ბოლოს და ბოლოს, რა არის ეს
პროფესიული განვითარება და ცოდნა და ბლა-ბლა-ბლა?
აი, კარგი იმედისმომცემი სპეციალისტი ხარ, ვთქვათ — იურისტი. და ისწავლე რამე მაგარ უნივერსიტეტში საზღვარგარეთ, დიპლომი/შმიპლომით აღჭურვილი ჩამოხვედი.
მერე აქ იმუშავე სადღაც, არ ვიცი, სად — და გეძახიან “ახალგაზრდა იმედისმომცემ” სპეციალისტს. გამოდიხარ შენი მოსაზრებებით, ტრიალებ ციბრუტივით (ან ციყვივით), გაგაჩნია რაღაცა წონა.
მერე გათხოვდები/ცოლს მოიყვან, შვილებს გააჩენთ, ისა, ესა — და იჩითები იმ ეტაპზე, როცა თითქოს ჩერდები. მეტი წინ ვეღარ მიდიხარ. რეგულარული სამსახური გაქვს, შეიძლება კიდევ საათებიც სადმე უმაღლესში (პედაგოგიური საქმიანობის გარეშე აბა როგორ) — და არაფერს ახალს არ ქმნი. ვეღარ ხარ მაგარი. დაკმაყოფილდი რაღაცა საშუალოობით და სტანდარტულობით.
აი ეგ არ უნდა ხდებოდეს. სულ წინ უნდა მიდიოდეს ადამიანი. სულ მეტს უნდა ითხოვდეს და უნდოდეს. განვითარება განვითარებისათვის — კი. დახვეწა? კი, ეგეც. და ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი — ესაა ბრძოლა რუტინასთან, ჩამყაყებასთან და ადგილზე დგომასთან.
სულ წინ უნდა იარო. ჩვენ, 20–30 წლისები ვინც ვართ (და 30+), ამას კარგად ვგრძნობთ, ინსტინქტურად — არ შეიძლება, რომ მუდამ ერთი და იგივე საქმე აკეთო.

