ყავის მოლოდინში
ვიდრე ხვალინდელი მოხსენების წერას ჩავუჯდები, ცოტას აქ გავივარჯიშებ.
თან ყავას ველოდები.
მეგობრის დაბადების დღე დამავიწყდა, სულ დავბერდი ეტყობა...
მაგიდა დავალაგე და ნაგლეჯ-ნაგლეჯ ჩანაწერებს წავაწყდი.
ვამზადებდი ალბათ ბლოგისთვის, არ მახსოვს. მეილებშიც რამდენი დრაფტი მაქვს, ორ-სამ სიტყვიანი, ან რამდენიმე აბზაციანი...
ამ მეილებს ალბათ არასოდეს გავგზავნი - მათ ადრესატი არ ყავთ... ან ეგრევე აქ დავპოსტავ, ვნახოთ...
სპამს გადავხედე, რამდენი საინტერესო რამ დაგროვილა თურმე... სხვათა შორის, რამდენიმე ლინკს გავყევი და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა პორნოგრაფიის მაგივრად ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთების რეკლამა დამხვდა :)
მტვერსასრუტი, ტელეფონი, აბაზანა... ამ ყველაფერს სპამში ისეთი კონტექსტით გაწოდებენ, გეგონება ვიღაც გოგონა მტვერსასრუტთან ერთად აბაზანაში ხვანცალებსო...
თურმე, ნურას უკაცრავად, უბრალოდ მტვერსასრუტის გაყიდვა უნდა. ეტყობა აღარ აკმაყოფილებს.
სულ გაგიჟდა ეს ხალხი. ნისლი იყო გუშინ ქალაქში და ეტყობა, ამათ აზროვნებაზეც მოქმედებს. მინდოდა ნისლზეც დამეწერა, მაგრამ რაღა, არ იცით, როგორია, ან რისთვისაა?
თუ არ იცით, იმათ კითხეთ, ვინც იცის.
აი იცით რაზე მინდოდა კიდე დამეწერა?
ოქტომბერში რომ იყო ერთი საღამო, მზე ჩადიოდა, და რაღაც მომწვანო/მოყვითალო ფერი დაკრავდა ყველაფერს... თითქოს ბურუსი იყო, ცა ოდნავ მოღრუბლული, და ფანჯრებში ზანტად იქცეოდა ეს მწვანე და ყვითელი ფერი, მზე აღარ ჩანდა, იჯექი და უყურებდი, როგორ ივსება ოთახი, ქვევიდან, ჯერ იატაკი, მერე კოჭებამდე ამოვიდა ფერი, მერე მუხლამდე, აი წელამდე დაგფარა, ადექი და გაიარე, აიმღვრა, ამოგყვა, ნაგლეჯ-ნაგლეჯ აფრიალდა, გაჩერდი და ისევ დადგა, დაილექა, მაგრამ შეუჩერებლად იმატებდა მაინც, ნელ-ნელა ყელამდე ამოვიდა - ისე, რომ გეშინია შესუნთქვის, გარეთ ფრთხილად იხედები, იქაც ყველაფერი ყვითელი და მწვანეა, არ ვიცი ამ ფერს რა ქვია, კარგია და ცუდი ერთდროულად, ტბკილი და ბლანტი, ოღონდ არასასიამოვნოდ ტკბილი, თურქული შოკოლადის ლიქიორივით, სტუდენტობის დროს რო ვსკდებოდით ხოლმე, ორლარნახევრად, და ლეგენდები რომ დადიოდა, ხალხს აბრმავებსო, და ჩვენც, რუსული რულეტკის პონტში მაინც ვყიდულობდით და ვსვამდით, მაგრამ ის ყავისფერი იყო, შოკოლადისფერი, და ეს ფერი კი სევდისფერია, მომწვანოც, მოყვითალოც, ყველაფერი ერთადაა, და გავსებს, აი უკვე სუნთქვასაც იკავებ, თვალებამდე ამოვიდა, გინდა დახუჭო და ვერ ასწრებ, ერთი დახამხამება და... გადმოიღვარა შენში - პირდაპირ თვალებიდან, არ გეწვის, არც გტკივა, უბრალოდ სიგრილით გავსებს, ცოტა გცივა, ჩაისუნთქე უეცრად, და გრძნობ - შიგნიდან როგორ გავსებს უკვე, რაღაცას გაძლევს, გამშვიდებს თურმე, იცი? დგეხარ და გაკვირვებული ათვალიერებ ახალ სამყაროს, რომელიც მხოლოდ ორი ფერისგან შედგება - მწვანე და ყვითელი, ყვითელი და მწვანე, ყველაფერი ამ ტონალობაშია, ყველაფერი, ყველა ფერიც კი ამფერია...
არარეალურია და მაინც, მართალი ამბავია. მართლა ეგრე მოხდა.
წავედი, ყავა მზადაა.

