>საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის ნაკლებად ცნობილი სიახლეები

>მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და სხვა დარგები საკმაოდ კარგი ტემპებით ვითარდება, საკანონმდებლო სფერო ოდნავ ჩამორჩება ამ მოვლენებს.

მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი რეფორმის ან თუნდაც მცირე ცვლილებისათვის საჭიროა არა მხოლოდ პოლიტიკური ნება, არამედ ასევე იურიდიული საფუძველი, რაც გამოიხატება კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მიღებაში.

არსებობს დარგების მთელი ჩამონათვალი, სადაც კანონთა ცვლილება თითქმის წესად იქცა – ისინი განიცდიან ხშირ და სწრაფ საკანონმდებლო ცვლილებებს. ზოგიერთი დასავლური მეგობარი ქვეყნის მიერ მოვლენილი ექსპერტები აკრიტიკებენ კიდეც ამ სიჩქარეს – ხშირ შემთხვევაში ეს ცვლილებები ნაჩქარევია, დაინტერესებულ პირთა ჩართვა არ ხდება საკანონმდებლო პროცესებში, არ ხდება ექსპერტთა აზრის გათვალისწინება და სხვა.

ამის კონტრარგუმენტად ქართულ მხარეს კი ის მოსაზრება მოყავს, რომ საჭიროა სისწრაფე, რათა მოერგო თანამედროვე საზოგადოების განვითარების ტემპებს, საჭიროა ენერგიული და მიზანდასახული ნაბიჯები იმისათვის, რომ ეფექტურად განახორციელო რეფორმები და რეაქციულმა ძალებმა ვერ მოასწრონ წინააღმდეგობის გაწევა.


უახლოეს მომავალში – კერძოდ, ოქტომბერში იგეგმება საქართველოს ძირითადი კანონის – კონსტიტუციის შეცვლა. მოდი გამოვტოვოთ პოლიტიკური საკითხები – ისეთი, როგორიცაა ბალანსი და ძალთა გადანაწილება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ძალაუფლებას შორის და ყველა ჩვენთაგანისათვის უფრო საინტერესო საკითხები მიმოვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი მედიასაშუალება, პრესა, ტელევიზია და რადიოც კი ახალ კანონპროექტზე გამუდმებით მოგვითხრობდა, ის საკითხები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას, ცხოვრებას და ყოფას შეეხება ხშირად გაშუქების ღირსიც არ გამხდარა.

პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ახალი საკონსტიტუციო პროექტი, რომელზეც რამდენიმე თვის განმავლობაში საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა, უკვე წარდგენილია პარლამენტში და მისი საზოგადოებრივი განხილვებიც დასრულებულია.

საზოგადოებრივი განხილვა არის პროცედურა, რომელსაც თვით კონსტიტუცია ითვალისწინებს. ეს ნიშნავს, რომ უკლებლივ ყველას – ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს – ეძლევა საშუალება, გაეცნოს კონსტიტუციის პროექტს და თავისი შესაძლო შენიშვნებიც გააცნოს კომისიას.

ვინაიდან ახლა უკვე დაგვიანდა და განხილვაში ვეღარ მივიღებთ მონაწილეობას, მოდი ფაქტის წინაშე მდგომებმა მოკლედ მიმოვიხილოთ ცვლილებები:

პირველი და უმნიშვნელოვანესი – ესაა ადგილობრივი თვითმმართველობის გაფართოებული უფლებები.
მოკლედ რომ ვთქვათ (და იურიდიული ტერმინოლოგია გამოვტოვოთ), რაიონებისა და თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელობას, ასევე სოფლების საკრებულოებს გაუჩნდებათ როგორც საკუთარი ფინანსები, ასევე გარკვეული თავისუფლება, გადაწყვიტონ ადგილობრივი პრობლემები თბილისისაგან დამოუკიდებლად (და დახმარების გარეშე). თანხების განაწილებასაც ადგილობრივი თვითმმართველობა საკუთარი შეხედულებით მოახდენს, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო ადვილი გახდება სოფლებში გზების და ხიდების შენება, სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება. ყველა ტერიტორიულ ერთეულს შეეძლება, საკუთარი ბედი თვითონ გადაწყვიტოს. ამის გარანტი კი მხოლოდ ერთი რამ არის – ყველა მოქალაქის აქტიური მონაწილეობა არჩევნებში, ასევე მრავალპარტიული საკრებულო.

თუმცა, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ პარლამენტის მიერ ჯერ კონსტიტუციის მიღებას, შემდეგ კი ამ კონსტიტუციის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის ძალაში შესვლას.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი – ესაა ექსპროპრიაციის პრობლემა.
ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ – ქონების ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ. მიუხედავად იმისა, რომ საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება უზენაეს უფლებადაა აღიარებული და მისი ხელყოფა დაუშვებელია, ახალი კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საინტერესო შესაძლებლობას: კანონით ან სასამართლოს ძალით მთავრობას შეუძლია, ნებისმიერ პირს ჩამოართვას ნებისმიერი ქონება და დაასაბუთოს ეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით. რასაკვირველია, კონსტიტუცია ითვალისწინებს ასევე ჩამორთმეული ქონების ფინანსურ და სამართლიან ანაზღაურებასაც.

