>სინგაპურიზაცია

>

მოდი კარგად დავაკვირდეთ, თუ რას ნიშნავს ეს ახალი ტერმინი, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტმა დაამკვიდრა და გვპირდება, რომ მალე ეს ყველაფერი სინამდვილე იქნება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიშამ უკვე განაცხადა, რომ: ”საქართველო კი არაა კავკასიის შვეიცარია, არამედ შვეიცარიაა ევროპის საქართველო”, მაშინ ჩვენი პერსპექტივები საკმაოდ კარგად გამოიყურება.

მივუბრუნდეთ სინგაპურს: ესაა შედარებით ახალგაზრდა ქვეყანა, სადაც სამი მილიონი კაცი ცხოვრობს, ძირითადად ჩინელები. ლი კუან იუ იყო სინგაპურის პრემიერ-მინისტრი 1959 წლიდან 1990 წლამდე და სწორედ ამ ადამიანმა შექმნა ბენდუქიძისთვის და სააკაშვილისთვის ესოდენ მიმზიდველი ქვეყანა.

31 წლის განმავლობაში რომ დარჩე პრემიერ-მინისტრად, ამისათვის საჭიროა, რომ ექვსჯერ დაიკავო ხუთწლიანი ვადით თანამდებობა და პლიუს ერთი წელი უბრალოდ შეიტყაპუნო, ან სულაც შვიდჯერ დაჯდე ოთხწლიანი ვადით იგივე სავარძელში და სამი წელი შეიტყაპუნო.

მოდი გზადაგზა შეკითხვები დავუსვათ საკუთარ თავს.
შეკითხვა ნომერი 1: გვინდა თუ არა, რომ 30-ზე მეტი წლის განმავლობაში ერთ სახეს ვუყურებდეთ?
პასუხი ნათელია: არა.
ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ოფიციალური კურსი დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებზეა ორიენტირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველგან და უადგილო ადგილას არ ეკიდებოდა ევროკავშირის დროშა. დასავლური დემოკრატიების მოდელი იმის საშუალებას იძლევა, რომ ერთი პირი კი არ გამოეკეროს საარჩევნო ბიულეტენებს, არამედ მინიმუმ 8-10 წელიწადში სახეების ცვლა ჩანდეს. პოლიტიკური კურსი შეიძლება იგივე დარჩეს, საკვანძო პირები კი უნდა გამოიცვალოს. მეორეს მხრივ, 30-წლიანი გამეფების მსგავსი გამოცდილი გვაქვს – ე.ა. შევარდნაძე. მგონი, არ მოგვეწონა მაშინ ეს გამოცდილება.

დავუბრუნდეთ ლი კუან იუს. ის ინჟინერი იყო და ამიტომ ადარებდა სინგაპურს კომპიუტერს: ”სინგაპურელები არიან კომპიუტერული ჩიპები, რომლებიც ერთ გიგანტურ კომპიუტერს შეადგენენ – სინგაპურის რესპუბლიკას”. საკმაოდ უცნაური შედარებაა – იმ დროს ხომ მრავალბირთვიანი პროცესორები არ არსებობდა.

ამ კიბერ-სიბეცისა და სიბნელის მიუხედავად, პრაგმატიკოსმა ლიმ პირველი ნაბიჯი სწორედ ამ კომპიუტერის დაცვის მექანიზმების შემუშავების მიზნით გადადგა – მან ჩამოაყალიბა მაღალტექნოლოგიური არმია, რომელიც ტექნიკის უკანასკნელი მიღწევებით იყო აღჭურვილი. ამის მიზეზი მარტივია: მას თავი უნდა დაეცვა აგრესიული მეზობლებისაგან – 20-მილიონიანი მალაიზიისა და 200-მილიონიანი ინდონეზიისაგან.

შეკითხვა ნომერი 2: გვინდა და გვჭირდება საქართველოში ასეთი არმია?
პასუხი ნათელია – კი, და ამას დასაბუთება არ ჭირდება.

