# ♾️🚗☕👩‍🦰

აქ უნდა ეწეროს პოსტი, რომლის წერაც დავიწყე ამ შაბათს, ზამთრის პირველ დღეს, დილის 10 საათზე, ტელეფონზე ვკრიფავდი გაყინული თითებით, ქუჩაში ვიდექი, ტუჩებზე მიწებებული სიგარეტით, ცალთვალმოჭუტული (ბოლი რომ არ მომხვედროდა).

აქ უნდა ეწეროს პოსტი, რომელიც მინდა როდესმე გამოვაქვეყნო, ოღონდ აქ, და ამ ფორმით - არა.

აქ უნდა ეწეროს პოსტი, თუ როგორ იდგა ფანჯარაში ქალი და მიყურებდა, სიგარეტს ატრიალებდა თითებში და ვერ მოეფიქრებინა, მოუკიდოს - თუ არა.

აქ უნდა ეწეროს პოსტი, თუ როგორ მომინდა ავსულიყავი სრულიად უცხო ქალთან, რომელიც სრულიად წარმოუდგენელ ადგილას ცხოვრობდა და მეთქვა - ყავა მინდა...

აქ უნდა ეწეროს, როგორ მიმიხვდა ის ქალი, და მელოდებოდა, მაგრამ მე არ ავედი.

აქ უნდა ეწეროს, როგორ ნანობს ის ქალი, რომ უცხო და უჩვეულო სტუმარი ვერ შეიტყუა.

აქ უნდა ეწეროს ბევრი რამ, მაგრამ მე ერთ რამეს გეტყვით - როცა მანქანა გაგიფუჭდა, შუა გზაში გაგაჩერა, როცა შაბათია, დილაუთენია, და ზამთარი დადგა, და მზე ანათებს, შენ კიდე ელექტრიკს ელოდები - მაშინ ყველაფერი დანარჩენი უნდა დაივიწყო.
