ბრაკი

გიფიქრიათ იმაზე, რომ წუნდებული საქონელი ყოველთვის უფრო ორიგინალურია, ვიდრე დაშტამპული, მასიურად გამოშვებული პროდუქცია?

აი ერთი ბლოკნოტი მაქვს, რომელიც ჩვენმა მარკეტინგის სამსახურმა დაბრაკა – შეკვეთილი ლამაზი ბლოკნოტების სერიიდან ეს ერთი აღმოჩნდა მახინჯი.

სხვა ბლოკნოტები დაურიგდათ კლიენტებს, პარტნიორებს და უბრალოდ ვიპებს.

ეს დაწუნებული კი დარჩა – მას ოდნავ მეტი ფურცელი აქვს, ვიდრე ორიგინალებს. რეზინაც არ აქვს, არც ჯიბე. და რაც მთავარია – კომპანიის ლოგო და სახელი დაბეჭდილია გოფრირებით, მაგრამ საღებავით აღარაა ამოვსებული. ამიტომ, სულ არ ჩანს, ძალიან თუ არ დააკვირდი.

ძალიან მომწონს, ეგრევე წავართვი და მივისაკუთრე. ნუ ეხლა, წავართვი რა… ეგდო იქ ეულად სადღაც კარადაში.

ხოდა, იმაზე გიფიქრიათ, რომ ხალხიც ეგრე გამოირჩევა ერთმანეთისგან? დაშტამპულად, ერთნაირად მოაზროვნე ადამიანები უინტერესოები რომ არიან? და მხოლოდ ის ხალხია საინტერესო, ვისაც ერთი შეხედვით, რაიმე უცნაური თვისება გააჩნია?

აი, შეიძლება ოდნავ ექსცენტრიულია, ან ოდნავ უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი, ვიდრე ჩვენი საზოგადოების 85%. ან ოდნავ სხვანაირად იცმევს, ან სხვანაირად ხუმრობს. ან, სულაც – ოდნავ კი არა, ზედმეტად გამორჩეულია.

აი, ეგეთი ხალხია უფრო საინტერესო, განსხვავებულები რომლებიც არიან. მხოლოდ მათთან უნდა გქონდეს კონტაქტი. მხოლოდ მათ აქვთ თამამი იდეები, გიჟური მოწოდებები და მხოლოდ მათ შეუძლიათ, უკეთესობისკენ შეცვალონ სამყარო.

აი მასა კი… მასა უბრალოდ სხვა რამისთვის არსებობს ამ ქვეყანაზე.

Advertisements