>როცა აღარაფერი გექნება სათქმელი…

>
იმ დღეს მე ზღვა ვიყავი.
სიტყვების ზღვა.

შენ – წვეთი. ალბათ მე მთა – და შენ კენჭი.

ზღვა, რომელსაც ატან ყველა შენს ამბავს და ტკივილს.
ზღვა.

ვერ იტევს. ვეღარ იტევს სიტყვებს, ვეღარ მიმაქვს ვერსად.
იმ დღეს რამდენმა რამემ გამიელვა თავში.
გისმენ და გიყურებ. ვშრიალებ, ვაწყდები ნაპირს და გარშემო გივლი.

ვერ ვწერ – სიტყვები მაქვს, და აღარ მაქვს.

მთელი მსოფლიოს, ყველა ხალხის, ყველა თაობის სიტყვა ვიცი.
ყველა ენაზე, ყველაფერზე – ვიცი სიტყვები.
ყველა აზრი, რაც გამოთქმულა, და ყველა ფიქრი დაბადებული – ეგენიც ვიცი.
ყველაფერი მაქვს, და ყველასგან მაქვს. განმარტებები, ახსნები, ტერმინები, ზმნები, ქვემდებარეები და შემასმენლები, არსებითი სახელები და ზედსართავები, ზედმეტსახელები და ჩართულები, კავშირები და შეძახილები…

ყველაფერი, რაც ნათქვამია, და ყველაფერი, რაც დაწერილა – ვიცი.
ყველა ბგერა, ყველა ასო, სიმბოლო, იეროგლიფი – ეგენიც ვიცი.

მე ყველაფერი ვიცი – და ვერ ვამბობ.
თითქოს ხმა არ მაქვს.
თითქოს მუნჯი ვარ.

ვიცი და ვერ ვამბობ. ეხლა, დღეს და ხვალ ვერა. ზეგ – კი. ზეგ გეტყვი. არა, დღესვე გეტყვი. არც მინდა თქმა, გატყობ ისედაც. მე ხომ ეგეც ვიცი.

ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა.
ყველაზე მეტი და ყველაზე ცოტა.

სათქმელი ყოველთვის არის. სიტყვები არასოდეს თავდება. მოდი, მკითხე. და გეტყვი. უბრალოდ, ხანდახან დგება ის დრო, როცა აღარაფერი გაქვს სათქმელი.

მოხვედი, მომიყევი, მელაპარაკე, მომისმინე – და აღარ დარჩა სათქმელი. აღარ? როგორ არ დარჩა – აი ის წიგნი გადმოიღე…

თუმცა, რად გინდა, ზეპირადაც ხომ იცი 🙂

გისმენ…

Advertisements