სინგაპურს საკმაოდ საინტერესო საშინაო პოლიტიკა აქვს. მის ბელადსა და მთავარ არქიტექტორ იუს უნდა, რომ ტოტალური წესრიგი დაამყაროს. ამისათვის სხვა საშუალებებთან ერთად ქალაქგეგმარებაც კი გამოიყენება: არსებობს სამი სხვადასხვა ქალაქი, რომელიც 5-კილომეტრიანი გამწვანების ზოლებითაა გამოყოფილი ერთმანეთისაგან. ერთი ქალაქი მკაცრად ტურისტული მიზნებისთვისაა განკუთვნილი, მეორე ქალაქი – მხოლოდ ეკონომიკური და ფინანსური ცენტრია, მესამე ქალაქი კი მხოლოდ საძილე რაიონებისთვისაა გამოყოფილი. ცნობილია და საქართველოს დღევანდელი ცხოვრების წესიდანაც კარგად ჩანს, რომ წესრიგის დასამყარებლად მკაცრი ზომებია საჭირო – მაგალითად, მაღალი ჯარიმები. სინგაპურში აკრძალულია მიწაზე გადაფურთხება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ევროთი, აკრძალულია მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში – 1000 ევრო, ქუჩაში ქაღალდის დაგდება – 1000 ევრო, აკრძალულია ასევე ქოთნის მცენარის მორწყვის შემდეგ ქოთნის ლამბაქზე წყლის დატოვება (რაც კოღოებს იზიდავს) – 1000 ევრო, აკრძალულია ქალაქის ცენტრში მანქანის გაჩერება – ჯარიმის თანხა შეგიძლიათ გამოიცნოთ.

ჩანს, რომ ქვეყანა ნამდვილად სუფთაა. ახლა სიმშვიდებაც ხომ უნდა დაისადგუროს? ამიტომ სინგაპურში კანონითაა მოწესრიგებული ძაღლების ღამეულ ყეფასთან ბრძოლა – ინსტინქტების მადევარი ცუგები ხმოვანი იოგების გადაჭრით ისჯებიან. მანქანებს სიგნალები საერთოდ არ უყენიათ ალბათ. და არც მაგნიტოფონები.

ახლა გარეგნულ სილამაზესაც უნდა მიხედვა. ამიტომ დაუღალავმა პრემიერმა ყველა მამაკაცს აუკრძალა მოკლე შარვლების ტარება. წელიწადის ნებისმიერ დროს სინგაპურელმა ვაჟკაცმა უნდა ატაროს გრძელი შარვალი. სანდომიანმა სინგაპურელმა მანდილოსნებმა კი აი ისინი, ქართულად რომ ვერ მოგვიფიქრებია სახელი: ჩულქები თუ კალგოტკები.

იმედი მაქვს, სინგაპურიზაციის რომელიმე ეტაპზე ბატონი მიხეილი საბოლოოდ შემოგვთავაზებს სამოსელის ამ სახეობის ჭეშმარიტად ქართულ დასახელებას. სხვაგვარად არც გამოვა, თუ გადავხედავთ ქართულ საკანონმდებლო ლექსიკონს, შთაბეჭდილება დაგვრჩება, რომ პროვინციული კილო-კავისა და არქაული ქართული ენის მეტი პარლამენტის შენობაში არაფერი ტრიალებს. ამიტომაცაა, რომ კანონები მხოლოდ ისეთ მოვლენებს ეხება, რასაც შესატყვისი მოეძებნება ამ ორ შეზღუდულ ლექსიკონში, ყველაფერი დანარჩენი კი კანონმდებლების ინტერესის მიღმა რჩება.

