მეთევზე

როგორც მეთევზე, ზიხარ და ელოდები სატყუარაზე მოსულ მავანს. მოკალათებული ხარ თბილად, ან გრილად. გარშემო მოწყობილი გაქვს ყველაფერი – საჭმელ-სასმელი, კარავი, სხვა საჭირო ინვენტარი.

ზიხარ და ელოდები.

იაპონური ანიმეს გმირივით ხარ, ოღონდ მეორეხარისხოვანი პერსონაჟივით – რაღაც დანიშნულებას რომ უნდა ასრულებდეს ცხოვრებაში. ცხოვრებაში კი არა, იმ კონკრეტულ სცენას რომ სჭირდება. დაიჭერ ამ შენ მავან თევზს და შესრულებულია მისია – სცენარისტი წაგშლის. კადრიდან გაგიყვანს ოპერატორი და გადაგაგდებენ. იოგურტის რეკლამის მასოვკაში წახვალ.

მაგრამ, შესაძლოა, თავი დაიძვრინო. შეგიძლია, შენს ჯერ კიდევ დაუწერელ მომავალს შეეჭიდო. მავანი ხელში გიჭირავს, კაუჭს ხსნი ტუჩიდან და ელაპარაკები – მოდი, შემისრულე სურვილი და გამიხანგრძლივე დანიშნულება (ეხლა რომ მოდური სიტყვა “ესაინმენთი” ქვია, ან, სულაც – “მიშენი”).

რამე დიდი კომპანიის დირექტორებისა და საშუალო დონის მენეჯერების შეხვედრაზე რომ ისმის ხოლმე ფრაზები: რა არის ჩვენი მიშენი? მე გეკითხებით, ეს ხო არაა რაღაც როქეთ საიენსი ხო? ეს ხომ ადვილია – პოულობ ესაინმენთს, მიშენს, მერე იღებ მესიჯს, დისტრიბუშენს ვაკეთებთ და მარკეტ შეარზე გადის მერე ეგრევე, ვინ-ვინ სიტუაციაა რა…

გალსტუკიანი სირები.

კიდევ ბევრის დაწერა მინდოდა, მაგრამ ყურადღება გამეფანტა. დავამატებ მერე.

მე რომ მოვკვდები…

მე რომ მოვკვდები, იწვიმებს და მზე იქნება.

მე რომ მოვკვდები, არავინ არ იტირებს.

მე რომ მოვკვდები, 21–ე საუკუნე იქნება. ან 22–ე.

მე რომ მოვკვდები, ფანტასტიკური მომავალი უკვე რეალობა იქნება.

მე რომ მოვკვდები, კრემაცია უკვე იარსებებს.

მე რომ მოვკვდები, სასაფლაოებზე ანიმირებული, LCD-ეკრანები იდგება ქვაზე ამოტვიფრული სურათების მაგივრად.

მე რომ მოვკვდები, ჩემს საფლავზე დადგმულ დიდ ეკრანს iSight კამერა ექნება.

მე რომ მოვკვდები, ჩემი საფლავის iSight კამერა მოსანახულებლად მოსულ ჭირისუფალს ამოიცნობს და ჩემი ანიმირებული სურათი შესაბამისად მიესალმება: ახლო ნათესავს და მეგობარს – ღიმილით; შორეულ ნათესავს – ზრდილობიანი, თავშეკავებული თავის დაკვრით; უცხო გამვლელს – სასაცილო პოზებით და გრიმასებით.

მე რომ მოვკვდები, არ მოვკვდები და ჩემს ტვინს პროცესორში გადაიტანენ.

მე რომ არ მოვკვდები, ამ ჩემ ტვინიან პროცესორს რობოტში ჩადგამენ.

მე რომ არ მოვკვდები, ამ რობოტს ძაღლის ან გუვერნანტი ქალის ფორმას მისცემენ.

მე რომ არ მოვკვდები, ამ რობოტ–ძაღლს (ან გუვერნანტს) ჩემს შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს აღმზრდელად მიუჩენენ.

მე რომ მოვკვდები, მკვდარი არ ვიქნები.

