მარილი... თოვლი... ცეცხლი...
მარილი მიყვარს. მთელი ცხოვრებაა. და როგორ უგემურად ვჭამდი ხოლმე კერძს, რომელსაც მარილი აკლდა... ბოლომდე არც ვჭამდი, ისე, უაზროდ ვღეჭავდი ორ ლუკმას... გემოსაც ვერ ვატანდი... ურთიერთობებშიც ეგრე ვარ. მარილი, მარილი უნდა ყველაფერს. ხომ იცნობთ თქვენც უმარილო ადამიანებს? როგორ არა, რამდენსაც გინდა, იმდენს... ჩემთვის კი, რომელიც კერძს გაუსინჯავად აყრის მარილს, მითუმეტეს, ყველა ადამიანი უმარილოა. მაგრამ ადამიანს ვერ მოაყრი ვერც მარილს, ვერც ვერაფერს. ადამიანი ან უმარილოა, ან მარილიანი. ზომიერი აქ არ არსებობს: თუ მარილი ოდნავ მაინც აყრია, ესე იგი ის მარილიანია... ეს იმ აქსიომასავითაა, რამდენი კვერცხის შეჭმა შეიძლება უზმოზეო, რომ კითხულობს. რამდენის და ერთის. იმიტომ რომ ერთ კვერცხს როცა შეჭამ, უკვე ნაჭამი ხარ, ხო?
თოვლი სხვა თემაა, საერთოდ. აბსოლუტურად. თოვლიც თეთრია, და ისიც კრისტალებისგან შედგება, მაგრამ მაინც სულ სხვაა. თოვლი არ მიყვარდა არასოდეს, რატომღაც. ეხლაც ვგიჟდები-მეთქი, რომ გითხრათ, ტყუილი იქნება. უბრალოდ, მომწონს, როცა თოვს, ისეთი ბინძური აღარ ჩანს ეს თბილისი, ხალხიც, მანქანებიც უფრო ნაკლებია ქუჩაში. სევდიანი ამინდია ხოლმე, როცა თოვს. და სწორედ ამიტომ მომწონს თოვლი. მესმის მისი სევდა კარგად.
ცეცხლი კი გრძნობაა... ვნება. წვავს ყველაფერს, ანადგურებს. და მაინც, ახალ იერს სძენს. არ უნდა მიუშვა, არ უნდა გადაბუგო ყველაფერი და მაშინ გაგათბობს კიდევაც, და გაგანათებს.
რა ბანალურია ეს სიტყვები, დამეთანხმებით, არა? და მაინც, ვისაც გიგრძვნიათ ის მარილიც, ის თოვლიც, და ის ცეცხლიც, ხომ ხვდებით, რატომ და რისთვის, და ვისთვის???

