# კატა 🐈‍⬛

დღეს კატა გადავაგდე.

მკვდარი კატა, რომელიც დილის 5 თუ 6 საათზე ოთხმა შავმა ძაღლმა დაგლიჯა. სახლში რომ მოვედი, ეზოში ეგდო და აბა ასე ხომ არ დავტოვებდი. ცელოფანში ჩავტენე რის ვაი-ვაგლახით და გადავუძახე დიდ ვერცხლისფერ ნაგვის ყუთში.

მთელი ღამე, გამთენიამდე წვიმდა და ეტყობა მაშინ მოიმწყვდიეს ძაღლებმა საწყალი კატა კიბის ქვეშ. ცხრავე სიცოცხლე ერთ ზახოდზე დაახარჯინეს.

მეზობელმა მომიყვა, კივილით გამოვვარდი, მაგრამ გვიანი იყოო.

გაიქცნენ ძაღლები, და უკან-უკან იყურებოდნენო. კატა ეგდო ხის ძირას, წვიმისა და სისხლის გუბეში. არაფერი აღარ უშველიდა საწყალს.

შავი ქოფაკები კი სულ უფრო ნელა მირბოდნენ, თითქოს ანელებდნენ სვლასო. მზე ამოდიოდა უკვე, წვიმაც თითქოს შენელდა.

და ქუჩის ბოლოს თითქოს ოთხიდან ორ ფეხზე ადგნენ ძაღლები. გაიფერთხეს, გალსტუკები შეისწორეს და ქვემოთ, პროსპექტისკენ ჩაუხვიეს.
