ერზაცი

(c) თაზო კუპრეიშვილი

(c) თაზო კუპრეიშვილი

ზაფხულია, ცხელა. არ გშია თითქმის ადამიანს, ისეთი სიცხეა.
დილით გავიღვიძე და მაცივარი გამოვაღე.

მაწვნის მაგვარ პროდუქციაში ჩავყარე შაქრის მაგვარი ფხვნილი, პურის მაგვარი ნაჭერი დავჭერი და კარაქის მაგვარი სპრედი წავუსვი, ყავის მაგვარ ფხვნილს წყლის მაგვარი სითხე მოვასხი, რძის მაგვარი სუბსტანცია მოვასხი და voila – საუზმის მაგვარი ყლეობაც მზადაა!

ჩავრთე ტელევიზორის მაგვარი ყუთი, სავარძლის მაგვარ ავეჯზე მოვკალათდი და გადაცემის მაგვარ რაღაცას ვუყურებდი. თან საუზმის მაგვარ ყლეობას მივირთმებდი და ვუსმენდი ადამიანის მაგვარ არსებას, რომელიც მოსაზრების მაგვარ რაღაცეებს აფრქვევდა. გამოვრთე, თავში აზრების მაგვარი იმპულსები მიტრიალებდა – საით მიექანება ჩვენი სამყარო?

>რა მოხდა იმედზე 13 მარტს?

>13 მარტს, საღამოს 20:00 საათზე ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში გავიდა გადაცემა სახელად ”სპეციალური რეპორტაჟი”, რომლის ფარგლებშიც გვაჩვენეს იმედის საინფორმაციო გადაცემა ”ქრონიკის” საგანგებო, მოდელირებული გამოშვება.

თქვენი თვალით ნახეთ:
http://embed.myvideo.ge/flv_player/external_player.swf

აღმოჩნდა, რომ მოდელირებული ნიშნავდა ისეთ გადაცემას, რომელიც ყველაზე ცუდ შესაძლო სცენარს გვთავაზობდა: რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, პრეზიდენტი მოკლეს, ოპოზიციამ შექმნა ”სახალხო მთავრობა”, მტერმა დაბომბა თბილისის აეროპორტი (და მშველელი ევროპელი ელჩები ვეღარ ჩამოფრინდებიან) და სხვა. მოკლედ, ”ბურთი ღელავს, ხალხი ბადეშია”.

ხალხი მართლაც პანიკამ მოიცვა. ვისაც ინფორმაციის სხვა წყაროებზე არ მიუწვდება ხელი, მართლა გარეთ გამოვიდნენ და არ იცოდნენ, რა ექნათ (ძირითადად, წალენჯიხა-ჩხოროწყუ და პლიუს გორი ღელავდა თურმე განსაკუთრებით).
ვისაც ტელევიზიის გარდა ინტერნეტიც აქვს – ისინი ნაკლებად შეშინდნენ, მაგრამ პროტესტის ნიშნად სერიოზული ლანძღვა-გინება ატეხეს (რაშიც მართლები არიან).

პროტესტის ტექსტი შეგვიძლია ავიღოთ როკოს ბლოგიდან:

მიმართვა ტელეკომპანია იმედს
მოგიტყანთ:
  • კრეატივი
  • პროფესიონალიზმი
  • ჟურნალისტობა
  • ეთიკა
  • ნორმები
  • გადაცემა „სპეციალური რეპორტაჟი“
  • მომავლის ხედვა

მოდი, თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ საქართველოში პროფესიონალურ ჟურნალისტიკაზე საუბარი ზედმეტია – ყველამ კარგად ვიცით, რომ ჟურნალისტები:

  • უშვებენ გრამატიკულ, სინტაქსურ და სტილისტურ შეცდომებს;
  • არღვევენ ეთიკის ნორმებს;
  • უტიფრად და უზრდელურად ექცევიან რესპოდენტებს;
  • აქვეყნებენ გადაუმოწმებელ და ”ჭორის დონეზე” ინფორმაციას;
  • არასწორად უთითებენ თარიღებს, მოვლენებს და ფაქტებს;
  • იყენებენ ვიდეო და აუდიო-მონტაჟს მანიპულაციისათვის;
  • და სხვა.

ყველამ კარგად იცის ისიც, რომ დღევანდელ საქართველოში ტელევიზია გახლავთ ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის (ფეისბუქში მოჩეტავე სვეცკების გარდა).

