>Facebook killed the blogging star?

>ვინაიდან და რადგანაც ამ პირწიგნაკმა გადამიყოლა, რაღაცნაირად გამოვიდა რომ ბლოგი მივაგდე.

არადა, რამოდენიმე წლის წინ, სულ ათიოდე მკითხველი როცა მყავდა, უფრო აქტიურად ვწერდი.

მერე ორწლიანი დეპრესიული ფაზა მქონდა და მუზებმა აიშვეს – ყველაზე მეტი მკითხველი და კომენტარი ამ დროს დავაგროვე.

ახლა, როცა ცხოვრება დალაგდა და ყველაფერი მშვენივრადაა, ბლოგისთვის პირადი აზრებისა და განცდების გაზიარება უფრო და უფრო მიჭირს.

პრინციპში, დროც აღარ მაქვს ხოლმე – ბლოგზე კარგი რამ რომ დაწერო, საკუთარ თავთან, ჭიქა ყავასთან და სიგარეტთან ერთად უნდა დარჩე.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, აღმოვაჩინე რომ პირწიგნაკ-დამოკიდებულების აღმოფხვრა/დაძლევა მაინც შესაძლებელია:

  • დავამატე ჩემი უფროსი და რამოდენიმე (არა-მეგობარი) თანამშრომელი მეგობრების სიაში და უკვე ავტომატურად ვცდილობ, უფრო იშვიათად შევიდე და დავწერო რამე.
  • მოვძებნე სპეციალური აპლიკაცია და შევეცადე ფეისბუქის სტატუსების ბლოგზე ავტომატურად გადმოტანა ჩამერთო. ამ ფუნქციამ არ გაამართლა, ფეისბუქმა დაბლოკა ყველანაირი აპლიკაცია და მცდელობა, მის ”საზღვრებს გარეთ” ინფორმაციის გატანისა.
  • ამიტომ გადავწყვიტე, ჩამოვუარო ჩემს ”კედელს” და ყველაზე საინტერესო პოსტები, აზრები თუ ლინკები აქ გადმოვიტანო. სამომავლოდ შემოვიფარგლები იმით, რომ ყველაფერს ბლოგზე დავწერ, პირწიგნაკი კი ავტომატურად განახლდება.
გთავაზობთ ერთ-ერთ ბოლო ვიდეოს ჩემი პირწიგნაკის კედლიდან (რა საშინელი სლენგია) – აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი პატიმარი შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად 60 წლის შემდეგ დაბრუნდა თავის პატიმრობის ადგილას და საკაიფოდ იცეკვა:

მე კი წავედი, სტივენ ფრაის ”მატყუარას” ჩავუჯდები. მანამდე კი ”ჰიპოპოტამი” და ”ზეციური ჩოგბურთის ბურთები” წავიკითხე.
ეს ”ზეციური ჩოგბურთის ბურთები” (და არა ”ჩოგბურთის ზეციური ბურთები”) სხვათა შორის, დიუმას მონტე-კრისტოს თანამედროვე, გადამღერებული ვარიანტია და არც თუ ისე ურიგო რამ გამოვიდა.

Advertisements

>ქართული ბლოგინგის დღეები 2010

>წინა კვირას გახლდით სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში.

http://www.divshare.com/flash/audio_embed?data=YTo2OntzOjU6ImFwaUlkIjtpOjQ7czo2OiJmaWxlSWQiO3M6ODoiMTE4NjA5OTYiO3M6NDoiY29kZSI7czoxMjoiMTE4NjA5OTYtMGFhIjtzOjY6InVzZXJJZCI7aTowO3M6MTI6ImV4dGVybmFsQ2FsbCI7aToxO3M6NDoidGltZSI7aToxMzA0MTQ2MTM0O30=&autoplay=

>ტესტი – რამდენად ”ნამდვილი” ბლოგერი ხარ?

>77%How Addicted to Blogging Are You?

ეს გაუთავებელი დისკუსია რომ დავამთავროთ: თუ ვინაა ბლოგერი, ვინაა ნამდვილი ბლოგერი, რას ნიშნავს ბლოგერობა, როგორ უნდა იყო ბლოგერი, რა ცხოვრების წესით ცხოვრობს ბლოგერი…

მოდი ყველამ გავიაროთ ტესტი და 50%-ზე ნაკლები ვისაც ექნება, მან იცის რაც უნდა ქნას 😉

>როგორ იწერება პოსტები 2010

>ანუ, როგორ იწერება აი ეს ბლოგი – დღიური.

