ბლოგერების შეხვედრა ნიკა გილაურთან

ბევრი მითქმა-მოთქმა წავიდა ამ თემაზე. შევეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო.

1. ბევრი ბრალდება წამოვიდა ბლოგერების მისამართით – ეს საშინელი, გაყიდული ბლოგერებიო, როგორ გაბედესო.

ამაზე პასუხის გაცემა, რაღა თქმა უნდა, სასაცილო იქნებოდა, რომ არა ქართული საზოგადოების სავალალო მდგომარეობა: ყველას ყველაფერში ეჭვი ეპარება, ყველა ერთმანეთს რაღაცას აბრალებს და, აქედან გამომდინარე, მთელი ხალხი დაყოფილია ასე: ან ჩემთან ხარ, ან მტერი ხარ.

ამის ფონზე არცაა გასაკვირი, რომ ჩვეულებრივი, ცივილიზებული და ნორმალური მიდგომა საკითხის მიმართ აღარ არსებობს – აქ იგულისხმება ნებისმიერი საკითხი: დიეტა იქნება ეს, პოლიტიკური შეხედულება თუ საფეხბურთო გემოვნება.

შესაბამისად, ოფიციალური პასუხი ბრალდებაზე ასეთია: ჩვენ შევხვდებით ყველას, ყველგან და ყოველთვის; ვილაპარაკებთ ან ვიჩხუბებთ ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ პირთან, ნებისმიერ დონეზე (სამთავრობო თუ კერძო სფერო); და მსგავსი შეხვედრების შემდეგ მოვიქცევით ისე, როგორც ჩავთვლით საჭიროდ: დავწერთ ან არ დავწერთ პოსტს; ეს პოსტი ან კარგი და საქებარი იქნება, ან ცუდი და სალანძღავი.

ალბათ დაკონკრეტებაც იქნება საჭირო – каждый понимает в меру своей испорченности. ასე რომ, ვისაც ყველგან ფული და შეთქმულება ელანდება, თვითონაა სწორედ ის ადამიანი, ვინც მხოლოდ ფულის ან სხვა გამორჩენის გამო შეხვდებოდა პრემიერ-მინისტრს. აბა, თუ არაფერი მიიღო მაქედან, რა აზრი აქვს ასეთ შეხვედრას და რატომ უნდა დახარჯო დრო კიდევ ერთი ადამიანის გასაცნობად?

2. ბლოგერებმაც დაცხეს ერთმანეთს და უერთიერთბრალდებებით წაიღეს ტვინი. ფართო საზოგადოებისთვის მნიშვნელობა არა აქვს კონკრეტულ საკითხებს (ხოლო ვინც ამ დისკუსიაში მონაწილეობს, ისედაც კარგად იცის, რაზეა ლაპარაკი).

ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ საკითხის ერთხელ და საბოლოოდ გადაწყვეტა: კი, ბლოგერი არის აქტიური მოქალაქე და საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ოდნავ მეტად ქონდა სურვილი, საკუთარი აზრი გამოეტანა მთელი საზოგადოების სამსჯავროზე და ამიტომაც წერს თავის ბლოგზე. ამის მეორე მხარე კი ისაა, რომ ყველა ბლოგერს მისთვის პირადად საინტერესო თემებზე აქვს აქცენტი გაკეთებული, ასე რომ, ამ თვალსაზრისით, ყველა ბლოგერი არაა სამოქალაქო აქტივისტი. მესამეც – ბლოგერები არ არიან პოლიტიკურად აქტიური ნაწილაკები, ამიტომაც მათ არც და ვერც მოვთხოვთ, პოლიტიკურ ბატალიებში გადაეშვან.

ჩვენს შეხვედრას ქონდა ერთი თავისებურება, რომელიც ყველამ კარგად ვერ გაიგო (რამაც განაპირობა გაურკვევლობა და უკმაყოფილება სხვა ბლოგერების მხრიდან). ამ შეხვედრის თავისებურებები: არაფორმალური, შეზღუდული დროის მქონე და წინასწარი დღის წესრიგის გარეშე.

