>ღამის

>მაღვიძარას ხმა.
უეცარი გამოღვიძება სიზმრიდან, რომელიც აღარც გახსოვს.
სიბნელეში გაჩოჩდი ოთახიდან, რამეს ფეხი არ წამოკრა.
სიგარეტი, ტელევიზორის პულტი, სანთებელა, წინდები.
ხო, სწორედ ამ თანმიმდევრობით.
ჩაიცვი ჯემპრი ისე, რომ სიგარეტი პირიდან არ გამოიღო.
წყალი არ მოდის, თვალები გეწებება.
საღეჭი რეზინი, მეორე სიგარეტი.
მხრებში აწურული გადიხარ სახლიდან, ისე ცივა.
არც ისე ადრეა, და არც ისე გვიანია – ზუსტად შუაღამეა (ოღონდ არა 12 საათი, ნამდვილი შუაღამეა).
ცივა-მეთქი.
ნისლი და დაორთქლილი პარპრიზი.
გერიდება, ისეთი სიჩუმეა, და მანქანასაც უჩუმრად აღებ – სიგნალიზაციის წრიპინის გარეშე – ძინავთ, არ გინდა რომ შეაწუხო.
არის რაღაცა იდუმალებით აღსავსე ასეთ ღამეულ მგზავრობებში…
კაციშვილი არაა ქუჩაში, ქალაქს ძინავს, მარტო შენსავით ორი-სამი გიჟი თუ შეგხვდება და ისინიც თვალს გარიდებენ – ეტყობა თითონაც არ არიან მთლად კარგ საქმეზე გამოსულები…
ჯაზს უსმენ, მერე ელექტროზე გადართავ – ცოტა გახალისება გჭირდება.
ნისლისკენ მიდიხარ. ლექსი გახსენდება: ”ყვითლად მოელვარე”…
თეთრი, ყვითელი – რა მნიშვნელობა აქვს, ორივეს რძისფერი დაკრავს.
საქმეა მთავარი, საქმე! აი მორჩები და მოატრიალებ მანქანას.
ერთი სული გაქვს, როდის დაბრუნდები და ჩაწვები ლოგინში.
მერე რა, რომ ისევ ღამე იქნება. და ისევ უწყლოდ და ნამძინარევად იგრძნობ თავს.

Advertisements