>მრავალმხრივი სათაურია, არა?
უფრო სწორად, მრავლის მთქმელი.
რისგან ან ვისგან შედგება ქართული საზოგადოება? ვინ არის ამ საზოგადოების ბირთვი, ვინაა ”პრიბლატნიონი”, ვინაა ბომოდნი, ელიტა, ნაღები? ვინაა ცნობილი და ვინ – უცნობი?
ძნელია ამის თქმა, მაგრამ ადვილია გამოანგარიშება.
ქართული ინტერნეტის სტატისტიკის არ იყოს, შეგვიძლია ვცადოთ და გამოვიანგარიშოთ, მაგრამ ყოველთვის მოიძებნება უკმაყოფილო ხალხი, რომლებსაც შედეგები არ მოეწონებათ.
არადა, უმთავრესი რამ, რაც საზოგადოებამ უნდა გაიგოს და შეიგნოს – არის ის, რომ სტატისტიკა ტყუილია. დიდი ტყუილი, რომელიც მანიპულირების შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა.
დავუბრუნდეთ საზოგადოებას და მის წევრებს. როგორც ვატყობ, ეს თემა ერთ პოსტზე მეტს მოითხოვს, ამიტომ მომიწევს დანაწევრება.
პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელი საზოგადოება საკმაოდ დასუსტებული და დაუძლურებულია. დაჩაჩანაკებულიც კი, შეიძლება ითქვას.
აბა, სხვა დროს ვინ მოითმენდა ოპოზიციონერების მიერ ლანძღვას, ან პრეზიდენტის მიერ დაცინვას? ასევე ძნელი მოსათმენია პროვინციული იუმორით გაჟღენთილი მდარე ხარისხის შოუები. ან სულაც, იუმორს მოკლებული, მაგრამ მაინც პროვინციული ”ცხოვრებისეული” გადაცემები – როგორი მოსათმენია?
თუმცა, არაფერი არ მიკვირს. ქართულ საზოგადოებას ხომ რამდენჯერ მოკვეთეს თავი, ვინ მოსთვლის… შევეშვათ დიდი ხნის წარსულს და ბოლო ორასი წელი ავიღოთ:
1. ჯერ იყო და, მთელი სამეფო კარი მისი თავად-აზნაურობითურთ რუსეთში გახიზნეს. არადა, იმ დროს ეს ის ხალხი იყო, ვინც წერა-კითხვა იცოდა, ცოტა ფრანციცულიც ეხერხებოდა და ორი დეცი ტვინი ედო იმ თავის ქალაში.
2. მერე სხვა ფერის რუსები მოვიდნენ და სამწლიანი დამოუკიდებლობის გამო სასტიკად დაგვსაჯეს: ვინც დარჩენილი იყო, ან თავები დააყრევინეს, ან საზღვარგარეთ გააქციეს.
3. ამის შემდეგ ისევ ჩვენიანი მოგვიტრიალდა და დაცოტავებული ელიტა/ნაღები საზოგადოება კიდევ უფრო გაჟლიტა – სისტემატიური მიდგომით და რეპრესიებით.
4. ახლა მეორე მტარვალი დაგვეტაკა და რა უნდა გვექნა – ფაშიზმთან საბრძოლველად ხალხი გავგზავნეთ. აქაც ყოველი მეათე ქართველი მოკვდა, ანუ მაშინდელი მოსახლეობის 10%.
5. ცოტა ხანი ამოვისუნთქეთ, მაგრამ ძმათამკვლელთა ჟამი დადგა, დრო უაზრო მსხვერპლისა და სისხლისღვრის. აქაც დავკარგეთ საუკეთესონი, ახალგაზრდები, მამაცები, ნიჭიერები და იმედისმომცემნი…
6. შემდეგი ეტაპი – გაჭირვების დრო. ეს ყველაზე ძნელი იყო – აქ ხალხი არა ფიზიკურად დავკარგეთ, არამედ მორალურად: ვისაც (ისევ საზღვარგარეთ) გაქცევა შეეძლო, გაიხიზნა. ვინც ვერ მოახერხა – მორალურად მოტყდა. დასუსტდა.