საქართველო ისეთი ქვეყანაა…

სადაც არავის არაფერი არ მოსწონს.
მეზობლებს არ მოსწონთ სხვისი ფანჯრებიდან წამოსული მუსიკა. მშობლებს არ მოსწონთ შვილების საქციელი. ბავშვებს არ მოსწონთ სკოლა. სკოლას არ მოწონს რეფორმა, რეფორმას არ მოწონს კადრები, კადრებს არ მოწონს საპენსიო გარანტიები, საპენსიო გარანტიებს არ მოწონთ ინფლაცია, ინფლაციას არ მოწონს სტაბილურობა, სტაბილურობას არ მოწონს ინერტულობა, ინერტულობას არ მოწონს სულსწრაფები, სულსრაფებს არ მოწონთ ზარმაცები, ზარმაცებს არ მოწონთ აქტიურები, აქტიურებს არ მოწონთ პასიურები, პასიურებს არ მოწონთ ოპტიმისტები, ოპტიმისტებს კი, თავის მხრივ – პესიმისტები…

მეგობრებს არ მოსწონთ ის კაფე; არა – აი ის ბარი; არა, მოდი სხვაგან წავიდეთ, ეგ მომბეზრდა, ის არ ვარგა, ეს გოიმურია, ის კიდევ საშინელებაა.

თანამშრომლებს არ მოსწონთ უფროსები, უფროსებს – მათი ქვეშევრდომები, დამლაგებლებს არ მოსწონთ დაცვა, დაცვას – მძღოლები, მძღოლებს არ მოსწონს პატრული, პატრულს არ მოსწონს სკვერებში ლუდი, ლუდს არ მოწონს ლიმონათი, ლიმონათს კი რძის პროდუქტი, რძის პროდუქტის მწარმოებელს არ მოწონს მომხმარებელი, მომხმარებელს არ მოწონს პოპული და ჯიმარტი, ამ ორს კი არ მოწონს გუდვილი, გუდვილს არ მოწონს კიდევ სხვა ქსელი, სხვა ქსელს არ მოწონს ვაი-ფაი, ვაი-ფაის არ მოწონს საკაბელო ტელევიზია, საკაბელო ტელევიზიას არ მოწონს ოპოზიციური არხები, ოპო-არხებს არ მოწონთ სხვა ჟურნალისტები, ჟურნალისტებს არ მოწონთ პოლიტიკური ესტებლიშმენტი, პოლიტიკურ ესტებლიშმენტს არ მოწონს, როცა ედავებიან; მთავრობას არ მოწონს ოპოზიცია, ოპოზიციას კიდევ – ერთმანეთი…

ისე, ერთმანეთი საერთოდ არავის არ მოსწონს – და-ძმა თმებს აწიწკნის, ცოლ-ქმარი ჩხუბობს, უბნელები ცემენ ერთმანეთს, კოლეგები ინტრიგებს ხლართავენ, კონკურენტები ერთმანეთს ძირავენ…

არავის არაფერი არ მოსწონს ამ ქვეყანაში, გარდა წარსულზე ოცნებისა.
მე კი წარსულზე ოცნება არ მომწონს – წინ გავიხედოთ, ამხანაგებო!
წინ, ნათელი მომავლისაკენ!

>101010 = 42

>

როგორ იცვლება ყველაფერი… პირველ რიგში კი ადამიანი. ჩვენ ვიცვლებით.
თანდათან, შეუმჩნევლად. მაგრამ უკანმოუხედავად. შეუჩერებლად.

დროსთან ერთად გვეცვლება გემოვნება, შეხედულებები, სურვილები, ოცნებები, მიზნები.
გვეცვლება წონა, თმის ფერი და ბლოგზე დაწერილი პოსტების შინაარსი.
გვეცვლება გემოვნება, ვუსმენთ სხვა მუსიკას და ვუყურებთ სხვა ფილმებს.
სხვა წიგნებს ვკითხულობთ, სხვა ხალხთან ვმეგობრობთ…

საერთოდ, ბევრი რამე, რაც ადრე მნიშვნელოვანი გვეგონა, აღმოჩნდება, რომ არაფერს ნიშნავს.
და მცირე დეტალები, რომლებზეც ყურადღებას ვამახვილებდით, ახლა საერთოდ არაფერს წარმოადგენს ჩვენთვის.