როგორ და ჭრელად. და ლამაზად 😉
ხან კომპიუტერზე, იშვიათად – სამსახურში, ხშირად – სახლში; ხანაც ფანქრით ან კალმით, რომელიმე დახეულ ფურცელზე ან რამე ქვითრის უკანა მხარეს, ხან კი – მანქანაში, ტელეფონით: ან გაჩერებულზე, ნოუთბუქში, ან "ნა ხადუ", საუნდ რეკორდერით…

მერე რჩება იქ, სადღაც, ტელეფონში/კომპიუტერში ან უჯრაში, ან რომელიმე პიჯაკის უბეში, ან ჯინსის უკანა ჯიბეში, ოთხად გაკეცილი და გალურჯებული…

მერე როდისმე აღმოვაჩენ ხოლმე – უი, აბა ერთი ვნახოთ რა დამიწერია… ვკითხულობ, მომწონს და ეგრევე ვდებ ბლოგზე. ყველანაირი რედაქტირების და შეცვლის გარეშე. თუ არ მომწონს, მაშინ ვაგდებ – ჩემი აზრებია, რასაც მინდა, იმას ვუზამ, ხომ მეთანხმებით?

აზრების განიავებისათვის ჯერ არავინ დაუსჯიათ. აი, სხვა რამდენი რამ მაქვს განიავებული, რომ იცოდეთ…

დავუბრუნდეთ პროცესს. თუ მომწონს ნაჯღაბნი ან ხმოვანი მემო, შეცდომებს ვასწორებ ხოლმე და ბლოგზე ვაქვეყნებ. განსაკუთრებული გრძნობით დაწერილ პოსტებს ვანეიტრალებ – ამ ქვეყანაზე იმდენი გამოსირებული ადამიანი აღწერს ხოლმე თავის… ხო არ გვინდა ეხლა, სხვებს არ განვიკითხავ.

მერე ვზივარ და ვეძებ რაიმე ლამაზ ფოტოს – ოდნავ მაინც კავშირში რომ იყოს შინაარსთან. ეს კავშირი ყოველთვის პირდაპირი არაა – ხანდახან აბსურდული ფოტოებიც მომწონს და იდუმალი, მარტო ჩემთვის ცნობილი მიზეზის გამო ვთვლი, რომ ამა თუ იმ პოსტს მოუხდებოდა. თქვენ კი არასოდეს იმჩნევთ ფოტოებს, მხოლოდ ტექსტებს აკომენტებთ. ფოტოებსაც შეავლეთ ხოლმე თვალი, კაი?

საბოლოოდ, ვაქვეყნებ პოსტს, მერე კიდევ ერთხელ ვკითხულობ გამოქვეყნებულს – შეცდომა ხომ არაა სადმე გაპარული. მერე ლინკებს ვამოწმებ, ლამაზად და შინაარსიანად თუ არის ჩასმული კონტექსტში და ვხურავ ბლოგს.
მერე ვზივარ და კომენტარებს ველოდები…

თუმცა ამ ყველაფერს რატომ გიყვებით – რაში გაინტერესებთ, არც კი ვიცი.

>კრიტიკა 80 რჩევაზე

>მარის ბლოგს იშვიათად ვკითხულობ. ახლახან წავაწყდი ტუტორიალს ბლოგერებისთვის, მერე კი ეს საინტერესო სია ვნახე:

  1. იყიდეთ დომენი და დააინსტალირეთ ვორდპრესი – დომენი კი, ვორდპრესი არა კვახი
  2. თუ ფული არ გაქვთ ან გეზარებათ, გამოიყენეთ Blogger-ი. იგი ადვილია, უფასოა და Google-ისაა. ამიტომაც ძიებისას თქვენი ბლოგი უფრო ზედა რეზულტატებში გამოჩნდება. – ხოდა ადვილი რომაა, უფასო და თავისი ფოტო-ჰოსთინგიც აქვს, სწორედ ამიტომ ვიყენებ.
  3. მოიფიქრეთ ბლოგის მახვილგონივრული აღწერა (tagline) – იმისათვის, რომ არ დაიბნეთ ხოლმე, როცა გკითხავენ, თუ რაზე წერთ (აბა ვის ესიამოვნება, პირდაღებული დგომა და ”ეეე, მმმ-ეეე” ძახილი)
  4. ფოკუსირება მოახდინეთ ნიშურ თემაზე – წერეთ მხოლოდ იმ თემაზე, რაც იცით. უცოდინარი ექსპერტები საკმარისია ამ ქვეყანაზე. 
  5. გაუღიმეთ საძიებო სისტემებს – გამოიყენეთ ტეგები – ეს აუცილებელია, იმიტომ რომ მკითხველებმა პოსტის მაგივრად ტეგები წაიკითხონ და მოკლე შინაარსს მიხვდნენ (პოსტებს მგონი მაინც არავინ კითხულობს და…)
  6. მოფიქრეთ სხარტი სათაურები პოსტებისთვის – ძირითადად, უცხო ენაზე და ტექსტთან მაქსიმალურად შეუსაბამო
  7. პოსტებში აუცილებლად დალინკეთ შიდა გვერდები და ძველი პოსტები – ანუ შეატენეთ თქვენს მკითხველს ის პოსტები, რომლებიც არავის არასოდეს წაუკითხავს და არც დაინტერესებულა…
  8. პოსტების ბოლოს განათავსეთ ”მსგავსი პოსტების” ჩანართი. – თქვენივე უინტერესო პოსტების ძალით წასაკითხად შეტენვის კიდევ ერთი გზა
  9. ებრძოლეთ სპამს! – სამაგიეროდ, თქვენ თვითონ შეგიძლიათ სპამური პოსტები წეროთ.
  10. იყავით ფოკუსირებული ბლოგის განვითარებაზე – ეს ვერ გავიგე
  11. დაიცავით ბლოგი უცხო პირთა შეჭრისგან – დააყენეთ ძნელად გამოსაცნობი პაროლები – გამოსაცნობი საერთოდ არ უნდა იყოს, ყველა პაროლი უნდა შედგებოდეს 13-სიმბოლოიანი ასოებისა და ციფრების უაზრო კომბინაციისაგან, რომელიც თქვენ თვითონვე დაგავიწყდებათ მალე
  12. იფიქრეთ პრემიუმ დიზაინზე – წაშალეთ საათი და კალენდარი, იაფფასიანი ჭყეტელა ფერები და მოციმციმე ვარსკვლავები
  13. კარგად შეახამეთ ბრენდინგის ელემენტები – Come again?
  14. გადაიტანეთ RSS Feedburner-ზე – დიახ, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტ ხალხს კიდევ უფრო მეტი გზის მეშვეობით შეტენოთ თქვენი უინტერესო აზრები 
  15. მიეცით მკითხველებს საშუალება გამოიწერონ ბლოგი იმეილით – იხ. ზედა პასუხი
  16. მიეცით მკითხველებს კომენტარების გამოწერის საშუალება – ეს უკვე მკითხველთა და კომენტატორთა ზედმეტი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალებაა – აბა ვინ ვის რაზე რა და როგორ უპასუხა, შეამოწმებენ დღეში ასჯერ და თქვენი ვიზიტორების სტატისტიკა გაიზრდება
  17. დარეგისტრირდით Google Analytics-ზე – მხოლოდ იმის აღმოსაჩენად, რომ თქვენს ბლოგს პოულობენ სასაცილო სიტყვების კომბინაციებით როგორიცაა ”სექსი მასტოდონტთან” და ”როგორ უნდა გავხდე კაიბიჭი/კუდის/სოდის თანამშრომელი”
  18. გახადეთ პოსტები სკანირებადი და კითხვადი – ანუ ცოტა წერეთ და აბზაცებს შორის ხაზები გამოტოვეთ, რომ პოსტმა დიდი ადგილი დაიკავოს, სინამდვილეში კი არაფრისმთქმელი იყოს
