# დილა 🌄

დილაა, ცივა... ფანჯარა ღია დატოვე, სიგარეტი მოწიე გუშინ და იმიტომ...

ადგომა გეზარება... ტელეფონს დახედე - უი, მაღვიძარას დაასწარი? ესე იგი გამოიძინე... მაგრამ აბა რატომ გრძნობ ასე მძიმედ თავს? რატომ არის ცარიელი ტელეფონის ეკრანი? რატომ არ გაქვს არაფრის ხალისი?

წამოდექი. თავბრუ გეხვევა? ისევ გეძინება? ისევ იქ გინდა, სიზმარში, მასთან ერთად? შენ ხომ იცი, რომ ეგ უარესია, სამსახურში დაგაგვიანდება, ის კი ჯერ არ გაიღვიძებს მაინც, 2 საათი ჯერ კიდევ აქვს დრო...

ადექი, გაიზმორე. მოტრიალდი, ლოგინს დახედე. გგონია, მას ძინავს? არა, ღვიძავს, მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭია, იცი? შენ ჯერ არ იცი...

პირსახოცი აიღე და შხაპში... წვერი... მერე სამზარეულო, ყავა... უკან, ოთახში. ჩაიცვი, დაიხურე. დაისხი პარფიუმები და დეზოდორები და რა ვიცი კიდევ რა...

დაიხარე. აკოცე. გაეღიმა... :)

გაიღვიძებს და შენი გემო ექნება ტუჩებზე. ყოველდღე ასე იქნება, მთელი ცხოვრება...  
ან პირიქით - შენ გექნება ხოლმე. მისი დღეები და შენი დღეები... დღეები, როცა შენ იღვიძებ ადრე, და დღეები, როცა მისი ჯერია...

წადი, წადი, გაფრინდი, მიირბინე, საქმეები გააკეთე, იმუშავე, იქროლე აქეთ-იქით...  
ხომ იცი - დღეს საღამოს ისევ ნახავ...

მაგრამ რატოა ყველაფერი ასეთი მძიმე? შავ-თეთრი? უგემური და უფერული და უსუნო? რატომაა ყველაფერი თითქოს ზეთში - ნელა მოძრაობს მთელი სამყარო...

და მაინც - უყვარხარ და გიყვარს :)
