სიითი შემადგენლობა
ასაკთან ერთად ადამიანს გამოცდილებაც ემატება.
სამაგიეროდ, ტვინის უჯრედები კვდება და წაკითხულს, ნანახს, ნასწავლს და გამოცდილს ვეღარ იმახსოვრებ.
აი, ასეთია ადამიანობის პარადოქსი - გამოცდილება გემატება, მეხსიერება კი გაკლდება.
კიდევ სხვა რამეებიც გაკლდება - კალციუმი ძვლებში, ენერგია და ატფ, გაკლდება ასევე ხალისი და სილაღე. სურვილებიც გაკლდება და უფრო მეტად რეალისტი ხდები. იხსენებ, როგორ დაფრინავდი შენს ოცნებებში, როგორ იპყრობდი აუღებელ მწვერვალებს და გეცინება.
ეხლა შენთვის სულ სხვა მიღწევებს აქვს მნიშვნელობა და იდუმალი, აუსრულებელი სურვილების დევნას მომავალ თაობას უთმობ.
სამაგიეროდ, მშვიდად ზიხარ და აკვირდები, უსმენ, ითვისებ და აანალიზებ გარშემო მიმდინარე პროცესებს. და ერთ რამეს ხვდები - ეს მარტო ადამიანური პარადოქსი არაა, ზოგადად საკაცობრიო პრობლემაა ის, რომ დროსთან ერთად თითქოს გამოცდილება და ცოდნა გვემატება, მაგრამ სამაგიეროდ მეხსიერება გვიმოკლდება და უფრო მეტი რამ გვავიწყდება კიდეც...
ვეღარ ვიხსენებ:
ვინ მინდოდა გამოვსულიყავი, როცა გავიზრდებოდი
რომელი ზღაპრები მიყვარდა
რა ქვეყნებში მინდოდა მემოგზაურა და რატომ
რომელი დღესასწაულები მომწონდა
რატომ მიყვარდა ტკბილეული და არ მიყვარდა წვნიანი (ვერ ვიტან, როცა ქართულად "სუფს" ეძახიან)
რა მოხდა ჩემს დაბადების დღეზე (და კონკრეტულად, რომელზე), რის გამოც შემზიზღდა ეს დღე
რამდენი წიგნი მაქვს წაკითხული
რამდენი მეგობარი დაკარგული
რამდენი აუსრულებელი ოცნება დამრჩა
ან რამდენი ამისრულდა
კიდევ ბევრ რამეს ვეღარ ვიხსენებ, მაგრამ ამის სიასაც ვერ ვწერ - დამავიწყდა...

