Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს

Updated
2 min read

ერთხელ, ერთს ჩრდილოევროპულ ქვეყანაში, ზამთრის ცივ და თოვლიან საღამოს ბუხრიან ლუდხანაში ვატარებდი და ცხელი ირლანდიური თაფლიანი ვისკით ვიქცევდი თავს. მანამდე უკვე ბევრი ლუდი მქონდა დალეული, ამ ყველაფრის შემდეგ კი სამხრეთ ევროპელ გოგონასთან პაემანი მქონდა დაგეგმილი...

თუმცა ეგ რა შუაშია, სხვა რამის მოყოლა მინდა:

იმ პატარა ქალაქს რამდენიმე ათასწლოვანი დაწესებულება ქონდა: ხსენებული ბუხრიანი ლუდხანა, ასევე უნივერსიტეტი და საროსკიპო, ანუ ბარდელი, გნებავთ - ბორდელი. ამ სამიდან ორი კარგად მქონდა ათვისებული - უნივერსიტეტში ვითომ ვსწავლობდი და ლუდხანაში ვითომ ვისვენებდი ხოლმე.

ჩემსავით საწყალი ქვეყნიდან ჩასული ჩემსავით თავქარიანი და თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე, უსაფუძვლოდ ამაყი და ფეთქებადი ხასიათის მრავალი სამხრეთელი თუ აღმოსავლელი ცდილობდა იმ ცივ და თოვლიან ქვეყანაში საუნივერსიტეტო ცოდნას დაუფლებოდა. ამაოდ ხომ არ ეწერა ჩვენი უნივერსიტეტის კარიბჭეზე - Non scholae, sed vitae discimus!

ამიტომაც მრავლად ყავდა ამ ქვეყანას უცხოელი სტუმარი. ამ სტუმრებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ჩემი ბედკრული სამშობლოს შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ; და ისეთებიც, ვინც ეგვიპტელსა და ვენეციელს შორის განსხვავებას ვერ ხედავდნენ.

სწორედ ასეთ ”კამპანიაში” ამოვყავი თავი და როცა მკითხეს - სადოური ხარ, ნენე, შენაო, მივუგე: იმ ქვეყნიდან ვარ, რომლის დედაქალაქს მდინარე ორ ნაწილად ყოფს - ერთი ევროპაშია, და მეორე აზიაში-მეთქი.

შთამბეჭდავი ეფექტი ქონდა ამ ნათქვამს. ყბები დაცვივდათ და თვალები აეწვათ, ისეთი ტყუილი ვთქვი, მაგრამ არ შევეპუე. ერთმა ოსმალო თურქმა კი დააპირა: მოიცა, მოიცა, აბა სტამბულიო? რაზეც მყისიერ შევეპასუხე: სტამბული კი არა, კონსტანტინოპოლი-თქო. და დავუმატე: კაცო, მე თურქეთი ევროპა მგონია და შენ აზიელობას იბრალებ-მეთქი? მოეწონა თურქს, სულ მთლად ევროპად რომ მივიჩნიე და კვერი დამიკრა - ხო, ხო, გურჯისტანის ვილაიეთი და საკუთრივ მისი დედაქალაქი, ტიფლისი ნამდვილად ორ კონტინენტზე დგასო.

1 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