განვიხილოთ ეს თავისებურებები ცალ-ცალკე:

  • არაფორმალური შეხვედრა ნიშნავს იმას, რომ ოფიციალური და ზრდილობიანი კითხვა-პასუხი, ჰალსტუხები და საღამოს კაბები არაა საჭირო – მხარეებს შეუძლიათ უშუალოდ გადავიდნენ მსუბუქი საუბრის ფორმატში.
  • შეხვედრისას დროის შეზღუდვა ნიშნავს იმას, რომ თითოეულმა მხარემ უნდა გადაანაწილოს თავისი შესაძლებლობები და სურვილები ამ დროზე და ისე უნდა მოიქცეს, რომ არცერთი მონაწილე არ დაზარალდეს. სამწუხაროდ, ბლოგერებმა ვერ მოახერხეს ის, რომ ყველას დაესვა თავისი თითო ან ორ-ორი კითხვა მაინც. გილაურსაც ეცოდინებოდა, რამდენი დრო აქვს თითო კითხვაზე პასუხის გასაცემად და ყველა იქნებოდა კმაყოფილი.
  • დღის წესრიგის არქონა კი ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში ორივე მხარე მაქსიმალურად ცდილობს, ბევრი თემები მოიცვას (რითაც მიახვედრებს მეორე მხარეს საკითხების მნიშვნელობაზე და მის დაინტერესებაზე, რომ ეს საკითხები ახლა თუ არა, მომავალში მაინც არ დარჩეს განუხილველი); ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარე შეეცდება, ხელში ჩაიგდოს დისკუსიაზე კონტროლი – აი აქ ბლოგერებს მეტი კოორდინირება ჭირდებოდათ, რომ ერთმანეთის თემებიც წამოგვეწია ან ერთმანეთისთვის ანგარიში გაგვეწია.

როგორც წესი, ასეთ შეხვედრებზე კითხვა დაისმება ერთხელ, რესპოდენტისაგან ვღებულობთ რაიმე პასუხს (სულერთია, ის პირდაპირ უპასუხებს თუ არა ჩვენს კითხვას, სიტყვას ბანზე ააგდებს თუ არა, შეიძლება სრულებითაც თავი აარიდოს) და მერე გადავდივართ ან მეორე კითხვაზე, ან სიტყვას გადავცემთ სხვა კოლეგას, რომ მანაც დასვას თავისი კითხვა. ანუ ასეთ ფორმატში პასუხებზე გამოკიდება, კიდევ და კიდევ კითხვის ხელახლა დასმა ნიშნავს რესპოდენტის ჩათრევას დისკუსიაში, რომელიც მთელი შეხვედრის ფორმატს არღვევს. საბოლოო ახსნა-განმარტებისათვის კი ვიტყვი, რომ პასუხგაუცემელი კითხვის ავტორი მაინც მიხვდება, რისი თქმა არ უნდოდა რესპოდენტს და ამით მის კითხვას მაინც გაეცემა ირიბი პასუხი.

3. მესამე პუნქტი ეხება პოლიტიკურ სარჩულს, კითხვა-პასუხს (რაც გინდათ, ის დაარქვით): საქართველოში საკმარისი რაოდენობის ხალხია ჩართული (თუ ჩაბმული) პოლიტიკაში, ასევე საკმარისად ისმის ოპონენტების მიერ ერთმანეთის ლანძღვა და გინება, ამიტომაც ჩვენ ძალიან კარგი ვქენით, რომ არ ვეხებოდით პოლიტიკურ საკითხებს – საკმარისი კითხვები არსებობს მთავრობის მიმართ, რომელთა დასმაზეც იმ კითხვების ავტორებმა თვითონ უნდა იზრუნონ. შესაბამისად, ჩემს ბლოგზეც მოვერიდები ამ თემას (თუ გამომივა).

შევეცდები, მოკლედ გადმოვცე შეხვედრის შინაარსი:

ძირითადი კითხვები და პასუხები ეხებოდა ტურიზმსა და ტრანსპორტირებას, ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკას, კომუნალურ გადასახადებს, აიტი და საკომუნიკაციო სფეროს რეფორმებს. ქვემოთ მოვიყვან პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის პასუხებიდან ციტატებს:

