30 საყვარელი მწერალი

სამმა ადამიანმა, ჩემმა საყვარელმა მეგობრებმა დიმამ, ნინომ და ირინამ ახალ მაიმუნობაზე დამთაგა – 10 საყვარელი წიგნი დაასახელეო.

ჯერ ერთი: დავიწყოთ იქიდან, რომ ყველამ ძალიან კარგად იცით, როგორ მიყვარს კითხვა: ბავშვობიდან, განურჩევლად ხარისხისა და ასაკობრივი შეზღუდვისა, ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ხელში მომხვდებოდა.

მეორეც – მაქვს პერიოდები, როცა რამდენიმე წიგნს ერდროულად ვკითხულობ. მაგალითად, ეხლა ვკითხულობ სუნ ძის “ომის ხელოვნებას”, ჰიუ ლორის (ხო, აი დოქტორ ჰაუსს ვინც თამაშობს, იმ მსახიობის) წიგნს “იარაღით მოვაჭრეს”, მაიკლ ირვინის “კოპირაიტინგის საიდუმლოებებს” და გაი კავასაკის “სტარტის ხელოვნებას”. ოთხივეს ინგლისურად ვკითხულობ, აქედან ორი კი უკვე მესამე-მეოთხეჯერ გადაკითხვის ეტაპზეა.

მესამეც – ჩემმა მეგობრებმა ისიც კარგად იციან, რომ მე არ მაქვს საყვარელი ფერი, საყვარელი საჭმელი, საყვარელი ფილმი ან რეჟისორი, საყვარელი მხატვარი, მუსიკოსი და ა.შ. შესაბამისად, არც საყვარელი წიგნები მაქვს. უბრალოდ, არ შემიძლია გამოვყო და ვთქვა, რომელი მომწონს. აი, მაგალითად, კლასიკაც მიყვარს, ჯაზიც, როკიც, პოპიც, ელექტრონული მუსიკაც (ტექნო, ტრანსი, პროგრესივი), რეგიც, რეპიც და ეთნო მუსიკაც. მიდი და ამოირჩიე ეხლა აქედან 10 საყვარელი კომპოზიცია – სისულელეა რა 🙂

take a seat, read a book

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დავასახელებ მხოლოდ მწერლებს, რომლებმაც ჩემზე დიდი გავლენა იქონიეს, რომლებსაც ვუბრუნდები ან არ ვუბრუნდები, რომლებიც შეიძლება აღარც მომწონს – მაგრამ გავლენა დარჩა:

0. ილფი და პეტროვი – უბადლო გენიოსები.

1. მარკ ტვენი. სრულად, ყველა დიდი თუ პატარა მოთხრობა უნდა წაიკითხო, რომ გაიცნო ეს ადამიანი. მარტო ტომ სოიერი და ჰეკლბერი ფინი არაა საკმარისი – მაგალითად, ადამის და ევას დღიურებიც ნახეთ.

2. ო’ჰენრი – აუცილებელია იმისათვის, რომ მიხვდეთ, როგორი მწარეა ხანდახან ის, რაც თქვენ ტკბილი გგონიათ. საოცარი მეტამორფოზაა, როცა გაღარიბებული და გამათხოვრებული ადამიანი ასე ფიქრობს: “ჯენტლმენი არ აშანტაჟებს ადამიანს, ვინც მას ვისკით უმასპინძლდება”. მაგრამ როცა უსახსრობა საბოლოოდ მოუღებს ადამიანს ბოლოს და ნამუსზე ხელს ააღებინებს, დაშანტაჟებისა და ფულის გამოძალვის ფაქტის შემდეგაც კი, განადგურებული ადამიანი უარს ამბობს ვისკიზე: “ჯენტლმენი არ სვამს ვისკის იმ ადამიანთან, ვისაც აშანტაჟებს”.

3. ჯეკ ლონდონი – თავისი უამრავი, თითქოს ერთნაირი მაგრამ ამავე დროს სრულიადნ განსხვავებული ისტორიებით და სულში ჩამწვდომი ყრუ ტკივილით. ფიზიკური შიმშილით და გენეტიკური, სისხლის ყიჭინით.

4. ჯეიმს ფენიმორ კუპერი, ლუი ბუსენარი, ჟიულ ვერნი, რობერტ ლუის სტივენსონი, რაფაელ საბატინი, მაინ რიდი, ჰენრი რაიდერ ჰაგარდი და კიდევ უამრავი სხვა მწერალი, რომლებიც წერდნენ თავგადასავლებზე, მეკობრეებზე, მოგზაურებზე, დაკარგულ საგანძურებსა თუ გაუვალ ტყეებზე, ველურ ტომებზე და ათასგვარ სხვა სისულელეზე, რაც ნებისმიერ ადამიანში იწვევს თავგადასავლების ძიების სურვილს.

