# 24/24 🏪

ჩემს სახლთან, ქუჩის გადაღმა, ერთი დაბრეცილი ჯიხური დგას. ჯიხური კი არა, უფრო სწორად, საკუთარი სახლის პირველი სართულია.

ჩვეულებრივი მიწურია, შიგნით რომ შეხვალ, ერთი-ორი საფეხურია ქვევით და ხვდები პატარა, ბნელ ოთახში. სიბნელეს რომ შეეჩვევა თვალი, კედლის ბოლოში კიდევ ერთი კარი ჩანს, რომელსაც უკვე ნამდვილ სარდაფში მიყავხარ.

მუდამ ნესტის სუნი დგას აქ, ნესტის და დაობებული კედლების. სიბნელის და სიცივის შეგრძნება გეუფლება და მალევე გინდა გაქცევა.

ერთად-ერთხელ ვარ ნამყოფი ამ სარდაფ/ჯიხურში: სამიოდე წლის წინ ახალი გადმოსული ვიყავი სწორედ ამ ბინაში, ეხლა სადაც ვცხოვრობ და რომლის ფანჯრებიდანაც, ქუჩის გადაღმა მოჩანს ეს უცნაური, ენით აღუწერელი ფერის გაუგებარი კარი და სარკმელი.

იმ დღეს სტუმრებს ველოდებოდი (რომლებიც, საბოლოოდ, რატომღაც არ მოვიდნენ) და ღვინით გამასპინძლება გადავწყვიტე. სწორედ ამ დროს მიიქცია იმ სარდაფმა ჩემი ყურადღება, უფრო სწორად კი, მისმა აბრამ:

> ღვინო/ჭაჭა

რა თქმა უნდა, ღვინო არაფრად ვარგოდა (კიდევ კარგი, რომ სტუმარი არ მოვიდა იმ დღეს), მე კი ყოველ გავლა-გამოვლაზე გავხედავდი ხოლმე ამ აბრას და ვფიქრობდი: ნეტავ, რამეს თუ ყიდიან-მეთქი.

არ გასულა რამდენიმე დღე და აბრაც გაქრა. თითქოს დავთარსე. რამდენიმე კვირა ცარიელი იყო სარდაფი და როგორც კი გავიფიქრე - ეტყობა, აღარ გაქირავდა-მეთქი, ეგრევე თონედ არ გადაიქცა ეს წყეული? ღვინოსთან მწარე გამოცდილების გამო აღარც თონემ მიმიზიდა და ასე შორიდან ვუყურებდი ხოლმე.

უნდა მოგახსენოთ, რომ იმ ფანჯრის რაფაზე, საიდანაც ეს სარდაფი ჩანს, ჯუჯა ლიმონი მიდგას (მწვანე კონცხიდან ჩამოტანილი) და ათასში ერთხელ მისი მორწყვა ან მოვლა როცა მახსენდება, მაშინ ვაკვირდები ხოლმე ამ ჯიხურსაც.

წარმოიდგინეთ, რამდენი რამ გადახდა ამ სარდაფს ამ სამი წლის განმავლობაში - აქ იყო:

1. მინი მარკეტი, 
    
2. სიგარეტის საბითუმო წერტი(ლი), 
    
3. ლომბარდი, 
    
4. საცხობი (ხაჭაპურები), 
    
5. თონე, 
    
6. ღვინო/ჭაჭა, 
    
7. სამკერვალო სალონი, 
    
8. სილამაზის სალონი,
    
9. ვალუტის დასახურდავებელი პუნქტი,
    
10. რაღაცის ჩაბარების პუნქტი,
    
11. და მერე ყველაფერი მეორე წრეზე - ახალი დამქირავებლებით და ინვესტორებით, but the same old shit.
    

მაქსიმუმ ერთი თვე, მინიმუმ კვირა - აი, ამ სიხშირით იცვლება აბრები და შიგთავსი.  
მესამე წელია, თითქმის ყოველ საღამოს ინტერესით ვაკვირდები და განცვიფრებას ვერ ვმალავ.

მიკვირს, რატომ ხდება ასე - ეს ადგილია დათარსული, თუ საერთოდ ქართულ ეკონომიკას და მცირე ბიზნესს უჭირს?