  19. გაათავისუფლეთ ბლოგი ზედმეტი ნაგვისგან – და ავტორისაგანაც 😉
  20. შეინახეთ პოსტების და კომენტარების სამარქაფო ვერსია (ყოველი შემთხვევისთვის)  – 3:0 ამ ტუტორიალის ავტორის სასარგებლოდ, ვერ მივხვდი რას ნიშნავს
  21. პოსტი გააფორმეთ მინიმუმ 1 სურათით – მეტი ხორცი და შიშველი სხეული, თორემ არავინ დაინტერესდება თქვენი კატის ახალი საყელურით
  22. ატვირთეთ ისინი თქვენს საკუთარ სერვერზე ან ბლოგერის უფასო სერვისით ისარგებლეთ. – საკუთარი სერვერი გახსენით კავკაზუსში, იხადეთ ძალიან ბევრი ფული ტყუილ-უბრალოდ იმაში, რომ კვირაში 4 დღე სერვერი გათიშული იყოს. მე  ბლოგერის სერვისით ვსარგებლობ, რომ ამგვარი თავის ტკივილი არ მაწუხებდეს.
  23. არ გამოიყენოთ უფასო იმიჯ-ჰოსტინგები – გამოიყენეთ, იმიტომ რომ მხოლოდ მათ აქვთ ანიმირებული გიფ-ფაილების ჰოსთინგი
  24. დაიცავით თვით-დისციპლინა – ასევე პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა, პლიუს მორალისა და ზნეობის ძირითადი პრინციპები და წესები, ამას მიამატეთ ზრდილობა, მორიდებულობა, თავმდაბლობა და კდემამოსილება.
  25. დარეგისტრირდით blogroll.ge-ზე – აუცილებლად, თორემ არასწორი სტატისტიკა გვექნება: ხომ უნდა გავიგოთ, სამოცდაშვიდი ბლოგერია საქართველოში თუ სამოცდაცხრა?
  26. ბლოგიდან მოაცილეთ გაფუჭებული ბმულები რომლებიც არსად არ ილინკება. – ანუ უქმად ჯდომას უქმად შრომა ჯობია (რა დაივლის 5-წლიან არქივს, გაგიჟდი?)
  27. უპასუხეთ მკითხველის კომენტარებს – ძირითადად მათ, ვინც გაქებთ, ხოლო ისინი ვინც გაკრიტიკებენ, გალანძღეთ და ბოლოს წაშალეთ (პა ხოდუ, მიაბლოკეთ IP)
  28. დაწერეთ მიწვეული-პოსტი რომელიმე პოპულარულ ბლოგზე – იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმ პოპულარული ბლოგის პოპულარულ ავტორს თქვენს შესახებ წარმოდგენაც კი არა აქვს, მაინც შეეტენეთ
  29. იკითხეთ სხვა ბლოგები ახალი იდეებისთვის – და წერეთ პოსტები იგივე თემებზე, რაც სხვა ბლოგერებს უწერიათ – ხომ უნდა დაამტკიცოთ, რომ მათზე უკეთესად წერთ
  30. იყავით აქტიური ინტერნეტში და ცხოვრებაში – ორივე არ გამოვა ნაღდად, ერთ-ერთს უნდა შეელიოთ
  31. გამოძვერით ”ტექსტი მეფობს”- ჩარჩოდან – 4:0
  32. შექმენით ალიანსი სხვა ბლოგერთან – და შეებრძოლეთ სხვა ბლოგერების კოალიციებს, კონფედერაციებს, გაერთიანებებს და კავშირებს
  33. შეიძინეთ ახალი უნარ-ჩვევები – შეისწავლეთ ბლოგის ტექნიკური მხარეები – ისევე სრულყოფილად, როგორც თქვენი მანქანის ძრავი გაქვთ შესწავლილი, თორემ რამე როცა გაგიფუჭდებათ, რა გეშველებათ მერე?
  34. გახადეთ მკითხველისთვის ადვილი თქვენთან დაკავშირება – რაც მთავარია, პირადი მობილის ნომერი არ დატოვოთ, თორემ მკითხველებად გადაცმული სხვა ბლოგერთა ალიანსები მოგაგნებენ
  35. იქონიეთ გამზადებული მედია კიტი რეკლამის დამკვეთებისთვის – კრიზისის ჟამს ტყუილად იწვალებთ – ვინც იცის ბლოგები და რეკლამის ამბავი, თვითონ მოგაგნებთ, ვინც არ იცის – არანაირი კიტი არ უშველის
