საქართველო ისეთი ქვეყანაა…

სადაც არავის არაფერი არ მოსწონს.
მეზობლებს არ მოსწონთ სხვისი ფანჯრებიდან წამოსული მუსიკა. მშობლებს არ მოსწონთ შვილების საქციელი. ბავშვებს არ მოსწონთ სკოლა. სკოლას არ მოწონს რეფორმა, რეფორმას არ მოწონს კადრები, კადრებს არ მოწონს საპენსიო გარანტიები, საპენსიო გარანტიებს არ მოწონთ ინფლაცია, ინფლაციას არ მოწონს სტაბილურობა, სტაბილურობას არ მოწონს ინერტულობა, ინერტულობას არ მოწონს სულსწრაფები, სულსრაფებს არ მოწონთ ზარმაცები, ზარმაცებს არ მოწონთ აქტიურები, აქტიურებს არ მოწონთ პასიურები, პასიურებს არ მოწონთ ოპტიმისტები, ოპტიმისტებს კი, თავის მხრივ – პესიმისტები…

მეგობრებს არ მოსწონთ ის კაფე; არა – აი ის ბარი; არა, მოდი სხვაგან წავიდეთ, ეგ მომბეზრდა, ის არ ვარგა, ეს გოიმურია, ის კიდევ საშინელებაა.

თანამშრომლებს არ მოსწონთ უფროსები, უფროსებს – მათი ქვეშევრდომები, დამლაგებლებს არ მოსწონთ დაცვა, დაცვას – მძღოლები, მძღოლებს არ მოსწონს პატრული, პატრულს არ მოსწონს სკვერებში ლუდი, ლუდს არ მოწონს ლიმონათი, ლიმონათს კი რძის პროდუქტი, რძის პროდუქტის მწარმოებელს არ მოწონს მომხმარებელი, მომხმარებელს არ მოწონს პოპული და ჯიმარტი, ამ ორს კი არ მოწონს გუდვილი, გუდვილს არ მოწონს კიდევ სხვა ქსელი, სხვა ქსელს არ მოწონს ვაი-ფაი, ვაი-ფაის არ მოწონს საკაბელო ტელევიზია, საკაბელო ტელევიზიას არ მოწონს ოპოზიციური არხები, ოპო-არხებს არ მოწონთ სხვა ჟურნალისტები, ჟურნალისტებს არ მოწონთ პოლიტიკური ესტებლიშმენტი, პოლიტიკურ ესტებლიშმენტს არ მოწონს, როცა ედავებიან; მთავრობას არ მოწონს ოპოზიცია, ოპოზიციას კიდევ – ერთმანეთი…

ისე, ერთმანეთი საერთოდ არავის არ მოსწონს – და-ძმა თმებს აწიწკნის, ცოლ-ქმარი ჩხუბობს, უბნელები ცემენ ერთმანეთს, კოლეგები ინტრიგებს ხლართავენ, კონკურენტები ერთმანეთს ძირავენ…

არავის არაფერი არ მოსწონს ამ ქვეყანაში, გარდა წარსულზე ოცნებისა.
მე კი წარსულზე ოცნება არ მომწონს – წინ გავიხედოთ, ამხანაგებო!
წინ, ნათელი მომავლისაკენ!

Advertisements

>სექსის მეორე

>

ეხლა წავიკითხე ჰუმანოიდთან ძალიან მაგარი პოსტი. თბილი და დიდი და კეთილი და ღრმა და…

შემშურდა.
თეთრი შურით, რა თქმა უნდა. საკმაოდ თეთრით, სარუმანივით თეთრი რომაა (გარედან კია თეთრი, მაგრამ ცოტა ნაცრისფერიც დაკრავს, შეიძლება სადღაც ნაკეცებში შავიც კი იყოს. ჩრდილისგან შავი, ან…)

ზიხარ და უყურებ ნატეხებს, წლების განმავლობაში რომ დააგროვე.

აი, ლამაზი ვარდისფერი კაბა, ხიდი, გედები, გემი…

აი მწვანე თვალებში ჭინკები და თეთრად გათენებული ღამეები. ხო, თეთრად – ტაბლეტებით და ფხვნილებით მოყვანილი ტონუსი…

აი ცხენზე ჯირითი და თოვლიანი ველები, გაყინული წყალსაცავი და გრძელი, თბილი ღამეები…

აი სხვისი და აი შენი.

აი ერთი ხელის მოსმით გადაყრილი და დავიწყებული სიყვარული, აი ტკივილები და ტანჯვები, აი მონატრება მტკივნეული და გრძელი, ყრუდ რო გრძნობ სადღაც…

აი გარაჟები და კორტები, აი მანქანები და ტყეები, ბუჩქები, აი ლიკანი და წყნეთი, აი 14 წლის და 28-ის…

აი ყველა და ყველაფერი – შენი ქალები, თუ შენ სხვისი. თუ როგორცაა რა.