  1. 2011 წელს 800 მილიონი აშშ დოლარი შემოიტანეს ტურისტებმა საქართველოში; საშუალო სტატისტიკური ტურისტი დღეში ხარჯავს 200 აშშ დოლარამდე.
  2. 2012 წელს პროგნოზირებულია ტურისტების ნაკადის გაზრდა და ერთი მილიარდი (1 000 000 000) აშშ დოლარის შემოსავალი ტურისტულ სფეროში (ძირითადად, კერძო სექტორშიო).
  3. რუსი ტურისტები ხშირად ჩამოდიან საქართველოში სპეციალურად იმისთვის, რომ დაარღვიონ ქუჩაში მოძრაობის წესები და როგორც კი მათ პატრული გააჩერებს, სპეციალურად ატენიან ქრთამს – ამოწმებენ, მართალია თუ არა ყოველივე, რაც სმენიათ.
  4. დღეს ფოთის პორტი დატვირთულია და 110 პროცენტით მუშაობს – ასე რომ, აუცილებელია დამატებითი პორტის აშენება შავ ზღვაზე, რითიც მოხდება ჩინეთი-ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ლაზიკაც ნაწილობრივ საპორტო-სატვირთო ქალაქი იქნება. ამავე მიზანს ემსახურება კოპიტნარის აეროპორტიც.
  5. სავიზო რეჟიმი ევროპის ქვეყნებთან მარტივდება, ასე რომ მალე ყველას გვექნება 10-წლიანი ვიზები იმ ქვეყნებისა, სადაც ერთხელ მაინც ვართ ნამყოფი – რაც საკმაოდ მოსახერხებელია და თითქმის უვიზო რეჟიმს ნიშნავს.
  6. ავიაბილეთების ან სასტუმროების ფასების სიდიდე არის გამოწვეული ბაზარზე კონკურენციის არქონის (ან დაბალი კონკურენციის) გამო. სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორში ნებისმიერი სახის ჩარევა არასწორია და ფიასკოთი მთავრდება. როგორც კი რომელიმე კერძო კომპანიას სახელმწიფო სასათბურე პირობებში აქცევს, ის მომენტალურად “გაზარმაცდება” და არაკონკურენტუნარიანი ხდება.
  7. შესაბამისად, აირზენას სახელმწიფო ვერ გაუწევს ანგარიშს და მას თავისით მოუწევს, კონკურენცია გაუწიოს საერთაშორისო ავიაკომპანიებს – სასურველია, რომ მისმა ხელმძღვანელობამ შესაბამისი მენეჯერები აიყვანოს, რათა გადაარჩინონ კომპანია.
  8. ხუთი ახალი, მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა იწყება ბათუმში (კემპინსკი, ჰაიატი და სხვა), რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ფასებს საერთოდ სასტუმროების სფეროში; შესაძლოა ამან გავლენაც მოახდინოს მომსახუების ხარისხზე (მე ვვარაუდობ, რომ პრემიერ-მინისტრმა იგულისხმა მცირე მეწარმეები და ე.წ. ოჯახური სასტუმროების მომსახურების შედარებით დაბალი დონე).
  9. კომუნალური გადასახადების საკითხი ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირადაა გადაწყვეტილი. ჩვენ მოგვიწია დენის გადასახადზე ნაგვის მიბმა იმიტომ, რომ სულადობით (და აწ უკვე არარსებული ჩაწერის ინსტიტუტის მონაცემებით) შეუძლებელი იყო, დაფარულიყო ნაგვის გატანის მომსახურება. სანამ რეესტრი (ალბათ, სამოქალაქო) 2-3 წლის განმავლობაში მოახდენს მთელი თბილისის მოსახლეობის, მათი მდგომარეობის და საცხოვრებელი სახლების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და დახარისხებას, მანამდე ნაგავი მიბმული იქნება დენზე.
  10. ტარიფების დადგენა დენზეც, წყალზეც და ნაგავზეც მოხდა ასე – მთავრობამ და პირადად პრემიერ-მინისტრმა მომსახურების გამწევ კომპანიებთან ერთად დაიანგარიშეს თითოეული ტარიფი ისე, რომ არც მომწოდებლები დაზარალებულიყვნენ, არც მომხმარებლები და, რაღა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის შენახვისა და განახლების ხარჯებიც გათვალისწინებული ყოფილიყო (პრემიერ-მინისტრმა ოდნავ უფრო დეტალურად ილაპარაკა ტარიფებზე, მაგრამ ყველა დეტალი არ მახსოვს. მთავარი კითხვა, რაც დამებადა ამასთან დაკავშირებით: ჩვენ თუ გვიყვება ასე დეტალურად, რატომ არ გამოაქვეყნა მთავრობამ ეს ინფორმაცია პრესაში/მედიაში? და თუ გამოაქვეყნა, რატომ არ აიტაცეს ეს ოპოზიციამ და უბრალოდ, ჟურნალისტებმა? რატომაა დისკუსია იმაზე, რომ ყველაფერი ძალიან ძვირია – და რატომ არ ისმება კითხვა ასე: იქნებ ეს მართლა ამდენი ღირს?)
  11. ყბადაღებული კითხვა 112-ის გადასახადზე (ყოველთვიური 20 თეთრი ყველა სატელეფონო ნომერზე) უპასუხოდ დარჩა.
