>საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის ნაკლებად ცნობილი სიახლეები

>მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და სხვა დარგები საკმაოდ კარგი ტემპებით ვითარდება, საკანონმდებლო სფერო ოდნავ ჩამორჩება ამ მოვლენებს.

მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი რეფორმის ან თუნდაც მცირე ცვლილებისათვის საჭიროა არა მხოლოდ პოლიტიკური ნება, არამედ ასევე იურიდიული საფუძველი, რაც გამოიხატება კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მიღებაში.

არსებობს დარგების მთელი ჩამონათვალი, სადაც კანონთა ცვლილება თითქმის წესად იქცა – ისინი განიცდიან ხშირ და სწრაფ საკანონმდებლო ცვლილებებს. ზოგიერთი დასავლური მეგობარი ქვეყნის მიერ მოვლენილი ექსპერტები აკრიტიკებენ კიდეც ამ სიჩქარეს – ხშირ შემთხვევაში ეს ცვლილებები ნაჩქარევია, დაინტერესებულ პირთა ჩართვა არ ხდება საკანონმდებლო პროცესებში, არ ხდება ექსპერტთა აზრის გათვალისწინება და სხვა.

ამის კონტრარგუმენტად ქართულ მხარეს კი ის მოსაზრება მოყავს, რომ საჭიროა სისწრაფე, რათა მოერგო თანამედროვე საზოგადოების განვითარების ტემპებს, საჭიროა ენერგიული და მიზანდასახული ნაბიჯები იმისათვის, რომ ეფექტურად განახორციელო რეფორმები და რეაქციულმა ძალებმა ვერ მოასწრონ წინააღმდეგობის გაწევა.


უახლოეს მომავალში – კერძოდ, ოქტომბერში იგეგმება საქართველოს ძირითადი კანონის – კონსტიტუციის შეცვლა. მოდი გამოვტოვოთ პოლიტიკური საკითხები – ისეთი, როგორიცაა ბალანსი და ძალთა გადანაწილება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ძალაუფლებას შორის და ყველა ჩვენთაგანისათვის უფრო საინტერესო საკითხები მიმოვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი მედიასაშუალება, პრესა, ტელევიზია და რადიოც კი ახალ კანონპროექტზე გამუდმებით მოგვითხრობდა, ის საკითხები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას, ცხოვრებას და ყოფას შეეხება ხშირად გაშუქების ღირსიც არ გამხდარა.

პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ახალი საკონსტიტუციო პროექტი, რომელზეც რამდენიმე თვის განმავლობაში საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა, უკვე წარდგენილია პარლამენტში და მისი საზოგადოებრივი განხილვებიც დასრულებულია.

საზოგადოებრივი განხილვა არის პროცედურა, რომელსაც თვით კონსტიტუცია ითვალისწინებს. ეს ნიშნავს, რომ უკლებლივ ყველას – ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს – ეძლევა საშუალება, გაეცნოს კონსტიტუციის პროექტს და თავისი შესაძლო შენიშვნებიც გააცნოს კომისიას.

ვინაიდან ახლა უკვე დაგვიანდა და განხილვაში ვეღარ მივიღებთ მონაწილეობას, მოდი ფაქტის წინაშე მდგომებმა მოკლედ მიმოვიხილოთ ცვლილებები:

პირველი და უმნიშვნელოვანესი – ესაა ადგილობრივი თვითმმართველობის გაფართოებული უფლებები.
მოკლედ რომ ვთქვათ (და იურიდიული ტერმინოლოგია გამოვტოვოთ), რაიონებისა და თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელობას, ასევე სოფლების საკრებულოებს გაუჩნდებათ როგორც საკუთარი ფინანსები, ასევე გარკვეული თავისუფლება, გადაწყვიტონ ადგილობრივი პრობლემები თბილისისაგან დამოუკიდებლად (და დახმარების გარეშე). თანხების განაწილებასაც ადგილობრივი თვითმმართველობა საკუთარი შეხედულებით მოახდენს, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო ადვილი გახდება სოფლებში გზების და ხიდების შენება, სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება. ყველა ტერიტორიულ ერთეულს შეეძლება, საკუთარი ბედი თვითონ გადაწყვიტოს. ამის გარანტი კი მხოლოდ ერთი რამ არის – ყველა მოქალაქის აქტიური მონაწილეობა არჩევნებში, ასევე მრავალპარტიული საკრებულო.

