საწვავი

ასაკთან ერთად მოდის რომი. მოაქვს სითბო და რაღაცნაირი სიბრძნე. სიმშვიდე და სისავსის გრძნობა. ღვინოს, კონიაკს და ვისკის თავისი მიმართულებები აქვთ, ასევე white russian-ს და მასთან ერთად მისაყოლებელ თრიაქს.
რომი კი სულ სხვაა – შიგნიდან გიკიდებს ცეცხლს. Truly, огненная вода.

Advertisements

20 რამ, რაც არ ვიცოდი 20 წლის ასაკში

(c) unknown

1. გარშემო ყველას უნდა, რომ ჩლუნგები ვიყოთ. რაც უფრო ჩლუნგია მოსახლეობა, მით უფრო ადვილია გაყიდო შენი პროდუქტი. ტელევიზორის დიაგონალის ზომა ადამიანის ინტელექტის უკუპროპორციულია.

2. ნუ დაუჯერებთ განათლების სისტემას. სასწავლო პროგრამა უკვე მაშინ იყო მოძველებული, როცა მისი გამოგონება დაიწყეს. გამონაკლისი – ზუსტი მეცნიერებები.

3. იკითხეთ რაც შეიძლება მეტი, გაუჩერებლივ. ადამიანმა არასოდეს იცის, რაში და როგორ გამოადგება ახალი ცოდნა. მაგრამ ამისათვის მომზადებულები უნდა ვიყოთ.

4. ისწავლეთ გარშემომყოფებთან ურთიერთობა. ხალხისათვის თავის არიდება წაგაგებინებთ, ხელს შეგიშლით სასარგებლო კონტაქტების გაბმაში.

5. სიმორცხვე – დროის ფუჭი ფლანგვაა. ნუ დანებდებით ემოციებს.

6. თუ რამე არ მოგწონთ მეორე ადამიანთან ურთიერთობაში, იცოდეთ, რომ სწორედ ეს “რაიმე” იქნება ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი.

7. რაც შეიძლება ხშირად ეკონტაქტეთ უფროსი ასაკის ხალხს. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ მათი ღირებულებებისა და ფასეულობების, შეხედულებებისა და მსოფლმხედველობის შესახებ.

8. იპოვნეთ ხალხი, რომელთა საქციელიც აღტაცებისა და მიბაძვის ღირსია – და შეეცადეთ, აჯობოთ მათ.

9. დროსთან ერთად ხალხი უფრო კონსერვატიული ხდება. თუ რაიმე რისკიანის გაკეთება გინდათ, ახალგაზრდობაში უნდა მოასწროთ. საერთოდ, რეფორმატორობა ცოდნისა და გამოცდილების არქონის შედეგია და არა გათვლილ–გაანგარიშებული მოქმედების.

10. ნუ დახარჯავთ ფულს სისულელეებზე: დააგროვეთ თანხა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის (მათ შორის, საკუთარი საქმის/ბიზნესის/სტარტაპისათვის). ეს გასწავლით ასევე ფულის დაზოგვას და გამოზომილ ხარჯვას – მიზანდასახულად და ჭკუის დატანებით.

11. თუ ასარჩევად გაქვთ საქმე, დახარჯეთ ფული შთაბეჭდილებების მიღებაზე და არა ნივთების შეძენაზე. ვერაფერი მოგანიჭებთ იმაზე დიდ სიამოვნებას, ვიდრე შთაბეჭდილებები და მოგონებები.

12. მას შემდეგ, რაც ისწავლით ფულის ეკონომიას, ისწავლეთ ასევე ფულის შოვნაც.

13. ისწავლეთ პროგრამირება. ეს უნვერსალური რჩევაა, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა ისწავლოთ რაიმე სასარგებლო საქმის გაკეთება ან ნივთის თქვენი საკუთარი ხელით დამზადება. თუ პროდუქციის წარმოებას აპირებთ, ეს მით უფრო დაგეხმარებათ.

14. ნუ აკრიფავთ ზედმეტ წონას ახალგაზრდობაში. სამომავლოდ ეს წონა შეამცირებს თქვენი ცხოვრების აქტიურ პერიოდს 10–20 წლით.