  12. მედიის თავისუფლება და ნაციონალური არხების საკითზე პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ მოკლე და მოსალოდნელი პასუხი გაგვცა: ქართული მედია თავისუფალია, ნებისმიერ არხზე მთავრობის და პირადად გილაურის ლანძღვა-გინება ისმისო. ცალ-ცალკე რუსთავს, იმედს და პირველ არხს არ შეხებია, მაგრამ რაც შეეხება ოპოზიციურ არხებს – აი მათ არ ყავთ მაყურებელიო. მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცნობს კავკასიას და უყურებს კიდეც გადაცემებს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა – მე ხომ არ მივალ და ვურჩევ, როგორი მენეჯმენტი ქონდეთო.
  13. რეპატრიანტები და თურქი მესხები: რეპატრიანტების მიმართ სახელმწიფო არანაირი დამატებითი ან ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას არ გეგმავს – ვისაც აქ ჩამოსვლა და ცხოვრება სურს და აქვს საკმარისი განათლება, ყველანაირი დახმარების გარეშეც ნახავს კარგ სამუშაო ადგილს. თურქი მესხების საკითხი კი განხილვაზეა – დღეისათვის სულ 900 კაცს აქვს შემოტანილი განცხადება მოქალაქეობაზე და მიმდინარეობს მათი ანკეტების შესწავლა.
  14. ჰესები – აშენდება. ხუდონჰესი აუცილებლად იქნება – ხაიშის მკვიდრი მოსახლეობა დაახლოებით 30 კომლია ზამთარში, ზაფხულში მოსახლეობის რიცხვი იმატებს და შეიძლება 500-მდეც ადიოდეს. ყველა დაინტერესებული პირი ან კომპენსაციას მიიღებს, ან განსახლდება შესაბამისად. რაც შეეხება ეკოლოგიას და წითელ წიგნში შეტანილ ფლორა-ფაუნას – მოხდება მათი კონსერვაცია და გადატანა/გადაყვანა შესაბამის ადგილას.
  15. კიბერ-უსაფრთხოების კანონპროექტი და პირადი მონაცემების დაცვა – კანონპროექტში არ იყო საკმარისად მკაფიოდ გაწერილი, თუ როგორ და რომელ კერძო კომპანიებს შეეხებათ ვალდებულება, ითანამშრომლონ მონაცემთა დაცვის სააგენტოსთან, ამიტომ კანონპროექტი შეიცვალა. პრეზიდენტის ბრძანებულებით კი მოხდება ამ ჩამონათვალის შედგენა და სამომავლოდ, სხვა კომპანიების შეტანა/დამატება. ის კომპანიები, ვისაც კარგად აქვთ აწყობილი უსაფრთხოების სისტემები (ბანკები, სადაზღვევოები და ა.შ.) არანაირ დამატებით ვალდებულებას ან ღონისძიების გატარებას არ საჭიროებენ.
  16. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა 2015 წელს ორ შედეგს მოიტანს – რადიოსიხშირეების გამონთავისუფლებას მომავალი თაობის მობილური ქსელებისათვის (4G/LTE) და მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისათვის ტელესიგნალის დეკოდერების სუბსიდირების აუცილებლობას. მომავალი თაობის უსადენო ინტერნეტი არც თუ ისე მალე გაეშვება, რადგან ამისათვის მარტო საქართველოს მზადყოფნა არაა საკმარისი და ყველა მეზობლის ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო – რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთიც უნდა ჩაერთონ პროცესში.
  17. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა დღეისათვის დაახლოებით 800 000 ადამიანია. კარგი შედეგი იყო ის, რომ მოხდა სპეციალური ქულების მინიჭებისა და მათი დაანგარიშების წესის შეცვლა, თუმცა გააჩნია, ვინ როგორ დაითვლის ხელმოკლე მოსახლეობის რიცხვს – 70 თუ 100 ათასი ქულიდან.
  18. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თემაზე მუშაობა ნელ-ნელა დაიწყება: მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გილაური უკვე რამდენიმე წელია, სამთავრობო კომისიის (იმედია, სწორად მახსოვს) თავმჯდომარეა, ამ კომისიის შეხვედრა მხოლოდ ახლახანს მოხდა პირველად; სამომავლოდ კომისია უფრო გააქტიურდება. სკოლებისა და სხვა დაწესებულებების ხელმისაწვდომობა შ.შ.მ. პირებისათვის – ყველგან, სადაც ახალი შენობები შენდება, ხდება სპეციალური პანდუსების მოწყობა (სავარაუდოდ, ლიფტებისაც); ძველ შენობებში კი ეტაპობრივად, კაპიტალური რემონტის შედეგად მოხდება მსგავსი ცვლილებების შეტანა.