თუმცა, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ პარლამენტის მიერ ჯერ კონსტიტუციის მიღებას, შემდეგ კი ამ კონსტიტუციის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის ძალაში შესვლას.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი – ესაა ექსპროპრიაციის პრობლემა.
ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ – ქონების ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ. მიუხედავად იმისა, რომ საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება უზენაეს უფლებადაა აღიარებული და მისი ხელყოფა დაუშვებელია, ახალი კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საინტერესო შესაძლებლობას: კანონით ან სასამართლოს ძალით მთავრობას შეუძლია, ნებისმიერ პირს ჩამოართვას ნებისმიერი ქონება და დაასაბუთოს ეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით. რასაკვირველია, კონსტიტუცია ითვალისწინებს ასევე ჩამორთმეული ქონების ფინანსურ და სამართლიან ანაზღაურებასაც.

მაგალითად, შენდება ახალი ავტომაგისტრალი და გარკვეული (ტექნიკური თუ სეისმური) პირობების გამო, გზამ აუცილებლად იმ ადგილას უნდა გაიაროს, სადაც თქვენი მამა-პაპისეული სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი დგას. სამწუხაროდ, თქვენ ამ ადგილის დათმობა მოგიწევთ, მიუხედავად იმისა, გსურთ თუ არა ეს. სამაგიეროდ კი მიიღებთ სამართლიან ანაზღაურებას. მაგრამ ვინ იტყვის, რა ღირს თქვენი კარ-მიდამო? იქნებ მოწვეულმა ექსპერტმა უნდა შეაფასოს ეს საკითხი? ეს საკითხი ჯერ-ჯერობით ღიად არის დატოვებული. არ დაგავიწყდეთ, რომ მსგავსი დავის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს (ბათუმში) – ის დაგეხმარებათ ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტაში.

მესამე საკითხი: სასამართლო. 
ძალაუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად, სასამართლო არის მესამე ხელისუფლება და უნდა იყოს პარლამენტისა და მთავრობისაგან დამოუკიდებელი, რათა ჭეშმარიტად მიუკერძოებლად და სამართლიანად განახორციელოს მართლმსაჯულება. პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ყველაზე დიდი პრობლემა იყო სასამართლო ხელისუფლების კორუფცია. საქართველოს დღევანდელი სასამართლო მოდელი კი მაქსიმალურად დაცულია მსგავსი დაავადებისაგან. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ბევრი მოსამართლე ახალგაზრდაა და შეიძლება ცხოვრებისეული გამოცდილებაც აკლდეს, რეფორმის მომხრეები კი ასაბუთებენ – ახალგაზრდები სუფთები არიან, მათ არ ახსოვთ ის საშინელი კორუმპირებული სისტემა, რაც ადრე არსებობდა და ამიტომ მათი ნდობა შეიძლება.

ასეა თუ ისე, სახელმწიფომ დამატებითი ნაბიჯი გადადგა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისაკენ – ახალი კონსტიტუციის მიხედვით, მოსამართლეთა დანიშვნა მოხდება უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ გარანტირებული ექნებათ სამუშაო ადგილი და ხელფასი. ამიტომ მათ აღარ შეეშინდებათ სამსახურის დაკარგვა იმ შემთხვევაში, თუ რაიმე არაპოპულარულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. შედეგად უნდა მივიღოთ ისეთი მართლმსაჯულება, რომელზეც ვერავინ მოახდენს ზეწოლას – ვერც მინისტრები, ვერც პროკურორები, ვერც სახელმწიფო სტრუქტურების სხვა წარმომადგენლები.

რაც შეეხება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, საკმაოდ კრიტიკულად ვარ მის მიმართ განწყობილი. მგონია, რომ ეს ხელოვნური ელემენტია, რომელიც ჩვენს სასამართლო სისტემას საერთოდ არ შეესაბამება. თუმცა, ესეც დროის ამბავია – შეიძლება ჩვენმა კანომდებელმა ნელ-ნელა გადაგვიყვანოს კონტინენტალურ-ევროპული სამართლის სისტემიდან ანგლო-ამერიკულ სისტემაზე

სხვა ცვლილებების გასაცნობად ეწვიეთ: http://www.constcommis.gov.ge/

Advertisements

>ბაგრატის ტაძარი

>http://www.flickr.com/apps/slideshow/show.swf?v=71649

ესაო, ისაო…

ანგრევენო. აშენებენო. არესტავრირებენო. საშინელებას სჩადიანო. კარგად აკეთებენო…

რას გაიგებ?
ეს კაცი, რა ქვია, ღიმილის ბიჭი ყოფილა (არა, პროექტის ავტორი არა) შპს ”რაღაც კარები გააღე გასაღები მოარგე საქართველოს” დირექტორი.
ხოდა, რა უგემოვნო მაჩვიცაა, ყველამ კარგად იცის – გაიხსენეთ მისი წინასაარჩევნო კლიპი, ”ღიმილის ბიჭების” ფონზე იდუმალებით მოცული ღიმილით რო გვიყურებდა და თავისთვის რაღაცეებს ფიქრობდა.

