>დეკრეტი – ყველა მამას!

>ამას წინათ, ბლოგერების მორიგ შეხვედრაზე ლაპარაკი ჩამოვარდა, თუ ვინ როდის ”დაიწყო” და რა მიზეზით ”შეჯდა” ბლოგინგზე, მერე ენთუზიაზმიც გავიხსენეთ და ბოლოს დავასკვენით, რომ 5-წლიანი ბლოგერობის შემდეგ ცარიელი ენთუზიაზმი აღარ გშველის.
რაიმე უფრო მატერიალურია საჭირო – აქ არ იგულისხმება შემოსავალი ან რაიმე ფინანსური გამორჩენა, არამედ უბრალოდ, რაიმე ხელშესახები.

გარდა ამისა, 5 წლის განმავლობაში ბევრი რამე იცვლება და თუ ადრე სტუდენტი/უმუშევარი/მოხალისე იყავი, ახლა დასაქმებული/დაკავებული მშობელი ხარ.

ერთი პერიოდი სერიოზულად ვფიქრობდი მწერლობაზე და მინდოდა ბლოგი წიგნად გამომეცა. მერე კი ყოველდღიურობის მორევმა ჩამითრია და სხვა საზრუნავმა დაიკავა ამ მიზნის განსახორციელებელი დრო. მუზასაც გაუჭირდა ჩემი დაჭერა – ადრე სულ ველოდი ხოლმე, ახლა კი მოდის და ან დაღლილი ვხვდები, ან დაძინებული, ან სახლში არ ვარ საერთოდ 🙂

სულ უფრო ცოტა დრო მაქვს ხოლმე განმარტოვებისა და საკუთარი აზრებისათვის ყურის დასაგდებად. მაგრამ იმედი მაქვს, რომ დეკრეტულ შვებულებაში (ხო, მამებსაც ეკუთვნით დეკრეტული, რატომ გაგიკვირდათ?) გასვლის შემდეგ მოვაბამ თავს და ჩემს ხუთწლიან ნაბოდვარს კიდევ ერთხელ გადავიკითხავ.

Advertisements