მართალია, მანქანებს სიგნალები არ აქვთ, მაგრამ სამაგიეროდ სირენები უყენიათ, რომლებიც გულის გამაწვრილებლად იწყებენ კივილს, როგორც კი 80 კმ/სთ სიჩქარეს გადააჭარბებთ. სინგაპურში აკრძალულია საღამოს 18 საათის შემდეგ მანქანით მარტო მგზავრობა (!). აუცილებლად უნდა გეჯდეთ მანქანაში ვინმე – კოლეგა ან უბრალო თანამგზავრი მაინც. ამის მიზეზი ყოფილა საცობების თავიდან არიდება. ჯარიმად აქაც ნაცნობი თანხა გვევლინება – 1000 ევროს ექვივალენტი სინგაპურის ეროვნულ ვალუტაში. ბატონმა იუმ ეტყობა უკეთესად თვლა არ იცოდა. ყველაზე საინტერესო კი იცით რა არის? ის, რომ სინგაპურის პოლიციამ ყველა მანქანას დაუყენა მოძრაობის დამაფიქსირებელი სენსორები – იმისათვის, რომ ყველამ ყოველთვის იცოდეს თქვენი მარშრუტი. ქალაქში დამონტაჟებულ დიდ მონიტორებზე არა რეკლამებს აჩვენებენ, არამედ სწორედ ამ სენსორების მონაცემებს – თუ ვინ სად მოძრაობს მანქანით. მთელს ქალაქში ვიდეოკამერები აყენია – ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის შეიძლებოდეს მათთან გაჩერება და ხელის დაქნევა პოლიციის კეთილი თანამშრომლისთვის, რომელიც თქვენზე ზრუნავს და თვალს არ გაცილებთ.

სინგაპურში ყველა შენობას დაცვა ყავს და ყოველი სტუმარი ვალდებულია, შესვლისა და გასვლისას დაფიქსირდეს. სამწუხაროა, რომ ასეთი წესები სინგაპურიზაციის პირველ ეტაპზე მხოლოდ სამინისტროებში შემოვიღეთ. ძალიან მინდა, რომ ჩემს საცხოვრებელ კორპუსსაც ყავდეს დაცვა – იქნებ როგორც იქნა და გავიგო ყოველ კვირას, დილის 8 საათზე მომსვლელი თბილისელი უღმერთო მათხოვრის სახელი და მისამართი…

იდეაში სინგაპური დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ საარჩევნო კოდექსი სხვანაირად ფიქრობს: ამიტომ ყოველ ამომრჩეველს სახელობითი ბიულეტენი აქვს. უფრო სწორად, ბიულეტენებს ამომრჩევლის პირადი ნომრები აწერიათ – რომ არ დაგავიწყდეთ, თუ ვის მიეცით ხმა ბოლო 30 წლის განმავლობაში, შეგიძლიათ თხოვოთ საარჩევნო კომისიას და ისინი მეგობრულად შეგახსენებენ თქვენს უცვლელ და ბედნიერ არჩევანს.

დემოკრატიის ფლაგმანი, მთავარი მონაპოვარი, სიამაყე და საერთოდ ყველაფერი (მაკდონალდსის გარდა) არის ადამიანის უფლებების დაცვა. მათ შორის – სიკვდილით დასჯის გაუქმება. სინგაპურულ დემოკრატიაშიც ასეა, ოღონდ გამონაკლისებით: სიკვდილით ისჯება ქურდობა, ძალადობა და კორუფცია. აი მკვლელობა არ შევიდა ამ საინტერესო სიაში. თანაც, სიკვდილით დასჯა არის არც დახვრეტა, არც გილიოტინა, არც ელექტროსკამი და არც ქიმიური ინექცია – არამედ სინგაპურული სახრჩობელა!

სხვა მცირე დანაშაულებზე, როგორიცაა შემთხვევით გაკუება ან დაბოყინება, ასევე უბილეთოდ მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით – სინგაპურელი სამართალდამცავები არ დაიზარებენ და თხილის წკეპლას გითავაზებენ საჯდომზე.  ლი კუან იუ თვლიდა, რომ ყველა სინგაპურელის მამა იყო. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჭეშმარიტად ”მშობლური” სასჯელი.

მეორეს მხრივ, უცვლელი პრემიერ-მინისტრი იმდენად ჭკვიანი აღმოჩნდა, რომ ყველა სოციალურ/პოლიტიკური წყობის წარმატებული რეცეპტები გადაიღო – როგორც კაპიტალისტური ბირჟები და ფასიანი ქაღალდები, ისე სოციალისტურ/კომუნისტური უფასო საერთო საცხოვრებლები.