მგონი სულ ეს იყო. ქვემოთ რამდენიმე სხვა ბლოგერის პოსტსაც დავლინკავ – მათაც გაეცანით აუცილებლად.

საერთოდ, ორი მარტის ეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შედგა და პირველივე, რაც ნიკა გილაურმა ახსენა, იყო მისი ინტერესი, მიგვეტანა მასთან ის თემები, რომლებიც აინტერესებს ხალხს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ჩვენი 20 თუ 25 ბლოგის რამდენიმე ათასიან აუდიტორიას). იმის გათვალისწინებით, რომ ყველას სხვადასხვა მკითხველი გვყავს და ბლოგებიც სხვადასხვა თემებზე გვაქვს, კითხვებიც აბსოლუტურად განსხვავებული იყო.

სამწუხაროა, რომ არ დაისვა ყველაზე მწვავე კითხვა – სოსო ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტზე. უფრო სწორედ, იმ ფაქტზე, რომ ახალგარემონტებულ, გამჭვირვალე პოლიციის შენობაში, მესამე სართულის კიბიდან შეიძლება გადმოვარდეს ადამიანი და სასიკვდილოდ დაშავდეს. ვშიშობ, რომ პასუხი იქნებოდა ოფიციალური – აუცილებლად გამოვიძიებთ და აუცილებლად გაირკვევა, ვინაა დამნაშავე.

იგივე მოხდა სანდრო გირგვლიანის შემთხვევაშიც – გამოიძიეს, დაიჭირეს და მალევე გამოუშვეს. სამწუხაროა, რომ ამით, ჯერ ერთი – ადამიანის სიცოცხლეს ვერ დააბრუნებ, მეორეც – დაუსჯელობის სინდრომს გააძლიერებ. დაუსჯელობის სინდრომი კი არა მარტო პოლიციელებს აქვთ, არამედ ნებისმიერ პირს, ვინც ღიად გამოხატავს ერთგულებას მმართველი პარტიის მიმართ. ესაა ერთადერთი პოლიტიკური საკითხი, რომელიც ძალიან მაწუხებს და რაც ალბათ, კიდევ დიდი ხანი არ გამოსწოდება.

P.S. არ შეიძლება, არ აღინიშნოს, რომ მთავრობის სხდომათა დარბაზის დიდი მრგვალი მაგიდა სულაც არ იყო პომპეზური და მდიდრული, არამედ საკმაოდ ძველი, თუმცა სუფთა დერმატინით იყო გადაკრული.

მესამე სართულზე საშინელი ტუალეტი აქვთ – შუქი არ ინთება, ერთი კაბინა მუშაობს მარტო, სურნელი კი ვაგზლის საზოგადოებრივი ტუალეტის შესაფერისია.

კანცელარიის შესასვლელთან ნაგვის ყუთები ან საფერფლეებიც კარგი იქნებოდა.