აი არაფერი რო აღარაა, ისინი.
აი რო რაღაცა იყო ადრე და ეხლა რო აღარ ესალმები ქუჩაში.
აი რო მალავდი და აი რო გმალავდა.

აი იმათი სხვები, რო იცნობდი და რო იცნობ.
აი ისინი სხვებთან ერთად და შენ – სხვასთან.

აი ორი მაგიდიდან ამდგარი – შენ და ის გადიხართ. თქვენმა მეორეებმა არ იციან. აი ხვდებით და უბრალოდ უყურებთ. შემთხვევაა, ორივეს ერთად რომ მოგინდათ გასვლა – აი ამ წუთას.

აი სახელურს ატრიალებ კარებზე სადაც ჩიბუხი ხატია, და ის – ქოლგას.
და არ შედიხართ – დგახართ და უყურებთ ერთმანეთს.

აი არაფერი საერთოდ. აღარაფერი არაა ეს – უბრალო ნატეხები, რომელიც არსად ეტევა, ვერც ვერსად ინახავ, ვერც გადაყრი – ეს ხომ შენი ცხოვრებაა…

აი წერილები, ჯერ ქაღალდზე, მერე ციფრული… მერე და კიდე და მერე და მეტი და წაშლილები რამდენი…

გშურს იმ ადამიანის, რომელსაც უბრალოდ უყვარს ვიღაც…
გრძნობ რაღაცას, მაგრამ არ იცი ეს რა არის.
გაკლია რაღაც, მაგრამ არ გახსოვს, რა.

Ты никогда не помнишь своих снов…

>წარსულის აჩრდილები

>
ხო, ასე ქვია ლევან თუთბერიძის ერთ ძალიან კარგ ფილმს, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი დიადი მომენტია აღწერილი.

დავით აღმაშენებელი და ოთარ მეღვინეთუხუცესი…

მოკლედ მაგარი ფილმი იყო, დღევანდელივით მახსოვს, შორეული 1997 ან 1996 წელი იყო, ჯერ კიდევ ძველი კინო ”ამირანი”. ხის, საბჭოთა, ყავისფერი დერმატინგადაკრული სკამები… სიცივე, გამყინვარება – ყველანი ქურთუკებით ვიყავით პრემიერაზე მისულები. თანაც, მხოლოდ ახლობლები და ვიწრო წრე: მეგობრები, კინომცოდნეები, ფანები და დამფასებლები.

ხოდა ამას წინათ შემხვდა წარსულის აჩრდილი.

ოთახი, ხალხის რიგი, ხელში საბუთები, შარდის ბუშტში მაღალი წნევა – არადა ვერც გახვალ მოსაფსმელად – უეჭველი დაემშვიდობები რიგს…

[მოიცა სიგარეტს მოვიტან და გავაგრძელებ]

ხოდა…

[სიგარეტს მოუკიდა]

ხო მალე მოვედი?

[ნაპასი]

გავაგრძელეთ:

დგეხარ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და სასტიკ, დაუნდობელ ბიუროკრატიულ/ადმინისტრაციულ აპარატში. მისაღებში. რიგში. ხალხი კანკალებს – ეშინიათ, ვაითუ კიდევ რამე ცნობა მოითხოვა ამ ბრაზიანმა გულმოსულმა გაუთხოვარმა დეიდამ…
ხელში გიჭირავს უბადრუკი რაღაც ქვითარი, რომელიც ადასტურებს, რომ გადაიხადე საჭირო თანხა და ეხლა იქნება და მაინც მოგცენ ის საბუთი თუ მოწმობა თუ ვაბშე არ გაგაქრეს აქედან…

დგეხარ და უყურებ ამ საწყალ ბებიებს და ბაბუებს, ჩინოვნიკებს და აშარაშკებს, ბავშვიან დედებს და ორსულებს, რიგში ურიგოდ რო ეტენებიან

[სულ ის ანეგდოტი მახსენდება, გუშინდელი ნატყ…]

ხოდა ცდილობ შენს შარმს (თუ სადმე რამე შეგრჩენია) თავი მოუყარო და

[ანეკდოტი]

გაუღიმო ამ ბიუროკრატ დეიდას და შესვენებაზე არ გაუშვა და გიბღვერს და ვალს გადებს, კაი გადავხედავო საბუთებსო და ისეთ ადგილას ტენის, 100 წელი რომ ვეღარავინ იპოვნის (ნეტა ჩემი ცოდვების ჩამონათვალიც ეგრე ღრმად შეინახონ და დამალონ და ვეღარ იპოვნონ, თორემ შევრცხვები კაცი იქ)

[იხედება ზევით]

ხოდა უიმედოდ აყოლებ თვალს ამ შენს საბუთებს და გინდა გააპროტესტო, რომ არა, იქ არ შეინახოთ, ეხლავე გადახედეთ და მარტო ერთი ბეჭედი უნდა დაარტყა და მეტი არაფერი არ გინდა ამ ქალისგან და ხედავ მუხლებს. მუხლი მიყუდებულია (თუ ეყრდნობა???) იმ უჯრას, სადაც უნდა გაუჩინარდეს შენი მომავალი თუ წარსული და უჯრა არ იღება. მუხლი ისეთია, არა უშავს ნორმალური. მუხლის ქვევით ჩექმაა, მუხლის ზევით კი… მოკლე კაბა.