5. არტურ კონან დოილი – არა მარტო შერლოკ ჰოლმსი, არამედ დაკარგული ქვეყანაც კარგი საკითხავია – ისევ და ისევ თავგადასავლებზე დინოზავრების თანდასწრებით.

6. ზღაპრები – ყველა სახის ზღაპრები, როგორც ხალხური, ასევე მწერლების მიერ შედგენილი შეთხზული ამბები. ძირითადად ინდიელების, ჩინელების, იაპონელების, სკანდინავიელების, არაბების, აფრიკელების ზღაპრები მომწონდა – უცხო და სხვანაირად აწყობილი. ჩვენებური, ქართულ-რუსულ-ევროპული ზღაპრები მობეზრებული მქონდა – დედინაცვალი გერს აწვალებს, მერე წითელ ქუდს კერავს, მერე ჯუჯები გამოდიან და ასე შემდეგ… უცხო ქვეყნების ზღაპრებს კი აბსოლუტურად სხვა, ზღაპრული, წარმოუდგენელი სამყაროს ჩვენება შეეძლოთ.

7. ასტრიდ ლინდგრენი – აქ ზედმეტია რაიმეს დამატება.

ქართველებიც არ დავივიწყოთ – საკლასო პროგრამაში ყველა ძირითადი რამ, რაც გავიარეთ, შეიძლება ტოვებს კიდეც ადამიანზე დიდ გავლენას, მაგრამ ვერ იტყვი, რომ გიყვარს ან რომ გადაიკითხავ ხელახლა. ამის თქმა მხოლოდ ორ მწერალზე შემიძლია, რომლებიც არ შედიოდნენ საკლასო ლიტერატურაში და რომელთა ხელახლა გადაკითხვა ყოველ ჯერზე ახალ-ახალ რამეს გვძენს ჩვენ:

8. გურამ დოჩანაშვილი – ძალიან ღრმა და ფილოსოფიური, ალეგორიებით აღსავსე და მშვენიერი მაგალითების მომცემი.

9. ოთარ ჭილაძე – უმძიმესი და ურთულესი ენა, თითქოს ერთი ამოსუნთქვით წერდა და შენც ერთი ჩასუნთქვით უნდა წაიკითხო, თორემ ვერაფერს გაიგებ.

სხვა, სერიოზული ლიტერატურა და არა მარტო, კლასიფიკაციისა და სისტემის გარეშე:

10. ალექსანდრე დიუმა-მამა, სომერსეტ მოემი, ჰარუკი მურაკამი, ანტონ ჩეხოვი, მიხაილ ბულგაკოვი, ტერი პრეჩეტი, აგატა კრისტი, იან ფლემინგი, ალისტერ მაკლინი, ჯეიმს ჰედლი ჩეიზი, არტურ ჰეილი, რექს სტაუტი და კიდევ უამრავი, რომლებიც უკვე აღარ მახსენდება.

დაბოლოს, ჩემი ყველაზე საყვარელი ჟანრი – ფანტასტიკა:

11. ჯორჯ რონალდ რუელ ტოლკიენი

12. ჯორჯ რ. რ. მარტინი

13. აიზეკ აზიმოვი

14. ფრედერიკ პოლი

15. ფრენკ ჰერბერტი

16. ჰერბერტ უელსი

17. როჯერ ჟელიაზნი

18. რობერტ ჰაინლაინი

19. კლიფორდ საიმაკი

20. რობერტ შეკლი

21. ფილიპ დიკი

22. დუგლას ადამსი

23. კურტ ვონეგუტი

24. ურსულა ლე გუინი

25. ჰარი ჰარისონი

26. სტივენ კინგი

27. არტურ კლარკი

28. ძმები სტრუგაცკები

29. რეი ბრედბერი

აი, ყველა ის ავტორი, ვინც გამახსენდა და ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ცალკეულ ნაწარმოებებს ნუ მკითხავთ, მაინც ვერ დავასახელებ. როგორც თავიდანვე დავწერე – თითოეულმა ამ მწერალმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა მთლიანობაში, მთელი თავისი შემოქმედებით.

P.S. ბლოგერებო, შეგიძლიათ აიტაცოთ და თქვენ-თქვენი საყვარელი მწერლები ჩამოწეროთ.