არც კი ვიცი, რისი თქმა მინდოდა ამ პოსტით.
ალბათ უბრალოდ იმის, რომ ასაკი მემატება…

>ძენი

>

თურმე საქართველოშიც არსებობენ ბუდისტი-მართლმადიდებლები.
უფრო სწორად, ვინმე ისეთი გურუები, რომლებსაც მოვლილი აქვთ ტიბეტი და ინდოეთი, აგრეთვე ნეპალი და შემდეგ, მშობლიურ კერას დაბრუნებულნი, ეკლესიის კურთხევით განაგრძობენ აკუპუნქტურას და მედიტაციას.

Бред сивой кобылы.

ძენი არის სიმშვიდე.
ძენი არის აბსოლუტური სიცარიელე.
ძენი არის ძნელი.

ჩინელები ამბობენ, მდინარესთან რომ დაჯდე და უბრალოდ დაიცადოო, საკმაო ხნის მერე შენი მტრის გვამს დაინახავო.
ალბათ ასეც შეიძლება.

აზიაში ხომ დრო არ ფასობს.
ევროპაში კი პირიქით, დრო ფულიაო.

მაშ ჩვენ აზია ვართ თუ ევროპა?

ყველგან გვეჩქარება, ესე იგი ევროპელობა გვინდა.
ყველგან ვაგვიანებთ, ესე იგი აზიელები ვართ.

ამასობაში ძენის მუღამი კი დავიჭირე. ერთთვიანი შვებულება, ოჯახთან ერთად, მთიან დაბაში.
რა არის ამაზე კარგი?
ჰამაკში ჯდომა ჩვილ შვილთან ერთად და მეზობლის ქათმების თვლა.

ქართული ტრადიციის შესაბამისად, თიანეთში ქათმებს არავინ აჭმევს. მათ სახლიდან აგდებენ და ეუბნებიან: ”საღამომდე თქვენით მოიპოვეთ პური თქვენი არსობისაო”.
ჰოდა ამ ქათმებმა, ვარიებმა თუ წიწილებმა ჩვენი ეზო დალაშქრეს.
ჩემს შვილს კი სწორედ ახლა აქვს სამყაროს შეცნობის ყველაზე საინტერესო ეტაპი:
ჯერ მეზობლები გავიცანით. მერე მეზობლების ძაღლები. ახლა კი ქათმებზე გადავედით.

დიდხანს თუ ვიჯდებით ჰამაკში გაუნძრევლად, ქათმები ვეღარ გვამჩნევენ და ალბათ ხეები ვგონივართ. მოდიან ახლოს, სულ ახლოს და კენკავენ რაღაც უაზრობებს.

სწორედ ამ გაუნძრევლობის და დიდი ხნის მოთმინებით ლოდინის დროს დავიჭირე ძენი. არაფერზე არ ფიქრობ, მხოლოდ სუნთქვაშეკრული ზიხარ და ელოდები. შეიძლება ონკანში ზანტად წვეთავდეს წყალი და სუნთქვა ააყოლო. ყველაფრისგან უნდა დაიცალო – დარდები, აზრები, ფიქრები, სურვილები, მისწრაფებები, გრძნობები, შეგრძნებები… ეს ყველაფერი უნდა მიაგდო და გაუნძრევლად უნდა ელოდო ქათმების მოსვლას.

ძენს ვარჯიში უნდა. ყოველდღე უნდა ივარჯიშო, რომ ოდნავ მაინც მიუახლოვდე სიმშვიდეს. თბილისში ვინ მოგვცა ამის ფუფუნება? ამიტომ ვცდილობ, მაქსიმალურად მშვიდად და გაუნძრევლად გავატარო შვებულება.

აქვე ახლოს იორიც მოედინება. ხვალ გავალ, დავჯდები იორის პირას – იქნებ მტრის გვამიც ჩამოატაროს წყალმა.

>ქართული საზოგადოება

>მრავალმხრივი სათაურია, არა?
უფრო სწორად, მრავლის მთქმელი.

