Dies Irae

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის კარგ ხასიათზე არიან, ყოველთვის ყველაფერი უხარიათ, ყოველთვის კმაყოფილი გამომეტყველება აქვთ სახეზე და, მეტსაც გეტყვით, ეს ყველაფერი ხშირად უმიზეზოდ ხდება ხოლმე.

აი ისეთ ტიპზე ვლაპარაკობ, უცბად რომ შეუძლია, წამოხტეს და იცეკვოს – მუსიკით ან უმუსიკოდ, სულერთია.

არ მესმის ასეთი ხალხის. უფრო სწორად, არ შემიძლია გავიგო, თუ საიდან მოაქვთ ეს ენერგია, სილაღე, სიხარული.

მე ყოველთვის უკმაყოფილო ვარ ხოლმე, სულ მუდამ უხასიათოდ, უჟმურად ვიყურები და არაფერს არ შეუძლია, ეს შეცვალოს.

მართალია, ხანდახან კი ვიღიმები კიდეც, ხან გავიხუმრებ და, ძალიან იშვიათად, მიხარია ხოლმე რამე სიახლე. მაგრამ ეს ყველაფერი პარალელურად ხდება – პარადოქსალურად უთავსდება ერთმანეთს უჟმური ხასიათი და ღიმილი, მოწყენილობა და ხუმრობა, გაბრაზება და სიხარული.

ამის მიზეზი ალბათ წარსულ ცხოვრებაში (ან ბავშვობაში) უნდა ვეძებოთ – ემოციების გაცვეთა და გაუფასურება მაშინ ხდება, როცა ძლიერ ტრავმას გადაიტან, ან დიდ დანაკარგს განიცდი.

ყველაზე დიდი დანაკარგი კი საკუთარი თავია – შენი ოცნებების და სურვილების აუსრულებლობა ნელ-ნელა ასამარებს ყველა დადებით ემოციასაც შენს გულში და გრჩება მარტო ავი, ქოფაკი ძაღლის ბრაზი, შხამიანი ეკლიანი მცენარის გესლი და გატეხილი სამლიტრიანი სამურაბე ქილის სიცარიელე…