Running
მოვრბივარ... ტალახი არ მიშლის ხელს, არ ვაქცევ ყურადღებას, პირდაპირ ვაბიჯებ, ვხტები შიგნით...
ფეხებს დიდზე ვადგამ, რომ მეტი მანძილი დავფარო...
ოფლიანი სახე, ხელები...
რუკზაკი უკვე სადღაც დავაგდე, ეხლა ალბათ ქურთუკსაც მივაყოლებ...
ხალხსაც ვწუწავ, როცა გუბეებში ვხტები. ზოგს ვახტები - გუბეებსაც, ხალხსაც.
თვალებს ვაცეცებ - ყველას ვერ ვხედავ, მარტო დეტალებს ამოვარჩევ ხოლმე და მზერას ვაჩერებ.
მაგრამ უკვე ისე ჩქარა მოვრბივარ, რომ მზერასაც ორ-სამ წამზე მეტხანს ვერ ვაჩერებ...
გეძებ, შენი... სადა ხარ?
ხალხის ნაკადს ვაპობ. ვეჯახები, მლანძღავენ, ვიფურთხები უკან - და წინ მივრბივარ...
აქ ხარ, სადღაც აქ... აქვე, მოიცა, აი ეს ხომ არა ხარ? არა! ეს? არა!
სად ხარ აბა, სად, რომ ვერ გპოულობ ამდენი ხანი???
რამდენი ხანი გეძებდი, გიპოვნე, წამით გაგიშვი და ისევ საძებნელი გამიხდი...
მოვრბივარ, პატარა, აქვე ვარ, მოვალ მალე... ვიცი რომ შენც მოდიხარ, ვიცი, მაგრამ შენ ნელა მოდიხარ და მე ვეღარ ვითმენ - მოვრბივარ...
ქუჩები, შუკები, ქვაფენილი, ორმოები, ჩაცუცქული მზესუმზირის გამყიდვლები, მეყვავილეები, მათხოვრები, მანქანის ქვეშ სახელდახელოდ შესაკეთებლად შემძვრალი ტაქსის მძღოლები - ამათ ყველას თავზე ვახტები, ვეჯახები, და ვაგრძელებ სირბილს...
მოვდივარ და მოგნახავ, სადაც ხარ... თან ვიცი, სადაც ხარ, ვიცი...