რისგან ან ვისგან შედგება ქართული საზოგადოება? ვინ არის ამ საზოგადოების ბირთვი, ვინაა ”პრიბლატნიონი”, ვინაა ბომოდნი, ელიტა, ნაღები? ვინაა ცნობილი და ვინ – უცნობი?

ძნელია ამის თქმა, მაგრამ ადვილია გამოანგარიშება.
ქართული ინტერნეტის სტატისტიკის არ იყოს, შეგვიძლია ვცადოთ და გამოვიანგარიშოთ, მაგრამ ყოველთვის მოიძებნება უკმაყოფილო ხალხი, რომლებსაც შედეგები არ მოეწონებათ.

არადა, უმთავრესი რამ, რაც საზოგადოებამ უნდა გაიგოს და შეიგნოს – არის ის, რომ სტატისტიკა ტყუილია. დიდი ტყუილი, რომელიც მანიპულირების შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა.

დავუბრუნდეთ საზოგადოებას და მის წევრებს. როგორც ვატყობ, ეს თემა ერთ პოსტზე მეტს მოითხოვს, ამიტომ მომიწევს დანაწევრება.

პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელი საზოგადოება საკმაოდ დასუსტებული და დაუძლურებულია. დაჩაჩანაკებულიც კი, შეიძლება ითქვას.
აბა, სხვა დროს ვინ მოითმენდა ოპოზიციონერების მიერ ლანძღვას, ან პრეზიდენტის მიერ დაცინვას? ასევე ძნელი მოსათმენია პროვინციული იუმორით გაჟღენთილი მდარე ხარისხის შოუები. ან სულაც, იუმორს მოკლებული, მაგრამ მაინც პროვინციული ”ცხოვრებისეული” გადაცემები – როგორი მოსათმენია?

თუმცა, არაფერი არ მიკვირს. ქართულ საზოგადოებას ხომ რამდენჯერ მოკვეთეს თავი, ვინ მოსთვლის… შევეშვათ დიდი ხნის წარსულს და ბოლო ორასი წელი ავიღოთ:
1. ჯერ იყო და, მთელი სამეფო კარი მისი თავად-აზნაურობითურთ რუსეთში გახიზნეს. არადა, იმ დროს ეს ის ხალხი იყო, ვინც წერა-კითხვა იცოდა, ცოტა ფრანციცულიც ეხერხებოდა და ორი დეცი ტვინი ედო იმ თავის ქალაში.
2. მერე სხვა ფერის რუსები მოვიდნენ და სამწლიანი დამოუკიდებლობის გამო სასტიკად დაგვსაჯეს: ვინც დარჩენილი იყო, ან თავები დააყრევინეს, ან საზღვარგარეთ გააქციეს.
3. ამის შემდეგ ისევ ჩვენიანი მოგვიტრიალდა და დაცოტავებული ელიტა/ნაღები საზოგადოება კიდევ უფრო გაჟლიტა – სისტემატიური მიდგომით და რეპრესიებით.
4. ახლა მეორე მტარვალი დაგვეტაკა და რა უნდა გვექნა – ფაშიზმთან საბრძოლველად ხალხი გავგზავნეთ. აქაც ყოველი მეათე ქართველი მოკვდა, ანუ მაშინდელი მოსახლეობის 10%.
5. ცოტა ხანი ამოვისუნთქეთ, მაგრამ ძმათამკვლელთა ჟამი დადგა, დრო უაზრო მსხვერპლისა და სისხლისღვრის. აქაც დავკარგეთ საუკეთესონი, ახალგაზრდები, მამაცები, ნიჭიერები და იმედისმომცემნი…
6. შემდეგი ეტაპი – გაჭირვების დრო. ეს ყველაზე ძნელი იყო – აქ ხალხი არა ფიზიკურად დავკარგეთ, არამედ მორალურად: ვისაც (ისევ საზღვარგარეთ) გაქცევა შეეძლო, გაიხიზნა. ვინც ვერ მოახერხა – მორალურად მოტყდა. დასუსტდა.
7. ბოლო ტალღა კი ვარდების სროლით დაიწყო. ოდნავ ასაკოვანი, მაგრამ მაინც ახალგაზრდა ხალხი აღარავის სჭირდებოდა – გააგდეს, გაყარეს, დაითხოვეს, დაიჭირეს… აქ არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ პარტიულ ფუნქციონერებს, არამედ უბრალოდ მეცნიერებს, ინჟინრებს, ხელოვან ხალხს – ვისაც კიდევ ბევრი რამის შექმნა შეეძლო, მაგრამ ახლა სახლში ზის და შუახნის ასაკის კრიზისი ვერ დაუძლევია.