ხოდა, დავუბრუნდეთ პროექტს, რომელიც ასე გამოიყურება:

ფასადი
ინტერიერი

გუმბათი

მოკლედ, დღევანდელი საქართველო სამ ნაწილად გაიყო:
პირველები ამბობენ, რომ ტაძარს უნდა გამაგრება და არანაირი რეკონსტრუქცია,
მეორეები თვლიან, რომ რესტავრაცია/რეკონსტრუქცია უნდა და თანაც ისე, როგორც საეკლესიო ხუროთმოძღვრება მოითხოვს (წინააღმდეგ შემთხვევაში იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიიდან წაშლიანო), ასევე მოქმედი ეკლესია უნდათ, მარხვით, ლოცვით და სიგარეტის მოსაწევად გალავნის იქით გასვლებით,
მესამეებს კი მიაჩნიათ, რომ ეს პროექტი სულაც არაა მკრეხელობა და თვლიან, რომ შუშის და ლითონის კონსტრუქციები არაფერს არ დააშავებს, არამედ ტაძარს სანახაობრივად უფრო საინტერესოს გახდის, ასევე ტურიზმისათვის მიმზიდველს.

ჩემი აზრით, სულაც არაა საჭირო, მოქმედ ეკლესიად აღდგეს ეს ტაძარი – თუმცა, ეს უკვე საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს.

რაც შეეხება ფორუმებზე და ბლოგებზე, ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ისტერიკას – ვაიმე, ბეტონს ასხამენ, უიმე, ადუღებენ (ასვარკებენ) და მისთანებს…
მათ შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვუთხრა – უკეთესი პროექტი შექმენით, უკეთესი მასალებით გააკეთეთ, უკეთესი ხელოსნები/ხელოვანები/ხუროთმოძღვრები/არქიტექტორები მოიყვანეთ და მერე…

ახლა კი ლირიკა პოლიტიკურ თემაზე:
საქართველოში ძალიან ბევრი პროექტი კეთდება დაუფიქრებლად, დაუგეგმავად და ნაჩქარევად. ამ ყველაფერზე ბევრი ფულის დაზოგვა არის ხოლმე განზრახული, მაგრამ ამავე დროს, ბევრი ფულის მოტეხვაც ხდება.
მერე, მოგვიანებით გამოჩნდება ხოლმე, რომ პროექტმა არ გაამართლა (შადრევანი გმირთა მოედანზე, ქვაფენილი პეროვსკაიაზე, ამირანი, რომელსაც რატომღაც პრომეთე ერქვა და სხვა) და ხდება ამ ყველაფრის გადაკეთება, გაუქმება და მიჩუმათება.
ამ ათასნაირ მაქინაციას კი სინამდვილეში ორმაგი ხარჯი მოყვება – გაუმართლებელი და უაზრო.

არადა, ნორმალურ ქვეყნებში რა კარგად აკეთებენ ყველაფერს…
ყველა საქმეს თავისი სპეციალისტი აკეთებს, გამოცდილი და ნასწავლი. ნებისმიერი საქმის წინ ხდება დეტალური დაგეგმვა, გაწერა, აწონ-დაწონვა, დათვლა…
საზოგადოებასთან შეთანხმების შემდეგ კი იწყება პროექტის განხორციელება და საბოლოო ჯამში ყველა კმაყოფილია.

აგერ ნახეთ, რითი დამთავრდება ბაგრატის ეს ამბავი, და კიდე მეორე გრანდიოზული – ესტაკადა ვერა-რეჩკის ხეობაში…

>Art იდეა

>გამოჩნდა ახალი და საინტერესო ბლოგი – ძალიან კარგი იდეაა და ძალიან მომწონს.

პროექტის ავტორია დოდკა.

აქ კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება ხოლმე თემები, რომლის გარშემოც ნებისმიერ მსურველს შეეძლება თავისი ნაშრომი, ნაწარმოები და დაჟე ნაწარმი წარმოადგინოს.

მოკლედ, შეესიეთ: Art იდეა