>ლოგოს დიზაინი და შრიფტები

>ამას წინათ დამჭირდა ლოგოს დამზადება – ან შეკვეთა. რა თქმა უნდა, ჩემგან დიზაინერი არ გამოვა და არც მოპარული ლოგოს ან შრიფტის გამოყენება არ მინდა; ამიტომ უნდა შევუკვეთო/დავახატინო.

აქაც (როგორც სხვა ყველაფერში), პრობლემის გადაჭრის ორი გზა არსებობს:

1. ზარი ახლობელთან (ვინმე დიზაინერ/მხატვართან), რომელიც უფასოდ და უხალისოდ გაგიკეთებს რამე ლოგოს, სავარაუდოდ, ცუდს.

2. მიმართვა პროფესიონალებს, რომლებიც დიდი თუ მცირე თანხის სანაცვლოდ დაამზადებენ კარგ ლოგოს.

სანამ ლოგოს დამამზადებელს/შემქმნელს ვეძებდი, ბევრი საინტერესო რამ მოვნახე ინტერენეტში და მინდა გაგიზიაროთ:

პირველ რიგში, ესაა 20 ყველაზე პოპულარული შრიფტის ჩამონათვალი.

 

მეორე საინტერესო მიგნება კი არის ძალიან კარგი დიზაინერის, ბრაიან ჰოფის 20 შეკითხვა, რომელიც უნდა დაუსვას დამკვეთს დიზაინერმა ლოგოს დამზადებამდე.

ნაწილი პირველი – შეკითხვები კომპანიის შესახებ:

1. როგორ აღწერდით თქვენს პროდუქციას ან მომსახურებას?

2. დამისახელეთ თქვენი კომპანიის გრზელვადიანი სტრატეგიული გეგმები/მიზნები.

3. რაში დაგჭირდათ ახალი ლოგო (თუ დამკვეთს უკვე აქვს ლოგო)? რისი მიღწევა გინდათ თქვენი ახალი ლოგოს მეშვეობით?
ეს შეკითხვა დაგეხმარებათ პრობლემის გაგებაში.

4. ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?
დამკვეთის მიერ მოწოდებული ბმულები ან ინფორმაცია დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ ბაზრის ამ სეგმენტში და კონკურენციის პირობებში.

5. რითი გამოირჩევით თქვენი კონკურენტებისაგან?

6. რა საშუალო ასაკი აქვს თქვენს მიზნობრივ აუდიტორიას?
პასუხი ამ შეკითხვაზე დაგეხმარებათ ლოგოტიპის ძირითადი მონახაზის აღქმაში.

ნაწილი მეორე – შეკითხვები პროექტის შესახებ:
7. გაქვთ თუ არა სლოგანი? თუ კი, გინდათ თუ არა მისი განთავსება ლოგოზე?
8. გაქვთ თუ არა თქვენი წარმოდგენა/იდეები ლოგოსთან დაკავშირებით?
9. რაიმე ფერებს ხომ არ ანიჭებთ უპირატესობას, ან კორპორატიული ფერები ხომ არ გაქვთ?
10 . ხომ არ გინდათ რომელიმე კონკრეტული ფერის გამოყენებაზე უარის თქმა?
11. რომელი ზედსართავი სახელით აღწერდით თქვენს ლოგოს?
12. როგორი შეგრძნება ან შეტყობინება უნდა გადასცეს თქვენმა ლოგომ მის მნახველს?
13. როგორი ფორმით უნდა იყოს თქვენი ლოგოს ტექსტი დაწერილი?

მაგალითი: thedesigncubicle ან the design cubicle

14. ტექსტის როგორ გაფორმებას ისურვებდით?
მაგალითი: სქელი, დახრილი, ხელნაწერი და სხვა.

15. სად გამოიყენებთ თქვენს ლოგოს?
მაგალითი: ინტერნეტი, ბეჭდური მედია, სხვა.

16. უფრო ხშირად სად გამოიყნებთ ლოგოს?
როგორც წესი, ინტერნეტში გამოყენებისათვის ჰორიზონტალური ლოგოები უფრო მოსახერხებელია.

