>ჩიტების პოსტი

>
გამთენიისას, პლიაჟზე, მიქცევის მერე დარჩენილ პლანქტონს როგორ კენკავენ ჩიტები, გინახავთ? და მერე უკან როგორ მორბიან, ტალღა რომ ეჯახება ნაპირს…

მერე, ტალღა რომ უკან მიდის, ჩიტები კვლავ მისდევენ მის კვალს და კვლავ კენკავენ ნარჩენებს…

ასევე თუ გინახავთ ქართული სანაპირო (სადმე ქობულეთიდან ასე სარფამდე), დილის 6 საათზე, მზე რომ ამოდის, და მარტოხელა უცნობი მოხეტიალეები ზღვაში დაკარგულ და გამორიყულ ნივთებს როგორ ეძებენ?
დიდი ხნის წინ ერთმა ბებერმა მათხოვარმა მომიყვა, რომ ადრე, როცა ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და ჯანი ერჩოდა, ბევრჯერ ოქროს ძეწკვი ან საათი უპოვნია, ან რაიმე სხვა, არანაკლებ საინტერესო ნივთი…

ზოგმა იცის, რა უნდა მოძებნოს, და სად.
ზოგს გონია, რომ იცის, სად უნდა ეძებოს.
ზოგი ეძებს იმ ადგილს, სადაც მერე სხვა რამის ძებნას დაიწყებს…
ალბათ უბრალოდ უნდა ეძებო – ადგილს არა აქვს მნიშვნელობა.

ეძიებდე და ჰპოვებდე.
ან
ვინც ეძებს, ის პოულობს.

დღეს მომიწია დიდხანს ვიღაცის ლოდინი. ვიდექი ხის ძირში და სიგარეტს ვეწეოდი. ჩიტები შევნიშნე, ტროტუარზე რომ დაფუსფუსებდნენ ლუკმა პურის ძებნაში. ხელი ავუქნიე, მერე ფეხიც – ამომხედეს ირონიულად და განაგრძეს ამაო ფუსფუსი. საკვები არსად ჩანდა, მარტო სიგარეტის ნამწვავები. როგორც კი გავიფიქრე, აქ საჭმელს ვერ იშოვნით მეთქი, გამვლელმა ნახევარი ჰოთდოგი დაუგდო…

იპოვნეს 🙂

Advertisements