უკვე კარგია.

ააყოლებ თვალს – აჰა, ნიჩივოარაუშავსწავაპივაზედაჟემგონი… და შრები. არა, კი არ შრები, სველდები ეგრევე – ცივი ოფლი. ხელისგულები გიოფლიანდება, სახე, თავიც კი (მელოტი თუ ხარ) და პირი გიშრება.


(შენ თუ გგონია, ის ნაკლებ დღეშია, ძალიან ცდები) ეხლა უნდა იშუსტრო, ის მოიგებს, ვინც პირველი მოვა აზზე. ეს ლატარიასავითაა, სულ რომ თამაშობ და ხან იგებ – ხანაც აგებ.

10 წელი? 12? ხო, თორმეტი. თ ო რ მ ე ტ ი. ხვალ დაგირეკავო თუ რაღაც ეგეთი უთხარი, გახსოვს? ხოდა დადგა ეს ხვალ, 12 წლის შემდეგ. და სახელი გახსოვს, გვარი კი აღარ. მგონი სახელიც მთლად სწორი არაა… ზუსტი. ნუ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ ერთი პლიუსი გაქვს – ერთი ნაბიჯით წინა ხარ – შარმი გაქვს მოკრებილ/მოხვეჭილი და იმის მაგივრად, რომ გაუთხოვარ ბიუროკრატ დეიდას დააფშვნა თავზე, ამას (ხო, ამას. იმას. ნუ, you know) დაა…

[მეორე სიგარეტი]

ხოდა ეგრე, პა ხოდუ აღმოჩნდა რო ამათი ყველასი დედაა – ყველაზე გლავნი ბოროტი დეიდა გაუთხოვარი ბიუროკრატია. და იასნია ეგრევე მოგიყომარა საბუთები და ტელეფონის ნომერიც მოგცა – თუ რამე დაგჭირდესო.

shit

>იები – წარსულის აჩრდილი

>
დღეს, შესვენებაზე გასულს, წარსულის აჩრდილი შემხვდა…
ქუჩის კუთხეში ბერიკაცი იდგა და იებს ყიდდა…

მახსოვს, 6 ან 7 წლის როცა ვიყავი, პირველად მაშინ შემხვდა იების გამყიდველი.
მე რომ 6-7 წლის ვიყავი, მაშინ გაგანია საბჭოთა საქართველო იყო, და სულაც არ უჭირდა ხალხს ისე, დღეს რომ უჭირთ…

და მახსოვს, რაღაცის საყიდლად გამაგზავნეს, მთელი 5 მანეთი მედო ჯიბეში – უმდიდრესი ადამიანი ვიყავი… წვიმდა და მხიარულად ”მოვატასავებდი”.

უცბად შევეჩეხე იების გამყიდველ ბერიკაცს… წვიმაში იდგა, სულ სველი, თეთრი თმა, ბევრი ნაოჭები, აკანკალებულ ხელში იების პატარა თაიგული ეჭირა და ჩუმად, თავისთვის, მორიდებულად ჩურჩულებდა, გვეხვეწებოდა:

– იყიდეთ, იები… იები იყიდეთ, ღვთის გულისათვის…

შეიძლება უბრალოდ წვიმის წვეთი იყო მისი თვალის კუთხეში მოკალათებული, მაგრამ ძალიან გავდა ცრემლს… ხალხი კი საქმიანად მიდი-მოდიოდა – საბჭოეთის ამაყი მოქალაქეები ზედაც არ აფურთხებდნენ საწყალ კაცს…

ყველაფერი ვიყიდე. მთელი ჩანთა ვიყიდე, 5 მანეთი ჩავუკუჭე და სახლში გავიქეცი ატირებული… მგონი მაშინ ვიტირე ბოლოს… ვქვითინებდი, ის იებიც სადარბაზოში დავყარე, ჩანთა დავაგდე და ისე ავედი სახლში…

დღესაც ვიყიდე. დღეს ოღონდ ძალიან ცოტა ვიყიდე, უფრო ზრდილობის გულისათვის… და ეს სხვა ბერიკაცი იყო, სხვა უბანი იყო, და სხვა დრო იყო… მაინც ვიყიდე, მაგრამ გული მაინც დამიმძიმდა…