7. ბოლო ტალღა კი ვარდების სროლით დაიწყო. ოდნავ ასაკოვანი, მაგრამ მაინც ახალგაზრდა ხალხი აღარავის სჭირდებოდა – გააგდეს, გაყარეს, დაითხოვეს, დაიჭირეს… აქ არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ პარტიულ ფუნქციონერებს, არამედ უბრალოდ მეცნიერებს, ინჟინრებს, ხელოვან ხალხს – ვისაც კიდევ ბევრი რამის შექმნა შეეძლო, მაგრამ ახლა სახლში ზის და შუახნის ასაკის კრიზისი ვერ დაუძლევია.
ამ ყველაფერთან ერთად, საკუთარ თავს ჩვენც კარგად ვავნებდით ხოლმე. დღეს ამბობენ, ილია რომ არ მოეკლათ, ილია არ იქნებოდაო, მაგრამ არაა მასე საქმე – უფრო მეტ რამეს დაწერდა და მეტს გააკეთებდა, მეტს შეგვძენდა და მეტს შექმნიდა…
მახსოვს, მურაბის ხარშვის დროს ყველაზე გემრიელი ის მოხსნილი ქაფი იყო – რომელიც სიტკბოების მიუხედავად ხელს უშლის დიასახლისს, კარგი მურაბა გააკეთოს. კარგი მურაბა კი ერთგვაროვანი მასაა, ზედმეტი ნაწილაკებისა და უცხო სხეულების გარეშე.
ერის შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა – თუ არ გინდა, ნაცრისფერი მასა შეგრჩეს ხელში, სწორედ ამ ქაფს, მის საუკეთესო ნაღებს უნდა გაუფრთხილდე და მოუარო. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრბო გეყოლება, რომელსაც სტანდარტული აზროვნება აქვს, მხოლოდ პურსა და სანახაობას ითხოვს, სამაგიეროდ კი არაფრის შექმნა არ შეუძლია.
აი ასე გამოვიდა, რომ დღევანდელი ქართული საზოგადოება არა ინდივიდუუმების ნაკრებია, არამედ ერთგვაროვან მასას წარმოადგენს დამხოლოდ იშვიათად თუ გამოჩნდება ხოლმე ნათელი წერტილი (გვირაბის ბოლოს).
ამიტომ სულაც აღარ მიკვირს, რომ გაბატონებულია არაპროფესიონალიზმი, უპასუხისმგებლობა და სიბრიყვე, აღარ ვბრაზდები ხოლმე გაუნათლებელ ჟურნალისტებზე, ქართულ გრამატიკაში კოჭლ საქართველოს დამცველებზე, უნიჭო მსახიობებზე, ნიჭიერ მათხოვრებზე, ყველაფრის მცოდნე/მნახველ/გამოცდილ და საკუთარ თავში დარწმუნებულ ლაწირაკებზე, მანქანის ტარების უცოდინარ მძღოლებზე და ხელოსნებზე, რომლებმაც არათუ ის არ იციან, რა უნდა გააკეთონ, არამედ დამკვეთის მოსმენაც კი ვერ უსწავლიათ.
არ მიკვირს, რომ დავჩლუნგდით და დავგოიმდით.
პროვინციიდან ჩამოსული ხალხი აქ არაფერ შუაშია – ურბანიზაცია ყველა ქვეყანაში ხდება და ამაში ცუდი არაფერია. მთავარია, რომ პროვინციიდან ჩამოსულმა თავისი საუკეთესო თვისებებიც შეინარჩუნოს და ქალაქის ზნე-ჩვეულებაც აითვისოს.
ბევრ ქართულ სოფელში მინახავს – საკუთარ ორღობეში ნაგავს არავინ ყრის, და არც ”ჩუსტებით” გამოდის ჭიშკარს გადაღმა.
სამწუხაროდ, მეც ამ ბედკრული ერის შვილი ვარ და ვერანაირად ვერ მოვიფიქრე რაიმე ენაკვიმატი ფრაზა ამ პოსტის დასამთავრებლად.
P.S. პოსტის წერისას ფონად მესმოდა მეზობლების ჩხუბი – ორ სხვადასხვა ოჯახში მსგავსი დრამები დატრიალდა. არცერთი ქართველი არ დაღუპულა.
Like this:
Like იტვირთება. . .