იები - წარსულის აჩრდილი
დღეს, შესვენებაზე გასულს, წარსულის აჩრდილი შემხვდა...
ქუჩის კუთხეში ბერიკაცი იდგა და იებს ყიდდა...
მახსოვს, 6 ან 7 წლის როცა ვიყავი, პირველად მაშინ შემხვდა იების გამყიდველი.
მე რომ 6-7 წლის ვიყავი, მაშინ გაგანია საბჭოთა საქართველო იყო, და სულაც არ უჭირდა ხალხს ისე, დღეს რომ უჭირთ...
და მახსოვს, რაღაცის საყიდლად გამაგზავნეს, მთელი 5 მანეთი მედო ჯიბეში - უმდიდრესი ადამიანი ვიყავი... წვიმდა და მხიარულად ”მოვატასავებდი”.
უცბად შევეჩეხე იების გამყიდველ ბერიკაცს... წვიმაში იდგა, სულ სველი, თეთრი თმა, ბევრი ნაოჭები, აკანკალებულ ხელში იების პატარა თაიგული ეჭირა და ჩუმად, თავისთვის, მორიდებულად ჩურჩულებდა, გვეხვეწებოდა:
- იყიდეთ, იები... იები იყიდეთ, ღვთის გულისათვის...
შეიძლება უბრალოდ წვიმის წვეთი იყო მისი თვალის კუთხეში მოკალათებული, მაგრამ ძალიან გავდა ცრემლს... ხალხი კი საქმიანად მიდი-მოდიოდა - საბჭოეთის ამაყი მოქალაქეები ზედაც არ აფურთხებდნენ საწყალ კაცს...
ყველაფერი ვიყიდე. მთელი ჩანთა ვიყიდე, 5 მანეთი ჩავუკუჭე და სახლში გავიქეცი ატირებული... მგონი მაშინ ვიტირე ბოლოს... ვქვითინებდი, ის იებიც სადარბაზოში დავყარე, ჩანთა დავაგდე და ისე ავედი სახლში...
დღესაც ვიყიდე. დღეს ოღონდ ძალიან ცოტა ვიყიდე, უფრო ზრდილობის გულისათვის... და ეს სხვა ბერიკაცი იყო, სხვა უბანი იყო, და სხვა დრო იყო... მაინც ვიყიდე, მაგრამ გული მაინც დამიმძიმდა...