15. ისწავლეთ საჭმლის მომზადება. საუკეთესო დროა იმისათვის, რომ მექანიკური საქმით დაკავებისას იფიქროთ განყენებულ თემებზე.

16. გამოიძინეთ. ძილის უკმარისობა უარყოფითად მოქმედებს მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხზე.

17. ჩაიწერეთ თქვენი ყველა საქმე. რაც არ უნდა შესანიშნავი მეხსიერება გქონდეთ, ის მაინც არაა საკმარისი, რომ მოიცვათ ყველაფერი.

18. იქონიეთ დიდი ოცნება. მის გარეშე თქვენი ცხოვრება ჩაკეტილ წრეზე სირბილს ემგვანება.

19. გახდით თქვენი საქმის სპეციალისტი, ვიდრე საქმიანობის სფეროს გამოიცვლით. მნიშვნელოვანია, რომ კარგი სპეციალისტი იყოთ, რომ შემდგომში შეძლოთ ზოგადი საქმის კარგად კეთება.

20. ნუ შეეცდებით, შეცვალოთ ხალხი. მოძებნეთ ისეთები, რომლებიც ჯერ არ გაფუჭებულან.

აპერიტივი, მხატვარი: ალდო ბოლდინგი

ბონუსი:

I. ისწავლეთ რამდენიმე უცხო ენა. ეს დაგეხმარებათ უცხო კულტურის გაგებაში, ასევე სხვადასხვა სახის შეხედულებებისა და ფასეულობების აღქმაში.

II. ისწავლეთ გამართულად წერა და კულტურულად ლაპარაკი. საქმიანი ურთიერთობებისას, ხალხის მართვისას და საკუთარი მოსაზრების გატანისას ამაზე კარგად არაფერი დაგეხმარებათ.

III. ისწავლეთ ეთიკური კონკურენციის წესები იმ სფეროებში, რომლებშიც საქმიანობთ. ცხოვრება თავისთავად ძალიან კონკურენტული გარემოა და ამ გარემოში მოძრაობის უნარის არქონა ამცირებს თქვენს შანსებს, შეიცვალოთ და გაიუმჯობესოთ მდგომარეობა ან სოციალური სტატუსი.

წყარო: kraynov.com

>სიითი შემადგენლობა

>

სურათი: გუგლის ძიებიდან სიტყვებზე “სიითი შემადგენლობა

ასაკთან ერთად ადამიანს გამოცდილებაც ემატება.
სამაგიეროდ, ტვინის უჯრედები კვდება და წაკითხულს, ნანახს, ნასწავლს და გამოცდილს ვეღარ იმახსოვრებ.

აი, ასეთია ადამიანობის პარადოქსი – გამოცდილება გემატება, მეხსიერება კი გაკლდება.

კიდევ სხვა რამეებიც გაკლდება – კალციუმი ძვლებში, ენერგია და ატფ, გაკლდება ასევე ხალისი და სილაღე. სურვილებიც გაკლდება და უფრო მეტად რეალისტი ხდები. იხსენებ, როგორ დაფრინავდი შენს ოცნებებში, როგორ იპყრობდი აუღებელ მწვერვალებს და გეცინება.
ეხლა შენთვის სულ სხვა მიღწევებს აქვს მნიშვნელობა და იდუმალი, აუსრულებელი სურვილების დევნას მომავალ თაობას უთმობ.

სამაგიეროდ, მშვიდად ზიხარ და აკვირდები, უსმენ, ითვისებ და აანალიზებ გარშემო მიმდინარე პროცესებს. და ერთ რამეს ხვდები – ეს მარტო ადამიანური პარადოქსი არაა, ზოგადად საკაცობრიო პრობლემაა ის, რომ დროსთან ერთად თითქოს გამოცდილება და ცოდნა გვემატება, მაგრამ სამაგიეროდ მეხსიერება გვიმოკლდება და უფრო მეტი რამ გვავიწყდება კიდეც…

ვეღარ ვიხსენებ:

  • ვინ მინდოდა გამოვსულიყავი, როცა გავიზრდებოდი
  • რომელი ზღაპრები მიყვარდა
  • რა ქვეყნებში მინდოდა მემოგზაურა და რატომ
  • რომელი დღესასწაულები მომწონდა
  • რატომ მიყვარდა ტკბილეული და არ მიყვარდა წვნიანი (ვერ ვიტან, როცა ქართულად “სუფს” ეძახიან)
  • რა მოხდა ჩემს დაბადების დღეზე (და კონკრეტულად, რომელზე), რის გამოც შემზიზღდა ეს დღე
  • რამდენი წიგნი მაქვს წაკითხული
  • რამდენი მეგობარი დაკარგული
  • რამდენი აუსრულებელი ოცნება დამრჩა
  • ან რამდენი ამისრულდა

კიდევ ბევრ რამეს ვეღარ ვიხსენებ, მაგრამ ამის სიასაც ვერ ვწერ – დამავიწყდა…

>როგორ უნდა ჩავალაგოთ ზურგჩანთა/რუკზაკი

>


პოსტების სერიიდან – ამოიღეთ ხმა!

პოსტის ავტორი/სტუმარი – Tjorven

მოკლედ, მეგობრებო, ვინაიდან და რადგანაც საქართველოში უამრავი ადგილია, სადაც მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი მისვლა/მონახულება – არდადეგების საუკეთესო ვარიანტია ლაშქრობა.

იმისათვის რომ ლაშქრობა დაგეგმოთ (თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ) უნდა ნახოთ ეს ტუტორიალი.
ამის შემდეგ კი გააგრძელოთ ამ პოსტის კითხვა, რადგან ყველაზე მთავარი ატრიბუტი, ზურგჩანთა – თქვენი ყველაზე ახლო და საყვარელი მეგობარი იქნება მთელი ლაშქრობის მანძილზე და თუ ყურადღებით არ მოეკიდებით მისი ჩალაგების საკითხს, მერწმუნეთ, თქვენი ლაშქრობა შეიძლება ჯოჯოხეთს დაემსგავსოს.

მაშ ასე, ვიწყებთ :
უნდა ავიღოთ ზურგჩანთა, საუკეთესო ვარიანტია 40 ლიტრიანი (დიახ, დიახ ზურგჩანთის ზომა ლიტრებში იზომება). ეს საშუალო ზომის ჩანთა გახლავთ.
შემდეგ დავალაგოთ თან წასაღები ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე საძილე ტომარა, კარავი და “პარალონი”.
ახლა დავაკვირდეთ ჩვენს მიერ დალაგებულ ნივთებს და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ – აქედან ყველა ნივთი  გვჭირდება თუ არა.

