მომავლის განათლება
მაინტერესებს, რას ფიქრობთ განათლების მიღების ინოვაციურ მეთოდებზე, განათლების მიღების ალტერნატიულ წყაროებზე - რას ჰმატებს ეს თაობებს:
ეს ძალიან ახალი და ჯერ კიდევ გაუსინჯავი ხილია - მეც მქონდა ბლოგზე ასეთი სერვისების მიმოხილვა, სადაც არა მარტო ვიდეოების ნახვა შეიძლება, არამედ სრული კურსების გავლაც კი - სტენფორდის, მიტ-სა და სხვა რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტი, ასევე სპეციალურად შექმნილი, ონლაინ-უნივერსიტეტი - ხანის უნივერსიტეტი, აბსოლუტურად უფასოდ სთავაზობს ყველა მსურველს ახალი პროფესიის დაუფლებასა და შესწავლას.
რას უნდა ვფიქრობდე გარდა იმისა, რომ ეს გენიალური რამაა და იმედია, ფართოდ გავრცელდება და საყოველთაო ხასიათს მიიღებს. მაგრამ, მეორეს მხრივ, ძალიან ძნელია ასეთი გზით განათლების მიღება - ძალიან ძლიერი თვითდისციპლინაა საჭირო, რასაც უბრალო მოზარდი - საშუალო სტუდენტურ ასაკში - ვერ მოახერხებს. ამას უფრო ზრდასრული, დისციპლინირებული ადამიანი მოახერხებს. ანუ იდეაში, მომავალში შეიძლება ეს პრაქტიკა ისე წავიდეს, რომ საშუალო განათლების მერე ერთ უმაღლეს განათლებას ადამიანი მიიღებს ინსტიტუტში/უნივერსიტეტში, მეორე პროფესიას კი, თავისი გემოვნებისა და სურვილების შესაბამისად - პირადად დაეუფლება.
დღევანდელ სამყაროში ერთი პროფესია და ერთი უცხო ენის ცოდნა აღარაა საკმარისი, რომ თავი ირჩინო (ხშირად ორ-ორი და მეტია საჭირო), მომავალ თაობებს კი ეს კიდევ უფრო გაუჭირდებათ. საერთო ტენდენცია ისეთია, რომ ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად იბადება ახალი პროფესიები, ასევე მნიშვნელოვანია რეგრესის ფაქტორებიც, როგორიცა დემოგრაფიული საკითხები, მსოფლიო შიმშილი, გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან - ესეც ახალი პრობლემატიკის წარმომშობი მიზეზებია, რასაც ასევე მოყვება ახალ-ახალი პროფესიები და უცნაური, არასტანდარტული სამუშაო ადგილები და პირობები. შესაბამისად, მომავალ თაობებს უფრო ხელმისაწვდომი და ადვილი შესაძლებლობა ექნებათ იმისათვის, რომ მოერგონ სამყაროს განვითარებას - ისინი ადვილად შეძლებენ, მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეიცვალონ პროფესია და ახალი ცოდნა მიიღონ, გახდნენ კონკურენტუნარიანები (მაგალითად, ექიმი გადაიქცეს ბიოლოგად, ქიმიკოსი - ფარმაცევტად და ა.შ. - ანუ ალბათ მომიჯნავე სფეროებში უფრო ადვილი იქნება ჰორიზონტალური გადაადგილება).
სხვა საკითხია ის, რომ ეს პროცესიც საკმაოდ თავისებურად განვითარდება, როგორც ყველაფერი სხვა ჩვენს სამყაროში - შედარებით უფრო განათლებული და ნიჭიერი კიდევ უფრო მეტ განათლებას მიიღებს და თავის ნიჭს კიდევ უფრო განავითარებს; ხოლო ღარიბი, განუვითარებელი ქვეყნის შვილები, რომლებსაც სამწუხაროდ, არც წერა-კითხვა იციან კარგად, არც ინტერნეტთან წვდომა არა აქვთ, ისევ და ისევ სამწუხაროდ, განვითარების დაბალ დონეზე დარჩებიან, არასრული საშუალო განათლებით (საუკეთესო შემთხვევაში, არასრული უმაღლესი განათლებით). ამ უკანასკნელ შედეგს ის განაპირობებს, რომ ასეთ ქვეყნებში მცხოვრები ხალხი უფრო მეტ დროს უთმობს ყოველდღიური პრობლემების გადაჭრას, საარსებო მინიმუმისა და მინიმალური პირობების უზრუნველყოფას; შესაბამისად, მათ არც დრო რჩებათ, არც სურვილი და, ხშირ შემთხვევაში, არც დისციპლინა ექნებათ იმისა, რომ საკუთარ თავზე მუშაობა განაგრძონ და თავისივე თავს დაახარჯონ განათლებისათვის საჭირო დრო, ვინაიდან ეს დროც ინვესტიციის ნაირსახეობაა, რომლის გაწევის ფუფუნება ბევრს შეიძლება არასოდეს ქონდეს.
მოკლედ, ეს სულ სხვა თემაა და აი, ინსპირაციაც მივიღე - მერე დავწერ პოსტს ჩემს ბლოგზე.