  36. გადაიღეთ ვიდეო-პოსტი – სასურველია, ბანძი მობილურით, ასევე ცუდი განათებით და შიშინის ხმებით – აუთენტურობა რომ დაადასტუროთ. იბოდიალეთ რამე უინტერესო თემებზე, აი ჩვენი ინტერვიუ რომ იყო, დაახლოებით მასე 
  37. არ იპასიუროთ, დაარეკლამეთ თქვენი ბლოგი – შეტენეთ ყველგან, სადაც შეძლებთ – სხვების კომენტარებში, ფორუმის და მეილის სიგნატურებში, წააწერეთ მაისურზე და ჩაიცვით (არ გაიხადოთ), ამოტვიფრეთ მისამართი ცხვირსახოცზე და ხშირ-ხშირად და ხმამაღლა იწმინდეთ ცხვირი. ხო, და მშენებარე ობიექტების ღობეებზე მიწერა არ დაგავიწყდეთ
  38. მადლობა გადაუხადეთ თქვენს სტუმრებს – ეს ამერიკული ”სერვის პლუსია”, ბანკებში რო ტყავს გაგაძრობენ და მერე მადლობას გიხდიან
  39. დაწერეთ ელექტრონული წიგნი და გაავრცელეთ უფასოდ. – რატომ? რაზე? რისთვის? პოპულარობა რომ მოიპოვოთ, ეს ხერხი ნორმალურ საზოგადოებაში გამოდგება, მაგრამ საქართველოში წიგნებს აღარავინ კითხულობს, ამიტომ კოხორას და დნნ/დშნ-ს ბედი გელით 
  40. მკითხველის რომელიმე საინტერესო კომენტარს ახალ პოსტში ციტირება გაუკეთეთ და განავრცეთ – ეს მაშინ, როცა ახალი პოსტის იდეები აღარ გექნებათ, არადა ”უნდა დაწეროთ, სისტემატურობა და უწყვეტობა რომ არ დაირღვეს” (წაიკითხეთ ვაკური აქცენტით)
  41. არ შეიქმნათ ზედმეტი წარმოდგენები მკითხველის შესახებ, თქვენ მათ ჯერ კიდევ არ იცნობთ. – ამიტომ ნუ დაიწყებთ პოსტებს შემდეგი ფრაზით – “როგორც უკვე იცით, …” აუხსენით მათ ყოველი დეტალი. – აუხსენით, დიახაც, ისინი ხომ უფრო დებილები არიან, ვიდრე თქვენ – მათ დაჟე ბლოგიც კი არა აქვთ
  42. დაილაგეთ სამუშაო მაგიდა – ეს ბლოგინგთან არაფერ შუაშია. უნდა ეწეროს: დაალაგეთ დესკტოპი.
  43. სპონსორი გჭირდებათ? მოიძიეთ! – სწორი გზაა. ისევე როგორც მოწოდებები: გშია? ჭამე! ან გეჯვია? მოჯვი!
  44. გამორთეთ კომენტარების მოდერაცია – ვინმემ რომ არ იფიქროს, რომ რაიმეს დამალავთ ან წაშლით. სინამდვილეში ყველამ ვიცით, რომ ისეთი სიხშირით ამოწმებთ კომენტარებს, ფაქტიურად რიალთაიმ პრე-მოდერაცია გაქვთ ჩართული
  45. არ მოიხადოთ ბოდიში იმის გამო, რომ ვერ პოსტავდით. ეს არავის აინტერესებს. უბრალოდ დაწერეთ ახალი პოსტი. პაუზას ვერავინ შეამჩნევს. – პაუზას კი არა, შეიძლება თქვენი ბლოგიც კი ვერავინ ვერასოდეს შეამჩნიოს
  46. დარეგისტრირდით Twitter-ზე. (აქვე არ დაგავიწყდეთ ჩემი ჩამატება – Sweet) – შენზე ადრე დავრეგისტრირდი 😉 და კონტაქტებიდან ამოგშალე სპამის გამო 🙂
  47. წაიკითხეთ წიგნი – ეს ზოგადი განათლების თემაა, მშობლებს უნდა ესწავლებინათ ადრეულ ასაკში. თანაც, მარტო ერთი წაიკითხეთ, გეყოფათ მთელი ცხოვრება
  48. გაყიდეთ ან გააჩუქეთ ტელევიზორი – 100% ვეთანხმები, არაფერში მჭირდება, სანაგვე ყუთზე უფრო მეტად ყარს
  49. იკითხეთ პრო-ბლოგერების ბლოგები და ისწავლეთ მათგან – სწავლა სიკვდიმდე შენია (პრობლოგერი ერთი ავსტრალიელია, დანარჩენებს სხვა სახელები ქვიათ) 
  50. მეტი კომენტარების მოსაპოვებლად პოსტებში დასვით შეკითხვები – დაეკითხეთ უცოდინარ კომენტატორებს აზრები უინტერესო თემებზე
  51. დაწერეთ ელექტრონული წიგნი და გაყიდეთ – ეს უკვე იყო – წინა თუ ვერ დაარიგეთ, ეხლა ეს გაყიდეთ, იქნებ ხალხი მოტყუვდეს – რახან ფასი ადევს, ესე იგი შიგნით რამე წერიაო
