აბსურდული კადრები
რა უნდა დავწერო, არც ვიცი...
რატომ უნდა დავწერო, ეგეც არ ვიცი...
უბრალოდ, საზარელი კადრები შემიძლია აღვწერო, რაც ვნახე, და რასაც მომიყვნენ, და რაც მოხდა...
ბებია, რომელიც პოლიციის მანქანას კაპოტზე ხელებს ურტყამდა და ცდილობდა, გაეჩერებინა...
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც იქ არავის უყვარდა, მაგრამ მაინც მივიდა, და გამეტებით ცემა ნახევრად გადაცმულმა, ნახევრად პოლიციელმა...
სპეცრაზმის წევრი, რომელიც ხალხს ვერ გაექცა და სასტიკად გაილახა, და მერე ისევ იმ ხალხმა მიიყვანა სასწრაფო მანქანამდე...
ვიღაცის წითელი გოლფი, რომელიც შეტაკების შუაში მოყვა და პოლიციელებმა ხელკეტებით უბრალოდ დალეწეს... გასართობად...
ხუთი ნაცემი კაცი, რომელმაც სამი სპეცრაზმელი ცალკე დაიგულა და კარგად დაასილაქა - გული იჯერეს...
ცნობილი ტელევარსკვლავი, რომელიც ხალხისგან პოლიციამ ძლივს გადაარჩინა...
ცნობილი მომღერალი, რომელიც საკმაოდ ჯანსაღი აზრისთვის, მაგრამ არც თუ ისე წარმატებული ფორმულირებისთვის გამოლანძღეს...
სპეცრაზმი, რომელიც მომიტინგეების მსგავსად იქნევდა რაღაც ჯოხებს და გაიძახოდა რაღაც ლოზუნგებს...
გოგო, რომელსაც ათასობით კაცმა გადაუარა, სანამ ვიღაცამ არ მოიფიქრა, ფეხზე წამოეყენებინა...
ტელეკამერების წინ, პირდაპირ ეთერში, ცხრა პოლიციელის მიერ ფეხქვეშ გაგდებული კაცი, და ვიღაც უბრალოდ ვაჟკაცი, რომელიც პოლიციელებს ფეხებში შეუვარდა და ამ ნაცემ კაცს თავისი ტანით გადაეფარა...
ჟურნალისტები, რომლებსაც თავზე დაამსხვრიეს კამერები, და პოლიციელები, რომლებსაც თავზე გადააღუნეს რეზინის ხელკეტები...
რეზინის ტყვიები, პირდაპირ სახეში ნასროლი...
ვიღაცის, გაზის ყუმბარის პირდაპირი მოხვედრისგან გადატეხილი წვივი...
მომენტი, როცა ვიწრო ქუჩაზე გაქცეულ ხალხს სპეცრაზმი მისდევდა, და უცბად თვითონ გადაიქცა დევნის ობიექტად - აბსლუტურად მოულოდნელად ხალხი მოუტრიალდა...
სპეცრაზმელის ყვირილი - არ მომკლათ, ცოლ-შვილი მყავსო...
ქალაქგარეთ წაყვანილი და ნაცემი პოლიტიკოსები...
დახურული ტელევიზია - დამტვრეული კამერები, კომპიუტერები, მანქანები და ცხვირები...
კიდევ რამდენი რამე დავწერო...
იმ სიტყვებს ვერ გავიმეორებ, რა სიტყვებითაც მიმართავდა ერთმანეთს ორივე მხარე... ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფა...
რატო, რისი გულისთვის მოხდა ერთი, ან მეორე, ან მესამე რამ?
არ ვიცი და არც მაინტერესებს, შევეცი ამ ყველაფერს უბრალოდ.

