როგორ იწერება პოსტები 2010
ანუ, როგორ იწერება აი ეს ბლოგი - დღიური.
როგორ და ჭრელად. და ლამაზად ;)
ხან კომპიუტერზე, იშვიათად - სამსახურში, ხშირად - სახლში; ხანაც ფანქრით ან კალმით, რომელიმე დახეულ ფურცელზე ან რამე ქვითრის უკანა მხარეს, ხან კი - მანქანაში, ტელეფონით: ან გაჩერებულზე, ნოუთბუქში, ან "ნა ხადუ", საუნდ რეკორდერით...
მერე რჩება იქ, სადღაც, ტელეფონში/კომპიუტერში ან უჯრაში, ან რომელიმე პიჯაკის უბეში, ან ჯინსის უკანა ჯიბეში, ოთხად გაკეცილი და გალურჯებული...
მერე როდისმე აღმოვაჩენ ხოლმე - უი, აბა ერთი ვნახოთ რა დამიწერია... ვკითხულობ, მომწონს და ეგრევე ვდებ ბლოგზე. ყველანაირი რედაქტირების და შეცვლის გარეშე. თუ არ მომწონს, მაშინ ვაგდებ - ჩემი აზრებია, რასაც მინდა, იმას ვუზამ, ხომ მეთანხმებით?
აზრების განიავებისათვის ჯერ არავინ დაუსჯიათ. აი, სხვა რამდენი რამ მაქვს განიავებული, რომ იცოდეთ...
დავუბრუნდეთ პროცესს. თუ მომწონს ნაჯღაბნი ან ხმოვანი მემო, შეცდომებს ვასწორებ ხოლმე და ბლოგზე ვაქვეყნებ. განსაკუთრებული გრძნობით დაწერილ პოსტებს ვანეიტრალებ - ამ ქვეყანაზე იმდენი გამოსირებული ადამიანი აღწერს ხოლმე თავის... ხო არ გვინდა ეხლა, სხვებს არ განვიკითხავ.
მერე ვზივარ და ვეძებ რაიმე ლამაზ ფოტოს - ოდნავ მაინც კავშირში რომ იყოს შინაარსთან. ეს კავშირი ყოველთვის პირდაპირი არაა - ხანდახან აბსურდული ფოტოებიც მომწონს და იდუმალი, მარტო ჩემთვის ცნობილი მიზეზის გამო ვთვლი, რომ ამა თუ იმ პოსტს მოუხდებოდა. თქვენ კი არასოდეს იმჩნევთ ფოტოებს, მხოლოდ ტექსტებს აკომენტებთ. ფოტოებსაც შეავლეთ ხოლმე თვალი, კაი?
საბოლოოდ, ვაქვეყნებ პოსტს, მერე კიდევ ერთხელ ვკითხულობ გამოქვეყნებულს - შეცდომა ხომ არაა სადმე გაპარული. მერე ლინკებს ვამოწმებ, ლამაზად და შინაარსიანად თუ არის ჩასმული კონტექსტში და ვხურავ ბლოგს.
მერე ვზივარ და კომენტარებს ველოდები...
თუმცა ამ ყველაფერს რატომ გიყვებით - რაში გაინტერესებთ, არც კი ვიცი.