  52. შეწყვიტეთ დაგეგმვა, დაიწყეთ წერა! – იხ. პუნქტი 43
  53. წერეთ ყოველ დღე – სულერთია რას დაწერთ, მთავარია თქვენი გრაფომანია დააკმაყოფილოთ
  54. თუ ფიქრობთ, რომ კარგად წერთ, წერეთ დღეში ორჯერ – თუ მხოლოდ თქვენ ფიქრობთ ასე, მაშინ მართლაც, მხოლოდ ფიქრი იკმარეთ
  55. არ უთხრათ თქვენი ბლოგის შესახებ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, შეყვარებულს, თანამშრომლებს. – თორემ მერე ზურგს უკან ვეღარ გაჭორავთ და ლაფს მიასხამთ
  56. თუ ისინი მაინც აღმოაჩენენ მას, სთხოვეთ დაივიწყონ თქვენი ბლოგის მისამართი. – თუმცა, თუ უკვე გაჭორეთ, დასცინეთ, ლაფი დაასხით და მათ ეს წაიკითხეს – მაშინ თვითონ დაგავიწყებენ თქვენივე ბლოგის მისამართს
  57. გალინკეთ სხვები. გალინკეთ ყველა ვინც გაგლინკავთ. ლინკებით განსხვავდება ბლოგერი მაიმუნისგან. – მარტო ლინკებით, მეტი არაფრით
  58. დაწერეთ რამე რეალური თქვენს შესახებ! – როგორ ჩაიფსით პირველი სექსის დროს და ორგაზმი გეგონათ
  59. თუკი კვირაზე მეტია არ დაგიწერიათ სექსზე, პოლიტიკაზე და რელიგიაზე ესე იგი ”სუფთა თამაშს” თამაშობთ, რაც იმას ნიშნავს რომ #55 რჩევის შესრულებისას ჩაიჭერით. გააკეთეთ ახალი ბლოგი და ამჯერად ენას კბილი დააჭირეთ. – მერე იმ ბლოგსაც მიაგნებენ, იქაც ვეღარ დაწერთ… თუმცა, მაპატიეთ, სექსი და პოლიტიკა საქართველოში არ არსებობს, რელიგიაზე წერა კი არ შეიძლება – მხოლოდ ეკლესიაში სიარულით უნდა მიუახლოვდე რელიგიურ თემებს. ასე რომ, განაგრძეთ სუფთა თამაში.
  60. დააყენეთ მთვლელი და მიეცით საშუალება ყველას ნახოს თქვენი სტატისტიკა. – იმისათვის, რომ სხვა, ნაკლებად წარმატებულმა ბლოგერებმა თქვენი სტატისტიკის ნახვის შემდეგ თავი დაიმშვიდონ და მიხვდნენ, რომ საინტერესო არაფერი დაუკარგავთ 
  61. თუ არ იცით როგორ კეთდება ეს – ისწავლეთ. იმ წუთიდან რაც ბლოგს გააკეთებთ კარგი რაღაცეები მოხდება, მათ შორის ის, რომ ახალ რამეებს ისწავლით. – იმ წუთიდან, რაც ნებისმიერ ახალ რამეს ისწავლით, კარგი რამეები მოხდება. აბა, წადით და ნორმალური პროფესია შეისწავლეთ – ნახეთ, რა კარგ რამეებს მოიტანს…
  62. სანამ ”გამოქვეყნებას დააჭერთ. მონიშნეთ მთელი პოსტი და დააჭირეთ CTRL+C-ს. ეშმაკს არ სძინავს! – და ეს ეშმაკი ქართული ინტერნეტის მონოპოლისტი კომპანიების მფლობელია (BTW ბლოგერს არ ჭირდება, ავტომატურად ასეივებს დრაფტებს) 
  63. წერეთ გულწრფელად. ყოველი პოსტი წინაზე გულწრფელი უნდა იყოს. – ანუ ბლოგის ბოლო პოსტად თქვენივე შიშველი ფოტო დადეთ (სასურველია, გადაფარჩხულ პოზაში)
  64. ცვალეთ წერის სტილი. წერეთ ლამაზი ზღაპრები. იოცნებეთ სახალხოდ. გამოფინეთ ყველაზე ჭუჭყიანი თეთრეული. სახელებით მოიხსენიეთ კონკრეტული პიროვნებები. იტირეთ, იჩხუბეთ, იმღერეთ, არ მოგერიდოთ, რომ ვინმე დაგცინებთ. – მოკლედ, ყველანაირად შეეცადეთ, ვინმე მაინც გააღიზიანოთ ისე, რომ ერთი სალანძღავი კომენტარი დატოვონ (მერე რა რომ ლანძღვაა, სამაგიეროდ ნული კომენტარი აღარ არის! ვაშა!)
