>საიუბილეო 3003-ე პოსტი

>
მაშ ასე.

გადავაბიჯე 3000 პოსტის ზღვარს.
რა თქმა უნდა, ამდენი პოსტიდან ერთი 30 თუ გამოერევა კარგი – ჩემი ნაწერი, დანარჩენი სულ ფოტოები, ვიდეოები და ნაყარ-ნუყარია.
ნუ, 30 თუ არა, 300.

დიდი მადლობა, რომ ჩემთან ხართ/იყავით ამდენი ხანი.
და კიდევ რომ იქნებით.
დავწერ კიდე ბევრს.

და საიუბილეო პოსტად რატომ ავირჩიე სამიათასმესამე?
იმიტომ რომ, სამიმეათასეა თუ მესამიათასე – ვერ გავარკვიე (მაგდენი ქართული არ ვიცი).

და კიდევ იმიტომ, რომ 3000-ე პოსტად მილიარდი დოლარის ფოტო დავდე 🙂

და კიდევ იმიტომ, რომ როგორც იქნა, მოვაგვარე: ბევრი პრობლემები სამსახურში, გადაცილებული დედლაინები, პირადი პროექტების დროის მენეჯმენტი, დავა მეზობელთან მანქანის გასაჩერებელ ადგილზე, სხვა მცირედი პრობლემები…

და კიდევ იმიტომ, რომ 3003 უფრო მეტია, ვიდრე 3000 – უფრო შორს არის, უფრო მეტია, უკვე იმ გასულ სამ ათასეულს კი არ ეკუთვნის, არამედ მომავალი, მეოთხე ათასეულის საწყისია…

და კიდევ იმიტომ, რომ არ დამიწერია გასული 2008 წლის შემაჯამებელი პოსტი (იმიტომ რომ ასეთი პოსტების წერაზე დიდი გოიმობა მხოლოდ საკანში ჯდომა და ენის ფხანაა) და იმიტომ რომ ახალი პრემიერ-მინისტრი გვყავს, და იმიტომ რომ ძველები სადღაც ქრებიან (ქართულ ზღაპრებში რომაა: ”იქით წასული ბევრი მინახავს, მაგრამ იქიდან დაბრუნებული არავინო”), და იმიტომ რომ რუსებთან ომი იყო, და იმიტომ რომ ცოლი მოვიყვანე, და იმიტომ რომ ქორწილი არ გადამიხდია და არც გადავიხდი თქვენნაირ გოიმურ, მუცლის ამოყორვის და გატყვრომის გარდა სხვა დანიშნულება რომ არ აქვს, სირობას, და იმიტომ რომ პირველივე სიმღერაზე დამკვრელებს გავუქანებდი თავში ღვინით სავსე ორლიტრიან გრაფინს, და იმიტომ რომ ობამას ჰუსეინი ქვია და იმ ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, რომელიც ჰუსეინებს ორგანულად ვერ იტანდა და სადაც დაიჭერდა, მუსრს ავლებდა, და იმიტომ რომ მსოფლიო ფინანსური კრიზისია, და მანქანები და ბინები გაიაფდა, საჭმელი კი გაძვირდა, და იმიტომ რომ პრემია რატომღაც მარტში მექნება, და იმიტომ რომ კარგი ბიჭი ვარ და იმიტომ რომ არ დაგეზარათ ამდენი სისულელის წაკითხვა?

P.S. ასერგასი ყოფილა თურმე ასორმოცდაათი.

Advertisements