ჰანგები/ხმაურები, და გინდა, რომ დაიცვა, და მოაშორო ისინი, რომ ეს არ დაიკარგოს, რომ ამან განაგრძოს არსებობა, იმიტომ რომ შენია, შენ იპოვნე და შენ გინდა რომ გქონდეს...
და ხედავ, როგორ უცბად, მაგრამ მშვიდად, ნელა, მაგრამ შეუპოვრად იზრდება შენი ეს თემა, სხვებს თავს კი არ აჩაგვრინებს, პირიქით, ყლაპავს, შთანთქავს, ინელებს და იერთებს და ვითარდება, სიძლიერე ემატება, მრავალფეროვნება ემატება, ხმაურიც ემატება, სხვაა ის უკვე, ძაფი კი არაა, თოკია, არა, უკვე ჯაჭვია დიდი, რომელიც ყველაფერს მოიცავს, შენც კი მოგიცვა, ალყა შემოგარტყა, და გიხარია, იმიტომ რომ სულ რაღაც სამიოდე წუთის წინ შენ ხელში გეჭირა, და შენ უვლიდი, ახლა კი ის გივლის გარს, გამდიდრებს ამ თავისი ხმოვანებით, რომელსაც მერე უკვე ფერები მოსდევს, ტვინი მარტო ხმას ვეღარ აღიქვამს, იმიტომ რომ ხმამაღლაა, იმიტომ რომ მარტო გარსს კი არ ეხება, უფრო ღრმად ჩადის, სულში, გულში ჩადის და უკვე ვიზუალური მხარდაჭერა ჭირდება, სხვანაირად ვეღარ აღიქვამ, იმხელაა, და იმდენად მდიდარია, და იმდენ რამეს გაწვდის...
აუწიე, baby, კიდე აუწიე!!!
(არა, ეს ჯაზი მაინც სულ სხვაა...)