17. დაახლოებით რა დროს, რა ვადაში, ან ზუსტად რა თარიღისათვის გინდათ რომ დამზადდეს ლოგო?

18. ბიუჯეტი?
თანხაზეა დამოკიდებული როგორც მთლიანი ფასი, ასევე ის, თუ რამდენ წინასწარ ვარიანტს მიიღებს დამკვეთი.

19. გსურთ თუ არა, რომ ლოგოსთან ერთად დამატებითი დიზაინერული მასალები მიიღოთ?
მაგალითად, სავიზიტო ბარათი, კონვერტი, წერილის ბლანკი და სხვა.

20. რომელი ლოგოები მოგწონთ და რატომ?
აქაც სასურველია, რომ დამკვეთმა მოგაწოდოთ ბმულები ან სხვა ვიზუალური მასალა.

Advertisements

>ფილიპ სტარკის მონოლოგი დიზაინზე (და არა მარტო)

>http://video.ted.com/assets/player/swf/EmbedPlayer.swf

>ცოტა ისტორიასაც მოვუსმინოთ

>მოგეხსენებათ, საბჭოთა დიზაინი სულაც არ იყო ცუდი, მაგრამ ერთი რამე რუსებს არ გამოსდიოდათ: მანქანების დიზაინი.

ამიტომაც ყველაფერს იპარავდნენ მტრული კაპიტალისტური ქვეყნებიდან.

ამას წინათ მივაქციე ყურადღება ერთ საინტერესო დეტალს:

ცნობილი საბჭოტა ”ზაპოროჟეცი” მოპარული ყოფილა გერმანული მანქანიდან NSU Prinz.

NSU Motorenwerke AG დაარსდა 1873 წელს და 1969 წელს Volkswagen Group-ს შეუერთდა.

ფოლქსვაგენმა კი აიღო და მასში შემავალი ორი ორგანიზაცია გააერთიანა: NSU და Auto Union, რომელიც, თავის მხრივ, შედგებოდა ოთხი ფირმისაგან: AudiWanderer, Horch და DKW (და რომელიც ფოლქსვაგენმა Daimler Benz-ისაგან შეიძინა).

აუგუსტ ჰორხის (ავტოინჟინერი) გვარი გერმანულ კუთხურ ენაზე ნიშნავს იგივეს რასაც ქართული ”გეყურება?” ანუ ”მოსმენას”.
ჰოდა ამდენი ცვლილებისა და შერყწმის შემდეგ ბატონი ჰორხის გვარი თარგმნეს ლათინურად და მიიღეს კომპანიის ახალი სახელი.

ამას აღნიშნავს აუდის ლოგოც: ოთხი რგოლი (Horch, Wanderer, DKW, NSU)

>დიტერ რამსი – თანამედროვე დიზაინის 10 პრინციპი

>საინტერესო გვარი აქვს დიტერს – რამსი 🙂
მაგრამ რამსები არა აქვს არეული 🙂

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინდუსტრიული დიზაინერია – კომპანია ბრაუნისათვის არაერთი შესანიშნავი პროდუქტი შექმნა.

დიტერ რამსს ჩამოყალიბებული აქვს თანამედროვე დიზაინის 10 პრინციპი:

კარგი დიზაინი:
  • ინოვაციურია
  • გვაძლევს სასარგებლო პროდუქტს
  • ესთეტურია
  • ქმნის გასაგებ პროდუქტს
  • არ აგეკვიატება
  • ალალია
  • მრავალწლიანია
  • გათვლილია წვრილმან დეტალებამდე
  • ჰარმონიულია გარემოსთან
  • რაც შეიძლება ნაკლებად დიზაინერულია

ნამუშევრები და ბიოგრაფია:

  1. ბმული 1
  2. ბმული 2
  3. ბმული 3

>Designer Catbox

>
სულ რაღაც 99,95 დოლარად თქვენი ფისო თავს ბედნიერად, დაცულად, სუფთად და დამალულად იგრძნობს.

>დიზაინის შეცვლის დროა!

>ერთგულო მკითხველო!

აბა შეიხედე აქ და მითხარი, ივარგებს თუ არა დიზაინი.

ველი პასუხს კომენტარებში.