Advertisements

ცოტაოდენი სტატისტიკა

მნიშვნელოვანი მოღვაწეები ხელოვნებაში, ლიტერატურაში, მუსიკასა და მეცნიერებაში – 1400-დან 1950 წლამდე.

output_MoNHnJ

>როგორ შევადგინოთ გამოყენებული ლიტერატურის სია

>როდესაც რაიმე ნაშრომზე ვმუშაობთ, აუცილებელია გამოყენებული ლიტერატურის სიის მითითება.
სწორედ ეხლა დამჭირდა და ბარემ აქაც დავდებ:

გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა


ზოგადი დებულებანი: 

გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა უნდა განთავსდეს ნაშრომის ბოლოს ძირითად ტექსტში მითითებული თანმიმდევრობის მიხედვით. ლიტერატურული წყაროს მითითებისას უნდა იქნას დაცული შემდეგი სტილები:


სტატია:
გვარი ინიციალი. [ინიციალი]., [გვარი] [ინიციალი.] [ინიციალი]. სრული სათაური. ჟურნალის სრული დასახელება ან აბრევიატურა. წელი, ტომი, [ნომერი,] გვ. დასაწისი–დასასრული.
მაგ.:
1. Xie W., Pu J., MacKerell A.D. Development of a Polarizable Intermolecular Potential Function (PIPF) for Liquid Amides and Alkanes. J. Chem. Theory Comput., 2007, 3, 6, 1878 -1889.

წიგნი:
ცალკეული გვერდების მითითებისას:
გვარი ინიციალი. [ინიციალი]., [გვარი] [ინიციალი.] [ინიციალი]. სრული სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. წელი, [ტომი,] გვ. დასაწისი–დასასრული.
მაგ.:
1. Bruice P. Organic Chemistry. New-York: Pearsonn Education, Inc., 2004, pp 45-123.

მთლიანი წიგნის მითითებისას:
გვარი ინიციალი. [ინიციალი]., [გვარი] [ინიციალი.] [ინიციალი]. სრული სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. წელი, [ტომი,] გვერდების რაოდენობა გვ.
1. Bruice P. Organic Chemistry. New-York: Pearsonn Education, Inc., 2004, 896 p.

პატენტი:
გვარი ინიციალი. [ინიციალი]., [გვარი] [ინიციალი.] [ინიციალი]. სრული სათაური. გამოცემის ადგილი პატენტის ნომერი. გამოქვეყნების თარიღი, განაცხადის ნომერი. განაცხადის შეტანის თარიღი.
1. Cunningham B. T., Li P. Method and instrument for detecting biomolecular interactions. USA Pat . No. 7292336. 6.11.2007. Appl. No.: 11/605,798. Filed: 28.03.2007.


ინტერნეტი:
ვებ–გვერდის დასახელება. უკანასკნელად იქნა გადამოწმებული – რიცხვი, თვე, წელი.
მაგ.:
1. http://patft.uspto.gov/netacgi/doc.html, უკანასკნელად იქნა გადამოწმებული – 5.03.2007.

გადაავლეთ ასევე თვალი ლიშთოთას პოსტს.

>წიგნის ქურდიც ქურდია?

>მე ქურდი ვარ.
დიახ, წიგნის ქურდი.

უფრო სწორად, მიმთვისებელი.
ამას წინათ მკითხა ნაცნობმა, რა წიგნის წაკითხვას მირჩევო და სწორედ მაშინ გამახსენდა, რომ:

შორეულ 1996 წელს საქართველოში მხოლოდ ერთი-ორი ქსეროქსის აპარატი (ასლგადამღები მანქანა) იდგა, მე კი ღარიბი სტუდენტი გახლდით და კაპიკი არ მეგდო ჯიბეში. ამიტომაც გამოვართვი ჩემს ლექტორს ერთი წიგნი, რომელიც საკურსო ნაშრომისათვის მომზადებაში უნდა დამხმარებოდა. ასევე საზეიმოდ დავპირდი: აუცილებლად დავაბრუნებ-მეთქი.
ჩემს ლექტორს დიდი ოფისი ქონდა ვერაზე, მე-19 საუკუნის სახლში, მაღალი ჭერითა და მოხატული კედლებით. ამ უცნაურ ოფისში რამდენიმე პენტიუმიც კი იდგა. მეტიც – მათ ინტერნეტიც კი ქონდათ გაყვანილი და რატომღაც ალტავისტას მეილებით ქონდათ გაჩაღებული მიმოწერა.