ისიც კარგად ვიცით, რომ ყველა სატელევიზიო არხზე ხორციელდება თუ არა სრული, ნაწილობრივი კონტროლი მაინც, ან ზეწოლა, თუნდაც ”რეკომენდაციების” სახით. და იმაშიც დამეთანხმეთ, რომ დღევანდელი ქართული ტელევიზია არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი საკანალიზაციო მილის ნაკადისაგან. ზოგი არ დამეთანხმება და მისი ნებაც იქნება, მაგრამ გარწმუნებთ – როგორც კი კანალიზაციასთან შეხება მოგიწევთ უნიტაზის რემონტის ან გამოწმენდის გამო, ეგრევე ტელევიზორის სუნი გეცემათ.

ზემოთხსენებული ”რეკომენდაციები” თუ არ დაგავიწყდათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ მსგავსი დონის hoax-ის ეთერში გამოშვებას მინიმუმ გენდირექტორის მიერ გაცემული ნებართვა დასჭირდებოდა (სხვა თუ არაფერი). ამ ყველაფრის შედეგად კი მივიღეთ ის სურათი, რომ ორი წლის წინ იმედის დასაცავად გამოსული ხალხი ახლაც მივიდა იმედის ოფისთან, ოღონდ ახლა უკვე მათ გასალანძღად (ანუ ამ გადაცემის გასაპროტესტებლად) – დეტალები იხილეთ დოდკასთან.

ტელეკომპანია იმედი ადრე საკმაოდ მყარად იდგა ფეხზე და ოპოზიციური სპექტრის ტელევიზიად იყო ქცეული. მერე ბატონი ბადრი მიიცვალა და დაიწყო აურ-ზაური. ჯოზეფ ქეიმ მოიგო სასამართლო დავა და სხვა ქონებასთან ერთად მიიღო ტელე-იმედის აქციები. მერე ჯოზეფმა მიზანტროპიის გაუგებარი შეტევის შედეგად გადასცა იმედი რაღაც ”არაბულ” კომპანიას, რომელმაც გენერალურ დირექტორად დანიშნა ბატონი გიორგი არველაძე.

ამასობაში უნუგეშოდ დარჩენილი ქვრივი ბატონი ბადრისა, ქალბატონი ინა გუდავაძე განაგრძობდა ბრძოლას თავისი ქონებისათვის და გიბრალტარის საერთაშორისო სასამართლოში მოიგო კიდეც პროცესი – რის საფუძველზე მას უნდა დაუბრუნდეს ქონების წილი, მათ შორის – იმედიც.

ადვილი მისახვედრია, რომ იმედის ჟურნალისტები არაფერ შუაში არიან დღევანდელ სიუჟეტთან – მათ მხოლოდ ის გააკეთეს, რაც დაავალეს. დამვალებელმა კი ძალიან კარგად იცოდა – თუ ტელევიზიას კარგავს და სხვას უნდა გადასცეს, მაშინ ჯერ ყველა ღონეს იხმარს და ჩაძირავს მას, შემდეგ კი მიატოვებს განწირულ ხომალდს.

დაბოლოს – იცით რატომ დაიჯერა ხალხმა ეს უნიჭო მონტაჟი და ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზები? იმიტომ რომ ამას დიდი ხანია შეაჩვიეს ქართველმა ჟურნალისტებმა – ნებისმიერი სიუჟეტი, რომელიც ჩვეულებრივ ახალ ამბებში გადის, არის მსგავსი მდარე ხარისხის – ტიტრებისა და წარწერების გარეშე, მოსაუბრე პირების სახელების და აღწერის გარეშე, ჟურნალისტი კომენტარს არ აკეთებს სიუჟეტზე, ჩანაწერზე არ ჩანს, თუ სად და როდისაა გადაღებული, არქივის კადრებზე არ ჩანს, როდინდელი არქივია, უცხო ენიდან ნათარგმნი არ შეესაბამება წაკითხულ ქართულ ტექსტს, რესპოდენტის მიერ მიცემული პასუხები კონტექსტიდან ამოვარდინლია და დამახინჯებული შინაარსით მიეწოდება მაყურებელს…

კიდევ ბევრი რამ შემიძლია ჩამოვთვალო, რითიც ჩანს, რომ ჟურნალისტიკამ დღეს კი არ შეაფურთხა საკუთარ თავს, არამედ ბოლო 20 წელიწადია, აფურთხებს ქართველ ხალხს.

P.S. თუ რაიმე ფაქტი არასწორად მაქვს მოყვანილი, მომიტევეთ და დრო მომეცით შესამოწმებლად და შესასწორებლად – პოსტს სიჩქარეში ვწერდი.

P.P.S. შედეგმაც არ დააყოვნა – იმის მაგივრად, რომ გუდავაძეს გადასცენ ტელევიზია, საერთოდ ლიცენზიას შეაჩერებენ.

P.P.P.S. გიორგი არველაძის ინტერვიუ/პასუხი ჟურნალ ”ლიბერალში”