უცნაურია, მაგრამ ამ ტოტალური კონტროლისა და წესრიგის ფონზე სინგაპურში ყველა რელიგიაა ნებადართული. ამიტომაც ამ სფეროში იქ დიდი ბარდაგი სუფევს. ეჰ, რა მაგარ ”პალაჟენიას” დააყენებდნენ ჩვენი წვერგაუპარსავი მამაოები იქა… ჰა? არა?
სამაგიეროდ, ”პალაჟენია” მედია-სფეროშია ხუთიანზე – ყველა გაზეთს აკრძალული აქვს პოლიტიკისა და სექსის შესახებ წერა. წარმომიდგენია, თუ 30 წელი ერთი და იგივე პრემიერი გყავს, სექსში რა მოწყენილობა იქნება…

1982 წელს ლი კუან იუმ მიიღო ახალი კანონი, რომელიც კაცისა და ქალის ურთიერთობებსა და დაოჯახების წესებს არეგულირებს. იუ ამტკიცებს, რომ ჩინელი ხალხის თვისება ყოფილა ასეთი: ჭკვიან მამაკაცებს ცოლად მოყავთ ლამაზი, მაგრამ სულელი ქალები. ხოლო ჭკვიანი ქალები კი ხშირ შემთხვევაში ქმრების გარეშე რჩებიან. საწყალი კუანი, საქართველო რომ ენახა, როგორ გაუცამტვერდებოდა თეორიები ამ მოვლენის წმინდა ჩინური წარმოშობის შესახებ…

მოკლედ, კუან იუმ გადაწყვიტა, რომ დაეჯილდოვებინა მამაკაცები, რომლებიც უმაღლესი განათლების მქონე ქალებს შეირთავდნენ. მან ასევე შემოიღო ჯარიმები გაუნათლებელი ქალებისათვის, რომლებიც მეორე შვილს გააჩენდნენ. გაუნათლებელ ხალხს სინგაპურში რეკომენდაციას უწევენ, რომ მათ სტერილიზაცია გაიკეთონ (და თავიანთი სულელი გენი აღარ გაამრავლონ), სამაგიეროდ კი დიდ ფულად პრემიებს სთავაზობენ. საღამოობით მზრუნველი პოლიციელები ურეკავენ ორშვილიან ოჯახებს და ეკითხებიან მშობლებს, თუ როდისაა ველური და გიჟური სექსის სეანსი დაგეგმილი, მერე კი შეახსენებენ მათ, რომ პრეზერვატივი ან ჩასახვის საწინააღმდეგო აბი გამოიყენონ.

სინგაპურში საერთოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას. ამიტომაც არაა რეკომენდირებული, ორზე მეტი შვილი იყოს ოჯახში – მესამესთვის განათლების მიცემა უკვე ძვირ სიამოვნებად იქცევა. სამწუხაროდ, მნიშვნელობა ენიჭება არა განათლების დონეს, არამედ განათლებამიღებულთა რაოდენობას – არსებობს ცალკე სკოლები ნიჭიერი ბავშვებისათვის, უმაღლესი განათლების მქონე ხალხს კი ტურისტული კრუიზები ეკუთვნით უფასოდ. ამით ხდება საერთო განათლების მოჩვენებითი სტიმულირება – ანუ ერთ სულ მოსახლეზე დიპლომების რაოდენობა იმატებს. 

ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ჩვენთან ეს პრობლემა არ დგას – ყოველ ტაქსისტს ორი დიპლომი აქვს, ყველა მინისტრი საზღვარგარეთ ნასწავლ-ნამუშევარია. თქვენს მონა-მორჩილსაც კი სამი დიპლომი და ორი აკადემოური ხარისხი აქვს.

დღეს სინგაპურს მოიხსენიებენ, როგორც ”აზიის შვეიცარიას”. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შვეიცარია საქართველოა, შესაკრებთა გადანაცვლებით მივიღებთ ახალ ფორმულას:
სინგაპური = შვეიცარიას
შვეიცარია = საქართველოს
საქართველო = ???

ყურადღება, შეკითხვა ნომერი 3 და საბოლოო: გვინდა თუ არა, რომ საქართველო გადაიქცეს ”სინგაპურიზირებულ” ქვეყნად?
პასუხი ნათელია – არა, და არც ამას ჭირდება დასაბუთება.
Advertisements

>ის შავი კაცი ვინ იყო, ჰა?

>