>”წინგი”

>მიყვარს, როცა წიგნი ნახმარია.
როცა ეტყობა, რომ ვიღაცას წაკითხული აქვს, და არაერთხელ.

მიყვარს ძველი წიგნები. ბუკინისტებში ხშირად შევივლი ხოლმე, ვათვალიერებ – წარწერებს ვკითხულობ: ”ვიღაცის ბიბლიოთეკიდან”, ”მავანის წიგნებიდან”, ”ჩემს იმანს ავტორისაგან”…

ყველა ადამიანს თავისი ისტორია აქვს, ისევე როგორც მის წიგნებს.
ბუკინისტებს ამ ბოლო დროს ისინი მირჩევნია, მეტროსა და მიწისქვეშა ჩასასვლელების კიდეებზე რომ გადაშლიან ხოლმე ათასობით წიგნს – კვანტური ფიზიკა და ვეფხისტყაოსანი, ისტორიული მატერიალიზმი და დიეტების კრებული, ჰოროსკოპი და სკკპ-ს სხდომების კრებული…

ჰოდა შარშანდელი წლის მიწურულს რადიო თავისუფლებაში ვიყავი სტუმრად და ”თავისუფლების დღიურები” მაჩუქეს – 2007 და 2008 წლების.
2009 წლის ალბათ ჯერ არ დაუბეჭდავთ. ძალიან მინდა, რომ 2010 წელს მეც მთხოვონ ერთი კვირის ჩაწერა 🙂

ეს ყველაფერი კი იმიტომ გამახსენდა, რომ ვახუშტი კოტეტიშვილის კვირა წავიკითხე 2007-ის ”თავისუფლების დღიურებში” და ძალიან მომეწონა. დავათრევ ამ წიგნს ზევით-ქვევით, ცივ ოთახში მოსაწევად რომ გავდივარ – იქ ვკითხულობ, ტუალეტშიც შემაქვს და იქაც სიგარეტთან ერთად ვეცნობი 🙂
ბოლი თვალებს მწვავს, ამიტომ ცალი თვალი მოჭუტული მაქვს, თავი – ოდნავ დახრილი და ისე ვკითხულობ უცხო და ნაცნობი ხალხის დღიურებს.

საწყალი წიგნი – ხან სიგარეტის ფერფლი ეცემა, ხან წყლის წვეთი (ხელის დაბანისას იღლიაში რომ ამოვიჩრი ხოლმე), ფურცლების კუთხეებიც სულ დაკეცილი აქვს…
მიყვარს, როცა წიგნი ნახმარია.
როცა ეტყობა, რომ ვიღაცას წაკითხული აქვს, და არაერთხელ.

Advertisements

>იცოდით, რომ…

>დღიური, გარდა იმისა, რომ ჩემს ბლოგს ქვია, და ნიშნავს:

ავტორისეული ყოველდღიური ან პერიოდული ჩანაწერები, პირველ რიგში მოთხრობის სახით. ასახულის თანადროული (მემუარებისგან განსხვავებით). ამიტომ დღიურის დამახასიათებელია ჩაწერის თარიღის აღნიშვნა და მისი სინქრონულობა. დღიური მხატვრულ ლიტერტურაში ორი მნიშვნელობით გამოიყენება:

  1. მხატვრული პროზის ჟანრობრივი სახეობა. მისი აღმოცენება დაკავშირებულია სენტიმენტალიზმთან. მას ახასიათებს ავტორისეული თავისუფლება, ასასახავი მასალის შეუზღუდავი კომპოზიციური განლაგება და ავტორის, როგორც დამსწრე-მთქმელის, აზრებისა და შთაბეჭდილებების უშუალობა და თავისუფლება.
  2. სტილისტურ-კომპოზიციური ხერხი. ზოგჯერ დღიურის სახით წარმოდგენილია მხატვრული ნაწარმოების რომელიმე ნაწილი ან ნაწარმოებში ჩართულია ლიტერატურული გმირის დღიური, რომლითაც გადმოცემულია მისი სულიერი ისტორია, თვითდახასიათება, ინტროსპექცია. ასეთი ხერხი აძლიერებს მკითხველისეული აღქმის უშუალობას, ხელს უწყობს გმირის შინაგან სამყაროსთან დაახლოებას.

გარდა ამისა, დღიური თურმე ფართობის საზომი ერთეულიც ყოფილა:

დღიური, ფართობის საზომი ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში; გულისხმობდა მიწის იმ რაოდენობას, რასაც გუთნეული ერთ დღეში მოხნავდა. დღიურის სიდიდეს განაპირობებდა სამუშო დღის ხანგრძლივობა, გამწევი ძალა და ნიადაგის ხარისხი. ქართულ წყაროებში გვხვდება XVI საუკუნიდან. XIX საუკუნეში დღიური 0,39-0,5 ჰა უდრიდა. დღიურის ეკვივალენტური საზომი იყო “დღის მიწა”, რომელიც წყაროებში XIII საუკუნიდანაა დადასტურებული.

მადლობა ვიკიპედიას