მაგალითად, შენდება ახალი ავტომაგისტრალი და გარკვეული (ტექნიკური თუ სეისმური) პირობების გამო, გზამ აუცილებლად იმ ადგილას უნდა გაიაროს, სადაც თქვენი მამა-პაპისეული სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი დგას. სამწუხაროდ, თქვენ ამ ადგილის დათმობა მოგიწევთ, მიუხედავად იმისა, გსურთ თუ არა ეს. სამაგიეროდ კი მიიღებთ სამართლიან ანაზღაურებას. მაგრამ ვინ იტყვის, რა ღირს თქვენი კარ-მიდამო? იქნებ მოწვეულმა ექსპერტმა უნდა შეაფასოს ეს საკითხი? ეს საკითხი ჯერ-ჯერობით ღიად არის დატოვებული. არ დაგავიწყდეთ, რომ მსგავსი დავის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს (ბათუმში) – ის დაგეხმარებათ ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტაში.

მესამე საკითხი: სასამართლო. 
ძალაუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად, სასამართლო არის მესამე ხელისუფლება და უნდა იყოს პარლამენტისა და მთავრობისაგან დამოუკიდებელი, რათა ჭეშმარიტად მიუკერძოებლად და სამართლიანად განახორციელოს მართლმსაჯულება. პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ყველაზე დიდი პრობლემა იყო სასამართლო ხელისუფლების კორუფცია. საქართველოს დღევანდელი სასამართლო მოდელი კი მაქსიმალურად დაცულია მსგავსი დაავადებისაგან. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ბევრი მოსამართლე ახალგაზრდაა და შეიძლება ცხოვრებისეული გამოცდილებაც აკლდეს, რეფორმის მომხრეები კი ასაბუთებენ – ახალგაზრდები სუფთები არიან, მათ არ ახსოვთ ის საშინელი კორუმპირებული სისტემა, რაც ადრე არსებობდა და ამიტომ მათი ნდობა შეიძლება.

ასეა თუ ისე, სახელმწიფომ დამატებითი ნაბიჯი გადადგა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისაკენ – ახალი კონსტიტუციის მიხედვით, მოსამართლეთა დანიშვნა მოხდება უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ გარანტირებული ექნებათ სამუშაო ადგილი და ხელფასი. ამიტომ მათ აღარ შეეშინდებათ სამსახურის დაკარგვა იმ შემთხვევაში, თუ რაიმე არაპოპულარულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. შედეგად უნდა მივიღოთ ისეთი მართლმსაჯულება, რომელზეც ვერავინ მოახდენს ზეწოლას – ვერც მინისტრები, ვერც პროკურორები, ვერც სახელმწიფო სტრუქტურების სხვა წარმომადგენლები.

რაც შეეხება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, საკმაოდ კრიტიკულად ვარ მის მიმართ განწყობილი. მგონია, რომ ეს ხელოვნური ელემენტია, რომელიც ჩვენს სასამართლო სისტემას საერთოდ არ შეესაბამება. თუმცა, ესეც დროის ამბავია – შეიძლება ჩვენმა კანომდებელმა ნელ-ნელა გადაგვიყვანოს კონტინენტალურ-ევროპული სამართლის სისტემიდან ანგლო-ამერიკულ სისტემაზე

სხვა ცვლილებების გასაცნობად ეწვიეთ: http://www.constcommis.gov.ge/

Advertisements

>ემირ კუსტურიცა – სისხლის სამართლის დამნაშავე

>5 მარტს ემირ კუსტურიცას კონცერტია ერევანში. ალბათ წავლენ ქართველი თაყვანისმცემლები. წადით, წადით – თბილისში მის კონცერტს ხომ ვერასოდეს იხილავთ.

იცით რატომ? იმიტომ რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისთანავე მას დააპატიმრებენ და 2-დან 4 წლამდე პატიმრობას მიუსჯიან – საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით (იხ. ქვემოთ).

მე კუსტურიცა მაგრად არ მევასება. რატომღაც. ბევრ ქართველს კი ძალიან უყვარს მისი შემოქმედება. შეიძლება მე ვცდები და გენიალური რეჟისორია. შეიძლება სხვა ქართველები ცდებიან და საკმაოდ მდარე ”კინოშნიკია”.

ხომ გახსოვთ, კუსტურიცა რომ ცხინვალში იყო ჩასული და გამოაცხადა – ქართველების აგრესიაზე ფილმს გადავიღებო? ისიც ხომ გახსოვთ, როგორც კი გაიგო, რომ თურმე ჰოლივუდი იღებს უკვე ფილმს რუსების აგრესიაზე – ეგრევე ”დაზადნა”.

ჰოდა, ცხინვალში რუსეთის ტერიტორიიდან ჩავიდა ჩვენი ემირი. ასე რომ… ვირის აბანო ემუქრება :)))

1. საქართველოს კანონი

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

მუხლი 4. თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

1. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;
ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულის გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
თავი XXXVII¹

ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა

მუხლი 322¹. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა

1. უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.