ამ ყველაფერთან ერთად, საკუთარ თავს ჩვენც კარგად ვავნებდით ხოლმე. დღეს ამბობენ, ილია რომ არ მოეკლათ, ილია არ იქნებოდაო, მაგრამ არაა მასე საქმე – უფრო მეტ რამეს დაწერდა და მეტს გააკეთებდა, მეტს შეგვძენდა და მეტს შექმნიდა…

მახსოვს, მურაბის ხარშვის დროს ყველაზე გემრიელი ის მოხსნილი ქაფი იყო – რომელიც სიტკბოების მიუხედავად ხელს უშლის დიასახლისს, კარგი მურაბა გააკეთოს. კარგი მურაბა კი ერთგვაროვანი მასაა, ზედმეტი ნაწილაკებისა და უცხო სხეულების გარეშე.

ერის შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა – თუ არ გინდა, ნაცრისფერი მასა შეგრჩეს ხელში, სწორედ ამ ქაფს, მის საუკეთესო ნაღებს უნდა გაუფრთხილდე და მოუარო. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრბო გეყოლება, რომელსაც სტანდარტული აზროვნება აქვს, მხოლოდ პურსა და სანახაობას ითხოვს, სამაგიეროდ კი არაფრის შექმნა არ შეუძლია.

აი ასე გამოვიდა, რომ დღევანდელი ქართული საზოგადოება არა ინდივიდუუმების ნაკრებია, არამედ ერთგვაროვან მასას წარმოადგენს დამხოლოდ იშვიათად თუ გამოჩნდება ხოლმე ნათელი წერტილი (გვირაბის ბოლოს).

ამიტომ სულაც აღარ მიკვირს, რომ გაბატონებულია არაპროფესიონალიზმი, უპასუხისმგებლობა და სიბრიყვე, აღარ ვბრაზდები ხოლმე გაუნათლებელ ჟურნალისტებზე, ქართულ გრამატიკაში კოჭლ საქართველოს დამცველებზე, უნიჭო მსახიობებზე, ნიჭიერ მათხოვრებზე, ყველაფრის მცოდნე/მნახველ/გამოცდილ და საკუთარ თავში დარწმუნებულ ლაწირაკებზე, მანქანის ტარების უცოდინარ მძღოლებზე და ხელოსნებზე, რომლებმაც არათუ ის არ იციან, რა უნდა გააკეთონ, არამედ დამკვეთის მოსმენაც კი ვერ უსწავლიათ.

არ მიკვირს, რომ დავჩლუნგდით და დავგოიმდით.
პროვინციიდან ჩამოსული ხალხი აქ არაფერ შუაშია – ურბანიზაცია ყველა ქვეყანაში ხდება და ამაში ცუდი არაფერია. მთავარია, რომ პროვინციიდან ჩამოსულმა თავისი საუკეთესო თვისებებიც შეინარჩუნოს და ქალაქის ზნე-ჩვეულებაც აითვისოს.
ბევრ ქართულ სოფელში მინახავს – საკუთარ ორღობეში ნაგავს არავინ ყრის, და არც ”ჩუსტებით” გამოდის ჭიშკარს გადაღმა.

სამწუხაროდ, მეც ამ ბედკრული ერის შვილი ვარ და ვერანაირად ვერ მოვიფიქრე რაიმე ენაკვიმატი ფრაზა ამ პოსტის დასამთავრებლად.

P.S. პოსტის წერისას ფონად მესმოდა მეზობლების ჩხუბი – ორ სხვადასხვა ოჯახში მსგავსი დრამები დატრიალდა. არცერთი ქართველი არ დაღუპულა.