ახლა კი ბმულები:

ვასასი

ანინა

თიკო

არეული

რევაზი

გიო რგაშვილი

cyxymu

ekser

blumgardt

 

13 thoughts on “ბლოგერების შეხვედრა ნიკა გილაურთან

  1. ის, რომ ბლოგერები მიდიან ასეთ შეხვედრებზე, მე არ მიკვირს. უბრალოდ მაინტერესებს ამ შეხვედრის მიზანი რა არის მათი მხრიდან. არ მჯერა ეხლა გილაურის, ბლოგერებისგან რომ უნდა გაიგოს ხალხს რა აწუხებს. ადრე ხვდებოდნენ მსგავსი მიზეზით ინტელიგენციას :))

    მეორეს მხრივ, თუ გაქვს კითხვები, აუცილებლად უნდა წახვიდე, ბლოგერი ხარ თუ მექანიკოსი, რა მნიშვნელობა აქვს,

    უბრალოდ დიდი გულუბრყვილობაა იმის ფიქრი, რომ მთავრობის მონდომება ბლოგერებს „ჩაუსასტავდეს”, უანგაროა🙂

    • მთავრობა შეიძლება ანგარებით მოქმედებს, მთავარი ისაა, რომ ჩვენ უსაფუძვლოდ არ დაგვაბრალონ რაღაცეები

  2. ვერ მივხვდი რას ნიშნავდა პოლიტიკური საკითხებზე თავის არიდება. როგორ შეიძლება მინისტრს შეხვდე და პოლიტიკურ საკითხებს თავი აარიდო? და მეორე ბლოგები ერთ-ერთი ინფორმაციის წყაროა ხალხისთვის და “უკვე საკმაირისი ხალხია პოლიტიკური” რაღაც არასწორია, მგონი

    თუკი რაღაცა კონფლიქტზე წერ საჯარო პოსტში “ფართო საზოგადოებისთვის მნიშვნელობა არა აქვს კონკრეტულ საკითხებს” ასევე არასწორია, იმო.

    გილაურის პასუხები კიდევ ძალიან პროგნოზირებადი იყო და არაფერი სიახლე ამ კითხით, საწუხაროდ.

    • ირაკლი, პოლიტიკას როცა ვახსენებ, ძირითადად ვგულისხმობ როგორც ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობას (აი პრეზიდენტის თანამდებობა რომ სუსტდება და პრემიერ-მინისტრი რომ გაძლიერდება); ასევე ოპოზიციასთან ბრძოლის ხერხებს – როგორიცაა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონი; საერთოდ, საგარეო და საშინაო პოლიტიკასაც.

      ყველაფერი დანარჩენი, ჩვენ რაზეც ვილაპარაკეთ – უდავოდ არის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი, მაგრამ ამავე დროს ეს არის ისეთი თემები, რომლებიც უმეტესწილად აინტერესებს უბრალო მოსახლეობას.

      ბლოგერების კონფლიქტი ზუსტად ისეთივეა, როგორიც ყველა სხვა ქართულ შემთხვევაშია ხოლმე – აუ, ის რატო წამოვიდა, მე რატო არ წამიყვანეთ, თქვენ ბანძები ხართ, მე უფრო კარგ კითხვებს დავსვამდი და ა.შ.

      ბოლოს, რაც შეეხება გილაურის პასუხებს – რა თქმა უნდა, მისი პასუხები ძირითადად ნაცნობი იყო წინასწარ, განსაკუთრებით ახალი არაფერი უთქვამს.

  3. პრემიერს გამოცხადებული აქვს ვაკანსია “”სოციალური მედიის კოორდინატორი”, რაც ნიშნავს იმას, რომ მშვენივრად ესმით, რომ ალტერნატიული ინფორმაცია და აზრი სოციალურ მედიაში ისმის. თან მნიშვნელოვანი ისაა, რომ დამოუკიდებელი ალტერნატიული აზრი ისმის და არა რომელიმე სახელისუფლო თუ ოპოზიციური პარტიის. ბლოგერებთან შეხვედრა, გილაურის მხრიდან ძალიან სწორად გათვლილი ნაბიჯია – სახელისუფლო სპინის გატარება სოციალურ მედიაში ბლოგერების მეშვეობით. ზურაბ ჟვანია ასე ხვდებოდა ჟურნალისტებს და “მნიშვნელოვან”, “”ყურადღებამისაქცევ” საკითხებზე ესაუბრებოდა, რომ მერე ამათ ამ თემებზე ეწერათ. ბლოგერები აღმოჴნდებიან თუ არა ამ სპინის გამტარები, ეს უკვე სხვა საკითხია…

    • ნინო, მართალი ხარ – გვინდა თუ არ გვინდა, მოგვიწია გარკვეული თემების გარეთ გამოტანა და მეც, სხვა ბლოგერებთან ერთად – მომიწია მისი ციტატების მოყვანა.
      თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ მისი მხრიდან ერთი შანსი გვქონდა მოცემული – ე.წ. ფორა, რომ ჩვენ თვითონ დაგვესვა კითხვები და მიმართულება მიგვეცა საუბრისთვის.

