>ქართული ფარისევლობა

>კომპლექსური მოვლენაა ქართული ფარისევლობა. რა მიზეზები აქვს, ბოლომდე ვერ გავიგე, თუმცა ალბათ ყველაზე კარგად მისი დახასიათება შეიძლება სიტყვით – выпендреж.

მესმის, რომ ირანში ქალების ჩაქოლვა საშინელი მოვლენაა, ჩვენთვის საზარელი აღსაქმელია და ამიტომ გვინდა, მსოფლიოს ას ქალაქს შევუერთდეთ და საპროტესტო აქცია გავმართოთ ირანის საელჩოსთან.

მაგრამ მოდი, თვალებში ნაცრის შეყრას თავი დავანებოთ და ქართველ ქალებს მივხედოთ, ქმრებს რომ 24-საათიანი ცემა-ტყეპა აქვთ გამოწერილი.

ირანის საელჩოსთან მდგომ ახალგაზრდებს ალბათ დაავიწყდათ, რამდენ ოჯახურ სცენას არიან პირადად შესწრებულნი?

ნუ გამოგვრჩება მხედველობიდან, რომ განვითარებულ ქვეყნებშიც დგას ოჯახში ძალადობის პრობლემა. მაგრამ მოდი ისიც გავითვალისწინოთ, რომ ისინი ამ პრობლემას წარმატებით ებრძვიან – ეს ხომ იქ ისედაც გამონაკლისია.

ჩვენთან კი ცოლისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება ლამის ნორმადაა ქცეული. მავანნი ამაყობენ კიდეც, ხალხის თანდასწრებით დედის ტრაკს რომ ახურავენ საყვარელ მანდილოსნებს თავზე.

ასე რომ, საკუთარს მივხედოთ, ირანელები კი არაერთი საუკუნეა, ასე ცხოვრობენ და ცოტა ხანს კიდევ გაიტანენ თავს ჩვენი ჩარევის გარეშე.

ისიც არ დაგავიწყდეთ, იმ საწყალი ქალის ჩაქოლვის მიზეზი რა იყო: ღალატი. აბა დაფიქრდით, ქართველო ბანჯგვლიანო მამრებო, თქვენი მეუღლის ღალატის შესახებ რომ შეიტყოთ, როგორ ხასიათზე დადგებით?
დარწმუნებული ვარ, ვერცერთი ვერ იტყვით გერმანელი ან ფრანგი კაცივით: ეტყობა, აღარ მოვწონდი და ეხლა სხვასთან იყოსო ბედნიერი.

ჩვენს პატრიარქატს მძიმე და შავბნელი წარსული აქვს და ირანისგან შორს სულაც არ ვართ წასული. თუმცა, ამას სხვა დროს მოგიყვებით.

კიდევ გაინტერესებთ ქართული ფარისევლობის შემდეგი მაგალითი? კი ბატონო.
გაიხსენეთ, რუსეთში აგვისტოს ხანძრებს როგორ აშუქებდა ქართული მედია (ძველიც და ახალიც) და მიხვდებით. უფრო სწორად, ვერ მიხვდებით, ვისი მოტყუება გვინდა – სხვისი, თუ საკუთარი თავის?

ერთი-ორჯერ რომ მკითხეს, რას იტყვი იმაზე, მოსკოვი რომ ბოლშია გახვეულიო, ალალად ვუპასუხე – ამ ჩემს ფეხებს-მეთქი. არაო, ამიხსნეს, ჩვენც სულ გვახატიაო, გული კი არ შეგვტკივაო.
ხოდა თუ გკიდია და ერთ ადგილას გახატია, მაშინ ალბათ არც უნდა დაინტერესდე და ზედმეტი ინფორმაციით თავი არ უნდა გამოიტენო.

მე ის უფრო მაინტერესებს, ხანძრების დროს უბრალო მოქალაქეები მეზობელი ქალაქებიდან საკმაოდ დიდი რისკის ფასად რომ ჩადიოდნენ დაზარალებულების, დამწვარ-დაჭრილების და უსახლკაროდ დარჩენილი თანამოქალაქეების დასახმარებლად, მათ კი მილიცია სხვადასხვა მიზეზებით იჭერდა: მაგალითად “არასანქცირებული ხანძარსაწინააღმდეგო ქმედებები” ან მსგავსი.

აი ეს უნდა გვაინტერესებდეს – ავტორიტარული სისტემის აგონიის თუ რეგრესის თუ რეცესიის (თუ რაც ქვია) სიმპტომატური მოვლენები. აი ამაზე უნდა ვფიქრობდეთ. უფრო სწორად, მსგავსი მარაზმების თავიდან აცილებაზე.

არა, ჩვენ ხომ ყველაფერზე ვფიქრობთ, გარდა იმისა, რაზეც მართლა უნდა ვიზრუნოთ.

გვაღელვებს მორიგი ქართული ქალური თოქ-შოუს რეიტინგი, ხოლო ნავთობის გაჟონვა მეგობარი სახელმწიფოს სანაპიროზე – ფეხებზე გვკიდია.
გვაღელვებს პურის იმპორტის პრობლემა, როცა ადგილობრივი ხორბლის მოყვანის და წარმოების სისტემაა ასამუშავებელი.
გვაღელვებს მაღალი მოდა, როცა ხალხს საჭმელი უჭირს.
ვნერვიულობთ უცხო ქვეყნების გუნდების სპორტულ შედეგებზე, როცა საკუთარი შვილების სპორტზე შეყვანა და სპორტსმენად აღზრდა გვეზარება.
რამდენი ჩამოვთვალო კიდევ?
მთავარს ხომ მიხვდით?
(ვინც ვერ მიხვდა, გავიაროთ, ნუ გავჩერდებით!)”

Advertisements