Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

ვინმე 🔰

Updated
2 min read

ვინმე რომ მხედავდეს ეხლა...
აგარაკი...
ბუხარი...
ვისკი...
ლუდი...
მარილიანი ჩხირები...
მუსიკა...

მუხლებზე ლეპტოპი...

ვოლფგანგი განცვიფრებული მიყურებს - ვერ ხვდება, რაშია საქმე...

არადა, რა მიხვედრა უნდა... მარტოობაშია საქმე... მარტო ვარ, სულ მარტო, ვოლფი არ ითვლება. მარტო მინდოდა ყოფნა? არც მაინცდამაინც, მეგობრებიც მთხოვდნენ, წამოვალთო აგარაკზეო, მაგრამ ვერ მოაბეს ეტყობა თავი...

ხოდა სადღაც გამიხარდა კიდევაც, რომ მარტო დავრჩი ჩემს ფიქრებთან, ჩემს ოცნებებთან, ჩემს ტკივილთან და საზრუნავთან ერთად...

ზამთრის საბურავები ვიყიდე დღეს და მიხარია... განა ეს საქმეა? განა ეს ცხოვრებაა???

ისე დაცხა, რომ ჯემპრს ვიხდი და მაიკის ამარა ვრჩები. საკაიფო მაიკაა, სულ წითელია და თეთრ-ვერცხლისფერ ვარსკვლავში იგივე ფერით რიცხვი - 16 აწერია.

16 წლის ვარ?
16 წლის წინ?
16 წლის შემდეგ?

ერთადერთი კავშირი გარე სამყაროსთან - სმს-ები. ძვირი სიამოვნება არაა, ჩემთვის. სხვისთვის - კი. ამიტომ ამასაც ვზღუდავ, როგორც შემიძლია...

ჩავრთო ტელევიზორი? ვერ ვიტან მაგ წყეულ ყუთს, ვერა... არ მინდა იმის ნახვა, რა ხდება მსოფლიოში. არ მაინტერესებს. აღარ მაინტერესებს დიდი ხანია... მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს, ერთი ადამიანი... ის კი ასე შორსაა...

ვისკი...

ძაღლმაც დაიძინა, ბუხარი მინელდა, დისკი დამთავრდა...

ავდგები, მივხედავ ყველაფერს და მოვალ... მეზარება თან. თან მინდა, თან არ მინდა...

იცით, რას დავაკვირდი? ცივილიზაციას რამხელა გავლენა აქვს ჩვენზე... მელანდება რაღაცეები. არა, ჯერ მთვრალი არა ვარ, მაგრამ პერიოდულად მანქანის სიგნალის ხმა, ტელეფონის ყურმილში რო ზუმერია, ის, კიდევ ათასი სხვა, ქალაქიდან გამოყოლილი ხმაური მელანდება...

არადა, აქ ხმის მხოლოდ რამოდენიმე წყარო მაქვს:
ბუხარში შეშის ტკაცუნი
ცეცხლის გიზგიზი
ჩემი და ვოლფის სუნთქვა
ლეპტოპის ქულერის ღუღუნი
კლავიშებზე თითების კაკუნი

სიგარეტი... მინდა და თან არ მინდა... ყველაფერზე ეგრე როგორ ვარ? აქამდეც ეგრე ვიყავი, მაგრამ ეხლა უფრო გამძაფრებული მაქვს შეგრძნებები... მინდა და არ მინდა... და ზუსტად ვიცი, რაც მინდა, და ასევე ზუსტად - რაც არ მინდა...

ხოდა ეგრე ვარ. გავშლი ეხლა ტახტს და წამოვწვები. და ვუყურებ რამე დებილურ გადაცემას ტეოტიუაკანის კულტურაზე, ან იარაღის ხელოსნებზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეასე საუკუნეში, ან რამე პორნოგრაფიას, ან სულაც - ფრანგულ ენაზე იმათ ჯეოსტარს - ფრანგულს... იგივე მარაზმი იქნება, რაც ქართული, დარწმუნებული ვარ.

საერთოდ არ ჩავრთავ.

ეს თქვენ გაგიმარჯოთ, ჩემო მკითხველებო, გიცნობთ კარგად, მაგრამ თან - საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, ვინა ხართ, რა გინდათ, საიდან მოსულხართ, სად მიდიხართ...

გაგიმარჯოთ და აბა თქვენ იცით, ხშირად შემოდით ხოლმე. აქამდე ჩემთვის ვწერდი - თქვენთვის არა, არ გეგონოთ, რომ თქვენზე ვზრუნავ, ამის ილუზიას ნუ შეიქმნით.
ახლა სხვა სიტუაციაა ისევ ვწერ, ოღონდ აღარც ჩემთვის, და მით უმეტეს, არც თქვენთვის - მისთვის ვწერ. იცის თვითონ. ისიც ეგრეა...

და იცით რა? თქვენ მაინც შემოდით, დააკომენტეთ, თქვენი აზრები, სურვილები გამოხატეთ... ზოგს მოვუსმენ, ზოგს - არა... ეგეთი ვარ, უჟმური და მჟავე და უხასიათო.
სინამდვილეში კი - სულ სხვა ვარ...

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