Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

სულ დამავიწყდა მომეყოლა

Updated
3 min read

დღეს ხომ ფეხბურთი იყო, და მთელი დღე გზები გადაკეტილი ქონდათ ჯიგრებს... მოკლედ, მანქანა დავტოვე და ფეხით გავემართე სამსახურისკენ. აბა სამსახურის მერე უკან სახლში მანქანით ვინღა შემომიშვებდა, სანამ ჩვენები არ წააგებდნენ... :)

მოკლედ, სამსახურიდან რომ წამოვედი, საშინელ ხასიათზე ვიყავი (რავიცი, ნუ ვიყავი) და ამ წვიმაში ფეხით გამოვისეირნე... ხოდა ბუკიას ბაღთან რომ მოვედი (ეჰ...) უკვე ისეთი სველი ვიყავი, რომ მივხვდი - შინ, მხოლოდ შინ! სულ წინ გასწი, დვორსკი!

და ჩავედი მეტროში. ღმერთო ჩემო, თურმე სულ არ მომნატრებია 20-თეთრიანი პლასტმასის ჟეტონები, და ეს სუნი, და ეს წრიპინა გამშვებ-ჩამშვები აპარატები... არც ესკალატორი მომნატრებია, არც ბაქანი, არც დაგვიანებით მოსული მატარებელი (წესით რომ 2 წუთში ერთხელ უნდა მოდიოდეს), არც ძველი ვაგონები არ მომნატრებია (ახალი არც მინახავს), არც გადასასვლელი მეორე ხაზზე - ვაგზლის მოედანი 2-დან ვაგზლის მოედანი 1-ზე...

და ნუ ხალხი... ხალხი... რამდენი ხანია, ამდენი ხალხი ერთად არ მინახავს... სახეები, მიმიკა, გრიმასები, სუნი...

ტუნელში გავჩერდი ცოტა ხანი და (როგორც ღამის გუშაგს შეშვენის) თვალები დავხუჭე და ყური დავუგდე ხმაურს გარშემო... ხალხი ირევა, ყველა თავისას ფიქრობს, ლაპარაკობენ, ყაყანი არაა, უფრო ისეთი, მონოტონური გუგუნია... ალაგ-ალაგ ფრაზებს იჭერ...

თვალები დახუჭული გაქვს, და ცდილობ, ამ გუგუნში დადებითი მუხტი იპოვო, დაიჭირო, დაიტენო შენც, მაგრამ იმასაც არ წაართვა ბოლომდე... ხედავ, რომ ვიღაცას უფრო ჭირდება ეს მუხტი, მაგრამ რას იზამ - საკუთარი აკუმულატორების დატენვაზე ყველამ თვითონ უნდა იზრუნოს...

და გრძნობ, როგორ მოდის ეს ენერგია... არ იცი ზუსტად, რისგან შედგება, სანამ არ შეიგრძნობ, სანამ არ მიიღებ და მოინელებ... ჯერ მთავარია დაიტენო, და მერე გადაახარისხებ.

ატყობ, რომ უკვე უკეთ ხარ, აღარ გშია, აღარ გწყურია ეს ენერგია, აქამდე კინაღამ იქვე ჩაიკეცე, ჩასასვლელში, ეხლა კი ატყობ - მუხტი გეყოფა სახლამდე, და სახლში ხომ მოუვლი თავს, დაეგდები ბნელ ოთახში, ჩართავს ჯა(ზს)რეტს და გაითიშები... დაიცლები და დაიმუხტები თავიდან...

გავახილე თვალი და წავედი... ვატყობ, რომ ეს ის მუხტი მაინც არ იყო, რაც მჭირდებოდა. კი, სახლამდე მიმიყვანს, არ დავიკარგები, მაგრამ რატომ მაქვს ეს გულისრევის შეგრძნება? მერე რა, რო დაუბანლები არიან, და უშნოები, და გოიმები, და რბილი ”ლ”-ებით ლაპარაკობენ? მერე რა რო უყვართ, და სძულთ, შენსავით ან შენგან განსხვავებულად? მერე რა, რო მწვანილს ყიდიან, ან კარტოფილს, ან სხეულს, შენ რას ყიდი, ეგეც არ იცი... იგივე, შენნაირი ადამიანები არ არიან?

და მაინც, გული გერევა. ამათზე, ამათ გამო? თუ შენზე, შენს გამო? ხედავ, ატყობ, რომ თავს ვეღარ იკავებ. არბიხარ ესკალატორზე, ვიღაცას ეჯახები, წააქცევ, გადაახტები და მირბიხარ ზევით, ცალი ხელი პირზე აფარებული, მეორეში
ცხვირსახოცი... შეშლილი თვალები - შენი, და იმათი, ვინც გხედავს... გამორბიხარ გარეთ, ეხლა საით? ხედავ მიზანს, ნაცნობი შენობა, ნაცნობი თაღი, აჰა, აქა ხარ, ეგაა, გეშველა...

შუქნიშანი. წითელი. მირბიხარ. მუხრუჭი. სიგნალი. ეჯახები ისევ. გაგინებენ. შენ ვერ ცემ პასუხს, ფიქრობ: ”მაგის დედაც, ჯეკ!” და შერბიხარ ეზოში, ირიბად, სხეული უხვევს, ფეხები ინერციით გვერდზე გრჩება... კინაღამ დაცურდი, მაინც მირბიხარ უკვე თვალებდახუჭული, ვეღარ სუნთქავ, მიზანი ახლოსაა... უკანა ეზოში, მშენებლობაც, ნანგრევებიც...

უკვე მუხლებზე ხარ, ტალახში და წვიმაში - და გულს ირევ, აღებინებ, არწყევ, ამ ნაღველს, ამ სუნს, ამ დარდს, ამ ხალხს, მათ ემოციებს, კარგს ვითომ , რითიც დაგტენეს, ამ ვაგონს, ამ მეტროს, ამ ქალაქს არწყევ უკან, აბრუნებ, არ გინდა, არ გინდოდა თავიდანვე, მაგრამ ასე გჭირდებოდა.

ეს ის ენერგია არაა, მე რაც მინდა... თურმე სულ არ მომნატრებია...

მე სხვა მინდა. სხვა რამ მენატრება.

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬

სულ დამავიწყდა მომეყოლა