Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

აჩრდილის წარსულები

Updated
1 min read

ეს Swatch-ის საათები თურმე რა ხმამაღლა წიკწიკებს... ნევროზი არ მაქვს, უბრალოდ არ მაძინებს წამების ისრის წამდაუწუმ გაწამებული სირბილის ხმა.

ჩემი პირველი Swatch... დიდი ხნის წინ იყო, მგონი წინა ცხოვრებაში... თან, მთლად ჩემი არ იყო, ჯერ სხვისი იყო, მერე იმან დაკარგა, მერე მე სხვას ვაჩუქე, მერე კარტში მოვუგე უკან...

იმ ქალაქში ასე 10 წლის მერე დავბრუნდი. გავლით ვიყავი და "მესაათე" მეგობრები ვეღარ მოვინახულე. სამაგიეროდ, ფიქრებმა შემიპყრო და ვინაიდან ასეთი რამ იშვიათად ხდება, გადავწყვიტე ჩავძიებოდი...

ისე, რამდენჯერ დაბრუნებულხართ უკან? ხომ ნათქვამია - ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო. მართალია და ამავე დროს არა.

შეხვალ და მდინარეც იგივე იქნება, მაგრამ წყალია სხვა. ბევრი არ მაქვს ასეთი ადგილი - სულ რამოდენიმე ქალაქი და ერთი-ორი ქუჩა თბილისში, მაგრამ რომ გავივლი ხოლმე და ათასი წლის წინანდელი ამბები მახსენდება - უხერხულობა მიპყრობს.

არა, არაფერი დამიშავებია და არც დანაშაულის ადგილზე დაბრუნებული მკვლელის სინდრომი მაქვს. უბრალოდ უსიამოვნო შეგრძნებაა - მოგონებათა მტვრიან და შმორიან არქივში უცბად რომ ჩაგაყოფინებს ცხვირს საკუთარი alter ego და რაღაცეებს გებოდიალება - გაკითხებს, გათვალიერებინებს, გეკითხება, თუ გახსოვსო...

მორჩა, გეყოფა! მახსოვს და არ მინდა რომ მახსოვდეს, ან სხვანაირად მახსოვს და ნუ დამიმახინჯებ წარმოსახვით სურათს.

თუმცა, ხანდახან სასარგებლოც კია არქივის ამოქექვა. წელიწადში ერთხელ. ყოველ ნაკიან წელიწადს, რაღაც ჩემპიონატივით. საკუთარი თავის გაცნობაში გვეხმარება.

სცადეთ, მიბრუნდით ერთ ასეთ ადგილზე თქვენც, და მოგონებების არქივსაც ეწვიეთ, ოღონდ ძალიან არ ამოქექოთ - მტვერმა ალერგია იცის...

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