დავიწყოთ ჩალაგება.
ავიღოთ დიდი სანაგვე პარკი (შავები და ცისფრები რომ იყიდება ყველა მაღაზიაში, ისეთი) და მოვათავსოთ შიგნით ჰორიზონტალურად საძილე ტომარა და კარავი (თუ კარვის ჩანთა ძალიან გრძელი არაა, ანუ არ აჭარბებს ჩანთის სიგანეს). თუ კარვის სიგანე აჭარბებს ჩანთის სიგანეს, მაშინ ცოტა ხანი მოიცადეთ და განაგრძეთ კითხვა.
შემდეგ იგივე სანაგვე პარკს ვაფენთ მთლიან ჩანთაში (აი ისევე როგორც სანაგვე ყუთში ვაკრავთ ხოლმე).
ახლა კი დავიწყოთ ნივთების გადანაწილება ჩანთაში, მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია.
  1. ჩანთის სულ ქვედა ნაწილში აუცილებლად უნდა იდოს მყარი რამ, ისეთი, რაც არ იყანყალებს – ანუ კარავი (თავის ჩანთაში შეფუთული) და/ან საძილე ტომარა. თუ კარავი ჩანთაზე განიერია, მაშინ ის ვერტიკალურ მდგომარეობაში იდება ჩანთის ძირითად ნაწილში, ტანსაცმლის რომელიმე გვერდზე, ჩანთის მთელი სიგრძის გაყოლებაზე.
  2. ჩვენს მიერ ჩანთაში ჩაფენილ ცელოფნის პარკში ვიწყებთ (დაკეცილი და მაქსიმალურად დაპატარავებული) ტანსაცმლის ჩალაგებას. სულ ქვემოთ უნდა ჩადოთ ყველაზე თბილი თანსაცმელი, შემდეგ უნდა ჩადოთ შარვალი-ბრიჯი-შორტები და მაისურები, ზემოდან კი უნდა დაადოთ რამე თბილი, საშუალო სისქის მოსაცმელი და “ბასანოჟკები”, “ჩუსტები” ან რაიმე მსუბუქი გამოსაცვლელი ფეხსაცმელი.
  3. გაინტერესებთ რას ვუშვებით ტრუსებს, წინდებსა და პირადი ჰიგიენის ნივთებს? გეტყვით ეხლავე. ეს ყველაფერი უნდა მოთავსდეს ჩანთის მარცხენა და მარჯვენა ჯიბეებში (ან სულაც წინა ჯიბეში – გააჩნია, როგორი ჩანთა გაქვთ).
  4. ჩანთის ზედა დასახურ ნაწილს, შიგნიდან ან გარედან პატარა ჯიბეა მოთავსებული. მინდა გითხრათ, რომ ეს ჯიბე ყველაზე მნიშვნელოვანია. აქ უნდა ჩადოთ ის ნივთები, რომლებიც გზაში ხშირად დაგჭირდებათ. ასეთებია – მზის კრემი, კანფეტები ენერგიისათვის, აიპოდი ან სხვა მუსიკალურ-გასართობი რამ, ბენდენა ან ქუდი, ტუალეტის ქაღალდი  და სველი ხელსახოცები.
  5. “პარალონი” არის საძილე ტომრის ქვეშ დასაგები, სითბოს შემნარჩუნებელი, ოდნავ რბილი, თხელი ლეიბი. პარალონი მაგრდება ზურგჩანთის გარეთა მხარეს სპეციალურად დატოვებული/გამოყოფილი სარტყლებით.
  6. მაშ ასე, შეიძლება ითქვას, რომ ზურგჩანთა ჩავალაგეთ. ახლა ჩალაგების სიზუსტის შემოწმების დროა. აიღეთ თქვენი ჩალაგებულ – შეკრული ჩანთა და მოიკიდეთ ზურგზე. მოიჭირეთ სახელურები და დააყენეთ სასურველ ზომასა და სიმჭიდროვეზე, შეიკარით წელზე შემოსარტყამი სპეციალური ქამარიც (რომელიც უზრუნველყოფს ჩანთის წონის სხეულზე ზუსტ და თანაბარ განაწილებას) და გაიარ-გამოიარეთ რამდენიმე ნაბიჯი.
    თუ თქვენი ზურგჩანთა არ გექაჩებათ უკან, ან არ გძლევთ რომელიმე მხარეს, გილოცავთ – თქვენ ამ საქმეს თავი საუკეთესოდ გაართვით!
  7. გისურვებთ საინტერესო და სასიამოვნო ლაშქრობას!

>როგორ ვებრძოლოთ დეპრესიას

>

პოსტების სერიიდან – ამოიღეთ ხმა!

პოსტის ავტორი/სტუმარი – მარიკა ჩ.

როცა შეამჩნევთ, რომ დეპრესიამდე სუუულ ცოტა გიკლიათ და ასევე ცოტა გიკლიათ ”სასოწარკვეთილი დიასახლისის” იარლიყის მორგებამდე – სამსახურიდან გამოსულმა ქუჩაში მარტო გაისეირნეთ.
არც Shopping-ზე, არც ვინმეს შესახვედრად, არც კაფეში მისასვლელად, არც ვინმეს გასაცნობად წახვიდეთ, უბრალოდ გაისეირნეთ და დაფიქრდით, რომ ყველა პრობლემას აქვს ახსნა და ყველა გამოუვალ სიტუაციას კი გამოსავალი:

  1. მერე რა, რომ დილით ადრე გაღვიძებულს გიწევს მეუღლის პერანგის დაუთოვება და 2 წუთის წინ ბაღისთვის გამზადებული ბავშვის გამოცვლა, იმიტომ რომ ფაფა გადაისხა – სამაგიეროდ შენს საყვარელ ოჯახთან ერთად იწყებ დილას;
  2. მერე რა, რომ სამსახურში 20 წუთით იგვიანებ იმიტომ რომ ბავშვის ბაღიც სამსახურის დროს იწყება და გარეთ ხომ არ დატოვებ? სამაგიეროდ ასეთი დაგვინება საპატიოა და ზოგჯერ ეს მიზეზი შეგიძლია სხვა შემთხვევაშიც გამოიყენო 😉
  3. მერე რა, რომ სამსახურიდან სახლში დაღლილი ბრუნდები, ერთი სული გაქვს, დაიძინო და ათასი საქმე გეყრება თავზე, ხშირად სტუმრებიც შესვლისთანავე მოგყვებიან – სამაგიეროდ მეგობრებს უყვარხარ და შენთან მოსვლა უხარიათ.
  4. მერე რა, რომ სამსახრუში იმდენი საქმე გაქვს, რომ უკვე ატყობ – მეტი აღარ შეგიძლია – სამაგიეროდ თვის ბოლოს შესაძლებელია პრემია მოგცენ;
  5. მერე რა, რომ გასუქდი და ძველ ტანსაცმელში აღარ ეტევი – სამაგიეროდ გარდერობს განაახლებ.
  6. მერე რა, რომ ხელფასი არ გყოფნის და კრედიტებიც არ მთავრდება – სამაგიეროდ ახალი მანქანა გყავს (ნუ ან შენ ან შენს მეუღლეს);
  7. მერე რა, რომ პრავის ბილეთებს ვერ სწავლობ – სამაგიეროდ შეგიძლია 15-გვერდიანი კონტრაქტი მოამზადო;
  8. მერე რა, რომ საყვარელ ადამინს ეჩხუბე და თვლი, რომ აღარასოდეს შეურიგდები – ზუსტად იცი, რომ რომელიმე თვენგანი ვერ გაძლებს, დათმობს და შერიგების პროცესი განსაკუთრებით სასიამოვნოა.
  9. მერე რა, რომ საწოლში დაწოლილს, ყოველდღიური პრობლემებით თავი გაქვს გაჭედილი და ტირილი გინდება – სამაგიეროთ გვერდზე გყავს ადამინი, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო.

და კიდევ ერთი ბანალური, მაგრამ ძალიან აუცილებელი და სასარგებლო რამ:
გ ა ი ღ ი მ ე თ!

>როგორ აღვზარდოთ ბავშვი და არა მარტო

>

პოსტების სერიიდან – ამოიღეთ ხმა!

პოსტის ავტორი/სტუმარი – cartveli

  • ბავშვი სიარულის სწავლებისას მოდუნებული (უფრო სწორედ დამყოლი) ხელით ატარეთ რომ პასუხისმგებლობა თავიდანვე აიღოს.
  • ბავშს დაბანის წინ ასწავლეთ პირით სუნთქვა და თვალების დახუჭვა – როცა წყლის გადავლება მოგიწევთ თავის დაბანვისას.
  • ენა ნუ გისწრებთ, ეცადეთ მნიშვნელოვანი აზრები მის თავში დამოუკიდებლად დაიბადოს და არა თქვენი ბუზღუნით გაიგოს.
  • ახალგაცნობილი ადამიანის სახელი გონებაში მაშინვე დაუკავშირეთ მისi სეხნია თქვენ ძველ ნაცნობს.
  • დაურეკეთ მეგობარს, ნათესავებს.
  • იქონიეთ უპირობო სიყვარული შვილების, მშობლების, იქნებ მეუღლის მიმართაც.

და მთავარი:

გაითვალისწინეთ – ცოლ-ქმარი ყველაზე მნიშვნელოვანი წყვილია დედამიწაზე და არავის აქვს მათ შორის ჩადგომის უფლება (რაც არ უნდა ძნელი მოსასმენი იყოს ეს მშობლებისთვის და შვილებისთვის, მაინც ასეა).