>მართლმადიდებლური პროპაგანდა

>

ფოტო: forum.ge

ამ ბოლო დროს დავაკვირდი, რომ ჩემს რამდენიმე მეგობარს უეცრად გაუჩნდა სურვილი, გაგვიზიარონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომელიც ხალხში დამკვიდრებულ ტრადიციულ თუ წარმართულ ჩვეულებებს აკრიტიკებს და რატომღაც ძალიან ოფიციალური ტონით არის დაწერილი.

ყურადღებით წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რაშიცაა საქმე: ამ ტექსტებს, რბილად რომ ვთქვათ, პროპაგანდის სუნი ასდის.

მოვიყვან ორ მაგალითს (წყაროების მითითების გარეშე):

1. ჭიაკოკონობა წარმართული ტრადიციაა

შეშა, ფიჩხი, ხმელი ფოთლები, უფრო ხშირად – მანქანის გაცვეთილი საბურავები… ქალაქებსა თუ სოფლებში უშველებელ კოცონებს აგიზგიზებენ. დიდი თუ პატარა ეიფორიას განიცდის. ისმის ყიჟინა, სიცილ-ხარხარი, ვისაც გული ერჩის, ცეცხლზე გადატხომა-გადმოხტომაში ერთმანეთს ეჯიბრება და საკუთარი „ვაჟკაცობისა“ და „გულადობის“ დემონსტრირებას ახდენს.
ასეთია ჩვენში ერთობ გავრცელებული ხალხური დღესასწაული – ჭიაკოკონობა.
როგორია სინამდვილშია ამ რიტუალის არსი, საით მივყავართ მის ფესვებს?
ამ დღესასწაულს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში გავრცელებული რწმენა, თითქოს ჭიაკოკონობის ღამეს ის ადგილები, სადაც კოცონია დანთებული, კუდიანებისგან იწმინდება, მხოლოდ სახეცვლილი, ქრისტიანული ელემენტებით გამდიდრებული გვიანდელი ვარიანტია. ამ ტრადიციის ფესვები უფრო შორს მიდის და წარმართულ პერიოდს სწვდება.
ცეცხლთაყვანისმცემლობა, იგივე მაზდეანობა, ირანსა და მისი გავლენის სფეროში შემავალ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც იყო გავრცელებული. მაზდეანებისათვის ცეცხლი ღვთაება გახლდათ, ადამიანი კი, რაღა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ცოდვილი. პიროვნება ღმერთისთვის მისაღები რომ გამხდარიყო, ცეცხლით უნდა განწმენდილიყო. ეს აქტი ცეცხლში გავლით – კოცონზე გადაბიჯებით, გადახტომით – აღესრულებოდა.
საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დღესაც შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ახლობლებს ცეცხლში გაატარებენ ხოლმე – ბოროტი სულები ვერ მოგეკარებიანო.
არადა, სიმანდვილეში პირიქით ხდება.
დავით წინასწარმეტყველი ამბობს, რომ წარმართთა ღმერთები ეშმაკები არიან. ამრიგად, ჭიაკოკონის ქრისტიანული შეფასება ერთმნიშვნელოვანია.
საოცარია – ადამიანები, რომლებიც ქრისტიანობაში თითქმის ან სრულებით ვერ ერკვევიან, სწორედ ქრისტიანობის ბრწყინვალე დღესასწაულის წინ, ვნების კვირის ოთხშაბათს აწყობენ ჭიაკოკონობას. ისინი ვერ გეტყვიან რა არის ან როდის არის შობა, ბზობა, აღდგომა, სამაგიეროდ, კალენდარულად მოძრავი ვნების შვიდეულის ოთხშაბათი არაფრით გამორჩებათ…
ეშმაკის მთავარი მიზანი სწორედ ის არის, ადამიანი ყოფიერების ჭაობში ჩაეფლოს, იფიქროს ყველაფერზე, დაწყებული საყოფაცხოვრებო წვრილმანებით და დამთავრებული ტექნიკის მიღწევებით, ოღონდ დაივიწყოს მთავარი – ჭეშმარიტი ღმერთი.
ქრისტიანული სამყარო ვნების კვირაში ყველაზე უფრო ახლოსაა უფალთან, მასთან ერთად განიცდის მის ტანჯვას და, რაც მთავარია, ელის უფლის ბრწყინვალე აღდგომას. ჭიაკოკონობა ბოროტ ძალთა უკანასკნელი უსუსური გალაშქრებაა დიდი მისტერიის წინააღმდეგ – დგება ბრწყინვალე დღესასწაული და აჰურამაზდა, ცეცხლთაყვანისმცემლობის მთავარი ღვთაება, ბელზებელი თუ ეშმაკი ფარ-ხმალს ყრის მკვდრეთით აღმდგარი უფლის წინაშე.

2. დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია 

ჩვენს სინამდვილეში არსებობს თითქოსდა ყველასთვის უწყინარი, სახუმარო და ლამის აუცილებელი ტყუილი, რომელიც ბავშვობიდანვე ჩაგვინერგეს. ეს არის საპირველაპრილო ტყუილი: დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია! ამ დღეს ზოგჯერ სერიოზული გაზეთები და სხვა საინფორმაციო საშუალებებიც კი მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში აქვეყნებენ „უწყინარ“ ტყუილებს როგორც სრულ სიმართლეს. ისე რომ, ზოგჯერ საქმე კურიოზებამდეც მიდის და ოფიციალური ორგანოებიც კი ეგებიან საპირველაპრილო ტყუილის ანკესზე და ბრიყვდებიან!
ამ უცნაურ ტყუილებს ჩვენშიც ბევრი ამბობს და, ამასთან, წარმოდგენაც არა აქვს, თუ საიდან იღებს დასაბამს იგი და რა მკრეხელობის თანამონაწილე ხდება ყველა, ვინც ასე იქცევა! ეს „უწყინარი“ ჩვეულება – საპირველაპრილო ტყუილი ღმერთის უარყოფიდან და გმობიდან იღებს სათავეს!
როგორც მოგეხსენებათ, გაზაფხული და, განსაკუთრებით აპრილის თვე, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის დროა. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანთა ეს უნათლესი დღესასწაულთა დღესასწაული, რომელიც გარდამავალია, ანუ მოძრავია, უმეტესწილად სწორედ აპრილის თვეზე მოდიოდა. არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე სწორედ პირველ აპრილს აღდგა მკვდრეთით. ისიც ყველამ კარგად ვიცით, თუ რა საზიზღარი ტყუილი მოიგონეს მაშინ უფლის ჯვარმცმელმა და უარმყოფელმა ფარისევლებმა – იესო ნაზარეველის სხეული ღამით ფარულად მოიპარეს მისმა მოწაფეებმა და ახლა გაიძახიან მკვდრეთით აღდგაო! – აი, სწორედ ამ ყოვლადმკრეხელურმა სიცრუემ დაუდო დასაბამი საპირველაპრილო ტყუილებს, რადგან ვინც ეს ჩვეულება მოიგონა და დაამკვიდრა, მისთვის ქრისტეს აღდგომაც ტყუილია, ღმერთის ამქვეყნად ხორციელი შობაც და მისი ყოვლადმხსნელი საზოგადო მსახურებაც! ამიტომ ქრისტეს მოწინააღმდეგენი აღდგომის წმიდა თვესაც – აპრილსაც, მისი პირველივე დღის საგანგებო გამასხარავებითა და აბუჩად აგდებით შეურაცხყოფენ და დააკნინებენ ტყუილის – ღმერთისთვის ამ უსაძაგლესი მოვლენის გავრცელებით!

ჩემი ეს მეგობრები რიგითი მოქალაქეები არიან, არც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევიან, არც აქტივისტები არიან, არც საკუთარი ბლოგი არა აქვთ, რომელზეც მსგავსი თემატიკის განხილვით იქნებოდნენ დაკავებულნი.

სწორედ ამიტომ დავეჭვდი, რომ ეს ტექსტები მათი დაწერილი კი არაა, არამედ ვინმე სხვის მიერ არის მომზადებული და ამათ უბრალოდ თხოვეს – გაავრცელეთო.

რა თქმა უნდა, ადვილი გამოსაცნობია, საიდან მოდის ეს ტექსტები. ერთის მხრივ, ცოტა სასაცილოა, მეორეს მხრივ კი – მისასალმებელიც: მართლმადიდებლური ეკლესიაც მიხვდა, რომ სოც.ქსელების მეშვეობით შეიძლება მიწვდე ხალხს, მოუყვე შენს შესახებ ან “რეკრუტმენტიც” კი აწარმოო.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s