  65. კვირაში ერთხელ მაინც ჩაწერეთ აუდიო პოსტები. – ძირითადი შთაბეჭდილებები და ნაბოდვარი ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასევე თქვენნაირი ჭკუასუსტი ბლოგერების აზრები ინტერვიუების სახით
  66. არ იზარმაცოთ! – თორემ მშიერი დარჩებით
  67. დასასვენებლად მიდიხართ? არ მოკლათ ბლოგი! – დაუტოვეთ იგი ალიანსელს (იხ. #32) ან წინასწარ დაწერეთ სამომავლო პოსტები და გადაანაწილეთ თქვენს შვებულებაზე. – არ შეცდეთ! ალიანსელი ჩაგძირავთ, ზურგში ლახვარს ჩაგცემთ. წინასწარ პოსტების დაწერა სისულელეა – იქნებ იმ დროისათვის, როცა პოსტი გამოქვეყნდება, აღარ მოგეწონოთ ის ვარდისფერი ჩანთა ან ყვითელი ბოტასები? გახსოვდეთ – ბლოგერს შვებულება არა აქვს! პოსტეთ მობილურიდან.
  68. დაწერეთ ღია წერილები. გააკეთეთ სიები. წერეთ სხვის შეცდომებზე. – და სასტიკად გააკრიტიკეთ/დასცინეთ შემცდარი ბლოგერები
  69. გამოიგონეთ საკუთარი თავი. – ანუ თქვენი თავიც უნდა მოატყუოთ და წარმოსახვითი ”მე” შექმნათ
  70. წერა დაიწყეთ იმ ამბით, რაც დღეს გადაგხდათ. – ბიჭი ბლოგერების პოსტები დაიწყება პახმელიით ან წირვაზე რო მიდიან, გოგო ბლოგერების ”ვისთან მეძინა” ან წირვაზე რო მიდიან.
  71. როცა არ იცით რა დაწეროთ, დაწერეთ მიმოხილვები, მაგალითად მიმოიხილეთ გუშინ ნანახი ფილმი. – მერე რა, რომ არც ხელოვნებათმცოდნე არ ხართ და არც კრიტიკოსი, მიმოიხილეთ კამერონ დიასის ძუძუების სიდიდე და ბრედ პიტის რამე.
  72. ხშირად წერეთ იმ ქალაქზე, სადაც ცხოვრობთ. – ასევე იმ ქალაქზე, სადაც დაიბადეთ. და თუ დაუბრუნდებით საკუთარ დაბადების ქალაქს, დიდად დაგვავალებთ (აბა ისე როგორ დაწერთ, თუ არ იცით იქ რა ხდება)
  73. გამოააშკარავეთ საკუთარი თავი. მოყევით თქვენი საიდუმლოებები. ამ პოსტების წაშლა შემდგომში ყოველთვის შეიძლება. – შეიძლება, მაგრამ არ შეიძლება. გაიხსენეთ სტრაიზანდის ეფექტი – ის, რაც ერთხელ მოხვდა ინტერნეტში, იქიდან ვეღარასდროს წაიშლება
  74. არ გამოაქვეყნოთ თქვენი ნამდვილი სახელი. არ ილაპარაკოთ სამსახურზე თუ გაწუხებთ სამსახურიდან გამოგდების საკითხი. – თუ არ გაწუხებთ, მაინც არ ილაპარაკოთ, თორემ ეგ საკითხი ეგრევე შეგაწუხებთ
  75. არ გამოაქვეყნოთ თქვენი ლექსები, მათ არავინ წაიკითხავს. განსაკუთრებით – თუ ისინი გენიალურია. გამოაქვეყნეთ მხოლოდ სასაცილო და იდიოტური ლექსები. – ანუ მოაჩვენეთ ხალხს თქვენი თავი სასაცილო იდიოტად. 
  76. მოყევით თქვენი მეგობრების შესახებ – ძირითადად, როგორ გაწყენინათ ან გიღალატათ, თორემ ქება-დიდება უინტერესო საკითხავია 
  77. შეიყვარეთ ის საქმე, რასაც აკეთებთ! – ესეც არა ბლოგერული, არამედ ზოგადი რჩევა
  78. წაიკითხეთ ათასობით ბლოგი და დატოვეთ სასიამოვნო კომენტარები – დღეში 1000 ბლოგის წაკითხვა + 1000 კომენტარის დატოვება = დაახლოებით 16 საათი
  79. ამობეჭდეთ ეს სია, გაიკარით სამუშაო მაგიდასთან და ყოველდღე გადახედეთ! – არ შეცდეთ და ამ სიის (და არც კრიტიკული კომენტარების) ამობეჭდვაში კარტრიჯი არ დახარჯოთ
  80. შთაგონებისთვის – იკითხეთ Sweet.ge – ვინ როგორ, მე – სხვაგან ვპოულობ შთაგონებას