რატომღაც შემეშინდა ამ ოფისის და უცნაური მდივანი გოგონასი, რომელიც შავი ფერის ნაქსოვი მოკლე კაბით, წითელი პომადითა და ხორცისფერი კალგოტკებით დაიარებოდა.
საკურსოც კარგად დავწერე, კარგი ნიშანიც მივიღე, ამასობაში სწავლა დამთავრდა და შემრჩა ეს წიგნი. ყოველდღე ვპირდებოდი ჩემს თავს – დავურეკავ ლექტორს და ავუტან ვერაზე წიგნს მეთქი, მაგრამ…
ვერ მოვახერხე. ვერ მოვიცალე – ხან საქეიფოდ ვიყავი, ხან უქეიფოდ.

სამყაროსა და კოსმიური წონასწორობის წინაშე ვალი რომ მოვიხადო, ასევე უნდა ვთქვა, რომ ამ შემთხვევამდე რამოდენიმე წლით ადრე ერთმა კლასელმა (მას შემდეგ აღარც მინახავს) გამომართვა რუსულ-იაპონურ/იაპონურ-რუსული ლექსიკონი და უბრალოდ, უტიფრად შეიტყაპუნა.
კიდევ ბევრი წიგნი მაქვს, რომლებიც დროებით ან დიდი ხნით, ნაცნობებისთვის თუ უცნობებისთვის მითხოვებია და უკან აღარ დაუბრუნებიათ.

მოკლედ, წიგნების ქურდების გარემოცვაში ვართ, არადა მცოდნე ხალხი წუხს – ჩვენი საზოგადოება წიგნებს აღარ კითხულობსო…

მე ვკითხულობ. და ვიპარავ წიგნებს!

ასე რომ, თქვენთან სტუმრად თუ მოვხვდი და ჩემი წასვლის შემდეგ ერთი-ორი წიგნი შემოგაკლდათ, იცით სადაც უნდა დააკომენტოთ საჩივარი 🙂

Update
ნაბოდვარი ჩანაწერი, რომელიც ამ პოსტს დაედო საფუძვლად:
http://boos.audioboo.fm/swf/fullsize_player.swf

>კაფკა პლიაჟზე

>ჰარუკი მურაკამის სამი წიგნი ამოვბეჭდე.

თითო გვერდზე რომ ორი გვერდი დაიბეჭდოს, ისე – წვრილი შრიფტით.
თანაც, ერთ მხარეს სხვა რაღაც არის ამობეჭდილი – მიყვარს ასეთი ქაღალდის მეორედ გამოყენება – ვზრუნავ გარემოზე.

ამ ბოლო დროს ცოტას ვკითხულობთ ორივე – და ეს აუცილებლად უნდა შევცვალოთ 🙂

მიყვარს კითხვა და ყველაფერი, რაც ამასთან არის დაკავშირებული 😉

მურაკამი კი იმითი მხიბლავს, რომ რაღაც იდუმალ, ფანტასტიკურ და ამავე დროს აბსოლუტურად ჩვეულებრივ სამყაროს აღწერს – თითქოს ფარდას ხდის რაღაცას, რაც საბოლოო ჯამში ძალიან ნაცნობი აღმოჩნდება ხოლმე ჩვენთვის.

ქვეტექსტები აქვს ბევრი და კარგი.
იაპონური ელფერი ხომ საერთოდ ისედაც ყოველთვის მხიბლავდა.

მაგრამ აი კაფკა რა შუაშია – უნდა გავარკვიო.

>თაროებზე შემორჩენილი მტვერი

>არის რაღაცა სევდიანი ძველი წიგნების გადარჩევაში.

ზიხარ, ათვალიერებ თაროებს და იცი, რომ ძველები უნდა გადაყარო – შენი ახალი წიგნებისთვის ადგილი რომ მონახო.

ძველებია – რაღაცა კომუნისტური მოთხრობები და რომანები, უკვე არარსებული ქვეყნების დედაქალაქების ფოტოალბომები, უცნობი ხალხის ფოტოები…

ახლები კი – მურაკამი, ჭილაძე…

მაინც ვერ ველევი ბევრ წიგნს – ჩუმად ვინახავ კრილოვს ქართულად და 1963 წლის საეკლესიო კალენდარს.
ვინ იცის, რაში გამოგვადგეს…

>ტესტი – Знаешь ли ты классиков

>

Наш человек.
Лермонтов, Маяковский, Булгаков и Некрасов страшно благодарны тебе за то, что ты сохранил в памяти образы и высказывания их героев. Ты знаешь, почему Дубровский успокаивал Машу, а Раскольников уделал старушку… Безухов, Дон Гуан, Печорин для тебя — это не просто имена и фамилии, а Личности с характерами и историей. Классика — это твое!