Jazz at Golden Hour
ჰეჰ - აი კიდევ ერთი პოსტი, რომელსაც არასოდეს დავწერ...
ალბათ იმიტომ, რომ მეზარება უცხო ენაზე გადართვა და კლავიატურის კაკუნი.
კიდევ ერთი დღე, რომელმაც ჩაიარა - ჩვეულებრივად, არანაცრისფრად, მაგრამ არც ფერადად.
წინა ღამე, რომელიც არ დამთავრდა არაფრით.
იქ ლუდი იყო.
და სხვა რამეებიც.
წითელი ღვინო და რძიანი ყავა.
ჯაზი იყო ბევრი.
ტელეფონში.
სიბნელე, სავარძელი და ჯაზი შენი ტელეფონის დინამიკებში.
ძალიან.
მაგის წინ კი იყო ჩაი.
და ცოცხალი ჯაზი.
ცოცხალი ჯაზმენები.
ბებრები და ახალგაზრდები.
ბევრი დიალოგი იყო.
სიტყვები და ...
მეზარება წერა იმაზე, თუ რამდენი საინტერესო რამ გავიგე გუშინ.
მეზარება იმის აღწერაც, თუ რა საინტერესოა ასე უბრალოდ იჯდე და უსმინო ადამიანს, რომელიც 50 წელიწადზე მეტია, ჯაზს უკრავს.
მეზარება იმის აღწერა, რომ ჟურნალისტი, რომელსაც არაფერი ესმოდა ჯაზის, ინტერვიუს განმავლობაში, ნელ-ნელა, შენს თვალწინ იცვლება...
მეზარება იმის ახსნაც, საერთოდ რა მინდოდა მე იქ - ჟურნალისტ გოგონასა და ბებერ ჯაზმენს შორის.
- იცი, არასოდეს მიყვარდა დამშვიდობება...
- ხო, დღეს ძალიან მაგრად დაუკრეს...
- ხო, პრინციპში არც დახვედრა მიყვარს. არ მიყვარს, რომ მეუბნებიან, რა უნდა ვაკეთო.
- როგორ უკრავდა არა? თვალდახუჭული და თითოს დაღლილი იყო, თავისი ცხოვრების ისტორიას ყვებოდა...
- სულ მარტო მივდივარ ხოლმე სადმე. და საერთოდ მოგზაურობა მიყვარს ძალიან.
- ხვალაც წავიდეთ, მინდა ისევ მოვუსმინო იმ "Summertime"-ს...
- ჩაი?
- ყავა.
სიგარეტი დამიმთავრდა, როგორც ყოველთვის. და პოსტს ვერ ვამთავრებ.