>ბავშვობაში მეგონა რომ…

>
ერთი 100 წლის წინ ჩემს ბლოგზე ვცადე მემე-თამაში წამომეწყო
მაშინ ქართული ბლოგების განუვითარებლობის გამო დიდი გამოხმაურება არ

მას შემდეგ მეორე ცდა დოდკასია და უფრო წარმატებულიც.
მე ოთომ დამტაგა, ჰოდა აგერ ჩემი ხუთეულიც:

1. ბავშვობაში მეგონა, რომ ბეკი ტეტჩერზე ლამაზი გოგო არ არსებობდა (მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ წიგნის აღწერით ვხელმძღვანელობდი, არც ფილმი არ მქონდა ნანახი, და არც მულტფილმი)

2. ბავშვობაში მეგონა, რომ მეც ბრეჟნევივით წითელ მოედანზე დამმარხავდნენ და პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ ამ ყველაფერს ერთადერთი სატელევიზიო არხის მეშვეობით (მოვკვდი ტირილით მაშინ, 4 წლის დეგენერატი)

3. ბავშვობაში მეგონა, რომ დილით უფრო მეტი უნდა ჭამო, ვიდრე სადილზე ან ვახშამზე – იმიტომ რომ მთელი ღამე არაფერი გიჭამია 🙂

4. ბავშვობაში მეგონა, რომ ო’ჰენრიზე მაგარი მწერალი არ არსებობს (ახლა კი ვიცი, რომ ის სადღაც მეხუთე ადგილზეა)

5. ბავშვობაში მეგონა, რომ იდეალისტად და ოპტიმისტად დავრჩებოდი მუდამ, არასდროს მოვწევდი, დავლევდი… ბავშვობამ ჩაიარა, და ახლა მწეველი, მთვრალი, პესიმისტი მატერიალისტი ვარ 🙂

ხოო, და მემეს ტრადიციების შეასაბამისად, გადავცემ ესტაფეტას შემდეგ ბლოგერებს:

1. ეკა ონიანს
2. მშიერ სტუდენტებს (რომლებიც თურმე ამერიკაში არიან)
3. ნიკოლოზ კარაგანდელს