იდეალური ქართველი

იდეალური ქართველი მრგვალია, როგორც სფერო – ანუ მას გააჩნია იდეალური ფიგურა.
მას არ აქვს სქესი – კაციც და ქალიც თანაბრად მსმელი და დამრტყმელია. მას სექსიც არა აქვს – ეს ხომ გარყვნილებაა!

მას არ აქვს საკუთარი შეხედულებები – იგი საუკუნეების განმავლობაში გამობრძმედილ, გამოჭედილ ნააზრევს, ხალხურ-რელიგიურ-ფილოსოფიურ-ბატონყმურ-დამპყრობლურ-მონურ-ერთფეროვან-მიკერძოებულ-შებოჭილ-შეზღუდულ აზრთა ნაჟურს იზიარებს მხოლოდ. დედის რძესთან ერთად ღებულობს, და იშტამპება ისევე, როგორც ყოველი სხვა ქართველი მანამდე, და მის მერეც.

იდეალური ქართველი არ ფიქრობს. ის ჭამს. არ კითხულობს, ის უყურებს. ის არ ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას, მხოლოდ ქვევრივითაა – სხვის ნათქვამს ამოიძახებს. იდეალურ ქართველებში შესაშური ერთგვაროვნებაა: ყველა დიეტაზეა, ყველას საერთო შტამპები აქვს გემოვნებაში და ყველას ერთნაირად ეშინია ამ საერთო ნიშან-თვისების დაკარგვის, რასაც ქართველობა ქვია.

აი, კონკრეტულად რა არის ეს ქართველობა, რომ კითხო – ვერ გიპასუხებენ.

Advertisements