ჭაობი სახელად
სამშობლო
რამდენად საინტერესო და მოსაწყენია ცხოვრება საქართველოში. პატარა ჭაობივითაა, ბაყაყებივით ვყიყინებთ — დირიჟორი კი მოგვიკლეს. გომბეშოები ცდილობენ, ხელში ჩაიგდონ ჭაობის ნაწილები, მაგრამ ამაყი და დაუმორჩილებელი ბაყაყები არაფრის დიდებით არ ნებდებიან.
ყოველდღე ერთი და იგივე. ადექი, წადი, გააკეთე, მოდი, დაწექი. ოდნავი გადახრა, გვერდზე გადახვევა — საუკეთესო შემთხვევაში აღიქმება, როგორც სიგიჟე. უარეს შემთხვევაში კი — უბრალოდ დაგსჯიან. დაგხვრიტავენ. დაგკლავენ ღორივით. არა, ვირივით, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება იმუშავა და ეხლა კი შაურმის მასალადღა თუ ივარგებს.
ხანდახან აჩქარდება ხოლმე. ძირითადად სხვების გამო, აგიჩქარებენ ძალით ცხოვრების ტემპს — რაღაცას ელიან შენგან, გთხოვენ, გავალებენ, გაბრალებენ… გულისცემა და სისხლის მიმოქცევა იმატებს, წნევა ყურებში გაწვება და უსახური ჯარისკაცების არმიის ფეხის ხმას გავს — ბუმ, ბუმ, ბუმ — თითქოს მოდიან და უნდათ გადაგიარონ, გაგსრისონ და მიწასთან გაგასწორონ კი არა, მიწაში ჩაგფლან, ჩაგძირონ ისე, რომ ვეღარ ამოხვიდე ვერასოდეს. ამ დროს ყურებზე ხელებს იფარებ, ცდილობ რომ თავი დაიცვა და ეს ხმა გააქრო, თავი დაიცვა — მაგრამ შიშისგან დასველებული ხელისგულები გაფხიზლებს და უსიამოვნო შეგრძნებას გიტოვებს. ტრიალდები და ხედავ, როგორ გაწვებიან და გაჩეჩებენ საქმეებს, დავალებებს, გეუბნებიან, რა და როგორ უნდა გააკეთო, როდის და როგორ უნდა მოიქცე. შენ კი არაფერი არ გინდა, გარდა იმისა რომ თავი დაგანებონ და გაექცე.
გაქცევა კი სულ არაა ადვილი. ჭაობიდან გაქცევას ეხუმრები? წელამდე რომ დგეხარ და ამოსვლა გინდა, ისინი კიდევ ნაზად გექაჩებიან ფეხებზე და არ გიშვებენ. ამაზე სიმღერებიც დაუწერიათ ჩვენებს. მაგრამ…
http://youtu.be/3hS5cHShlvw
რა მაგრამ? რა და, ვისაც კი რამდენი რამ დაუწერია, ამ ჭაობის ფარგლებს ვერ გაცილებია. მხატვრები, მწერლები, პოეტები, მუსიკოსები, მომღერლები — ვერავინ, ვერასოდეს შველოდა ამ ჭაობს.
ეშველება კი?