    • არ გადაგვიღია, თავიდან შევთანხმდით რომ ან გადაღება და ოფიციოზი; ან ვიდეოს გარეშე და უშუალო გარემო

  4. ფლორა ფაუნის სხვა ადგიдზე გადატანა გადაყვანა კონსერვაციაზე ხომ არ აჟრიალებს მაგას? ეკოსიტემები უნდა გადარგოს?

    • ნუ ცხოველებს კიდე გადაიყვან, გასაგებია.
      ეკოსისტემას სრულად ვერ აღადგენ, მოუწევთ ხავსებს და კოღოებს სააქაოსთან გამომშვიდობება🙂
      ხეებს გადარგავ, ბალახებსაც – მაგრამ სავარაუდოდ 100% კონსერვაცია არ გამოვა.

  5. ძალიან ზედაპირული პასუხებია, რაც არ მიკვირს, პრინციპში. ჩაძიებას მეტი კომპეტენცია, მომზადება და დრო სჭირდება. ასე გამოდის კითხვას იმისთვის სვამ, რომ კითხვა დასვა და მეტი ვერაფერი.

    სოსო ქიმერიძესთან დაკავშირებით კითხვას 99% ის პასუხი მოჰყვებოდა, რასაც შენ ამბობ. ამიტომ, მაგ თემაზე კითხვა შეიძლება დასმულიყო სხვა, ცოტა პროვოკაციული ფორმით, ვთქვათ, უშვებთ თუ არა, რომ დღევანდელ, რეფორმირებულ პოლიციაში ჯერ კიდევ შეიძლება ვინმემ, თვითნებურად, გადაამეტოს უფლებამოსილებას და ამან მოქალაქე შეიწიროს? თუ რეფორმირებულ პოლიციაში გამორიცხულია ასეთი რამ მოხდეს, ან რამე მსგავსი კითხვა და არა Just “რას ფიქრობთ სოსო ქიმერიძის გარდაცვალების ბუნდოვან ისტორიაზე”..

    და ჰო კიდევ, იყო ლაპარაკი, რომ არაფორმალურ შეხვედრაზე შეთანხმდა ყველა და ამიტომ ვიდეო-აუდიო-ფოტო ჩანაწერები არ დაიდო. მე ყოველთვის მომხრე ვარ არაფორმალური, ღია და გახსნილი შეხვედრების, თუმცა, ამ შემთხვევაში, როცა ბევრი, ასეთი შეხვედრების მონაწილე ბლოგერი “ტელევიზორიდან გადმოსული კაცის” ხიბლში ვარდება და სელებრითის დანახვაზე კრუნჩხვა ემართება, შემდეგ ვერასდროს ვერ გააკრიტიკებს მას და იქნება ყოველთვის სუბიექტური და ლოიალური, რადგან “ეს ის კაცია, ვისი ნახვაც ეღირსა და ვინც დაპატიჟა, გაუცინა, etc”. ასეთებისთვის ჯობია მაქსიმალურად ცივ და ფორმალურ გარემოში ჩაიაროს შეხვედრამ, თუმცა მასპინძლისთვის მეორე ფორმატი უფრო მოსახერხებელია, ლოიალობის მოსაპოვებლად🙂

  6. “სავიზო რეჟიმი ევროპის ქვეყნებთან მარტივდება, ასე რომ მალე ყველას გვექნება 10-წლიანი ვიზები იმ ქვეყნებისა, სადაც ერთხელ მაინც ვართ ნამყოფი – რაც საკმაოდ მოსახერხებელია და თითქმის უვიზო რეჟიმს ნიშნავს.”- ამ ფაქტზე მუშაობის დამადასტურებელი 1 წინადადება მაინც მანახეთ ევროპის რომელიმე ქვეყნის მხრიდან და ვწევ ხელებს.
    ასეთი დიდი ბლეფი ჯერ არ გამიგია. ზუსტად იმას ჰგავს, 2008-ში რომ სავიზო რეჟიმის გაიოლებას იწყებდნენ და მერკელის ციტატები მოჰყავდათ. რეალურად, მაშინ უფრო გართულდა ვიზის გაგრძელება/აღება…

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s